ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

წვერებიანი გოჭი

ჩემს მეზობელ გიორგის გაუთხოვარი მამიდა გარდაეცვალა. ძმისშვილმა საკადრისი პატივი მიაგო მისი შვილების გამზრდელ მამიდას, გასვენებაც ღირსეული გადაუხადა და საფლავიც საკმაოდ მდიდრულად გაფორმებული გაუკეთა.

მალე ორმოცმაც მოუწია. არც აქ დაუხევია უკან გიორგის. 100 კაცი დაპატიჟა და პურმარილიც კარგი დაახვედრა სტუმრებს, ოღონდ ერთი იაღლიში მაინც მოუვიდა, გოჭი გამოდგა ცუდად შემწვარი, რატომღაც წითლად შებრაწული გოჭები რამდენიმე ადგილას ხშირი ბალნით იყო დაფარული. სტუმრებმა გვარიანად ჭამეს და სვეს, გარდაცვლილი მოიგონეს, ოღონდ ეგ იყო, გოჭს არ აკარებდა პირს არავინ.

გიორგის ეს ძალიან უკვირდა და ხშირად მოუწოდებდა სტუმრებს გოჭი მიირთვითო. ამდენი ხვეწნა-მუდარა სოფელში ენაკვიმატობით ცნობილმა ბუხუტიმ ვერ მოითმინა და მასპინძელს დაუძახა:

- გიორგი, მოდი აქ!

- რა იყო ბუხუტი, შენ შემოგევლე, - მივარდა გიორგი.

- ორმოცი დღე ხომ გავიდა უკვე, ჩემო გიორგი, მამიდაშენის გარდაცვალებიდან?

- კი გავიდა, - მიუგო გაკვირვებულმა მასპინძელმა.

- ჰოდა გაგეპარსა მერე ეს გოჭები და ისე შეგეწვა, - არ დაახანა ბუხუტიმაც.

ორმოცს ვინ დაგიდევდათ, მთელი სუფრა გულიანად ხარხარებდა, ხარხარებდა მასპინძელი გიორგიც, რომელმაც გოჭის "არჭამის" საიდუმლოება ამოხსნა.

დათო კაცაძე, ვანი