ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ტემპერამენტიანი კოლია

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს გამრჯე მეურნე კაცი კოლია (სახელები შეცვლილია). კოლია ძალზე ენერგიული და ტემპერამენტიანი იყო. ერთხელ, შუადღისას მისი სახლიდან ჩხუბისა და ყვირილის ხმა შემოესმა მეზობლებს. რა თქმა უნდა, მაშინვე მასთან გაჩნდნენ. ადგილზე მისულთ ასეთი სურათი დახვდათ:

კოლია ამტვრევდა ყველაფერს, ხოლო მისი ცოლი ცისანა კუთხეში იჯდა და ქვითინებდა. საქმე ის იყო, რომ ყანიდან დაბრუნებულ კოლიას, მეუღლემ ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარი უთხრა, რის გამოც გაბრაზებული ქმარი სახლიდან გაგდებითაც კი ემუქრებოდა. ჩაერივნენ მეზობლები და როგორც იქნა დააწყნარეს აღტყინებული ქმარი. როცა ყველაფერი ჩაცხრა, ნათელა (მეზობელი) მივიდა კოლიასთან და ეუბნება:

- კაი ახლა, კოლია, ეს ერთი აპატიე და აწი აღარ გეტყვის უარს.

- ვითომ? - ეჭვით შეხედა კოლიამ, "ატვეჩაი“ ხარ?

- ,,ატვეჩაი"“ ვარ, - ღიმილით უთხრა მეზობელმა და აქ იფეთქა ნათელას ქმარმა:

- რისი ,,ატვეჩაი" ხარ, ქალო, გაგიჟდი?! კიდევ რომ უთხრას უარი ცოლმა, მოვიდეს შენთან და გითხრას, ,,ატვეჩაი"“შენ იყავი და როგორც გინდა მომიგვარე პრობლემაო, რას შვრები მერე?! - ახლა უკვე ნათელას ქმარი გახდა დასამშვიდებელი.

ზირაქი ჯანელიძე, სოფ. ინაშაური

KvirisPalitra.Geშეწყვეტილი სიმღერა

თორნიკე ს-ძე რაიონში ცნობილი ლოტბარი გახლავთ. 80-იანი წლების დასაწყისში, პარტიის რაიკომმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ყველა სოფელს უნდა ჰყოლოდა მომღერალ კოლმეურნეთა გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ სარაიონო ოლიმპიადაში. თორნიკეც ერთ-ერთ სოფელში გაანაწილეს და მომღერალ ქალთა გუნდის ლოტბარობა დაავალეს. რა თქმა უნდა, არ გასჭირვებია

მუსიკალური სმენის მქონე ქალების მოძებნა ჩვენს ლოტბარს, მაგრამ საქმე იმან გაართულა, რომ რეპეტიციებზე დღისით სიარულზე ქალებმა უარი თქვეს, - ოჯახი გვყავს, პირუტყვი, ფრინველები, ამათ მოვლა-დაბინავება ხომ სჭირდებათ, ამიტომ, თუ ღამით იქნება რეპეტიცია, ვივლით, თუ არა და არაო. რაღას იზამდა, შეეგუა თორნიკე ღამით რეპეტიციებს, იმასაც შეეგუა, რომ დარბაზში მომღერალი ქალების ქმრები ისხდნენ, აბა, ღამით ცოლებს მარტო ხომ არ გამოუშვებდნენ?

საქმე თანდათან აეწყო, თუმცა ის კურიოზი თუ ინციდენტი მეხუთე სარეპეტიციო დღეს მოხდა, მაშინ, როცა თორნიკემ ახალი სიმღერა მიიტანა, რომლის ტექსტი ასე იწყებოდა: ,,შენი ძუძუ მიწოვია, შენს მიწაზე გავიზარდე". პირველი, მეორე და მესამე ხმები დაალაგა, ტექსტები ქალებს დაურიგა და დაიწყო:

- აბა, ცისანა, ლიანა, მანანა, შენი ძუძუ, შენი ძუძუ, შენი ძუძუ, ერთად... მიწოვიააა.

რაიო?! ვისი ძუძუ გიწოვიაო?! წამოიშალნენ ქმრები დარბაზიდან. ძლივს გაასწრო სახელგანთქმულმა ლოტბარმა აღშფოთებულ ქმრებს...

გივი, ოზურგეთი