კომუნისტური პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" შედარებითი დახასიათება - კვირის პალიტრა

კომუნისტური პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" შედარებითი დახასიათება

(მსგავსებები და განსხვავებები)

ჩვენი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს კარგად ახსოვს კომუნისტების ეპოქა, დრო, როცა ქვეყანას ერთი პარტია მართავდა. მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა. საქართველომ ბევრი პარტიის მმართველობა გამოიარა, თუმცა რაც დღეს ხდება, ძალიან წააგავს ავადსახსენებელი ეპოქის პერიოდს. ჩვენ მოვიძიეთ მაშინდელი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორი იყო კომუნისტური პარტიის მართვის ფორმა, შევადარეთ დღევანდელ მმართველ პარტიას და აი, რა მივიღეთ:

მაშინ ქვეყანას ერთპიროვნულად მართავდა კომუნისტური პარტია;  დღეს შეიცვალა და ქვეყანას ერთპიროვნულად მართავს "ნაციონალური მოძრაობა".

მაშინ ცეკას მდივანი მაგიდაზე მუშტს რომ დაჰკრავდა, მთელი მთავრობა შიშისაგან ცახცახებდა; დღეს ეს არ შეცვლილა.

მაშინ მინისტრად პიროვნებას რომ ნიშნავდნენ, მისი დახასიათება დაახლოებით ასეთი იყო: დაამთავრა ესა და ეს სასწავლებელი, დაბრუნდა სოფელში და მუშაობა დაიწყო ბრიგადირად, შემდეგ გადაიყვანეს აგრონომად, მთავარ აგრონომად, კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, რაიკომის ინსტრუქტორად, ცეკას განყოფილების გამგედ, დაინიშნოს მინისტრად!

დღეს დახასიათება ასეთია: დაამთავრა უცხოეთის ესა და ეს სასწავლებელი (დიპლომი საჭირო არ არის), არის მოხდენილი გოგონა, აქვს მაღალი ფეხები და ცისფერი თვალები, არის 26 წლის, დაინიშნოს მინისტრად!

მაშინ სამსახურს ვერ დაიწყებდი, კომპარტიის წევრი თუ არ გახდებოდი; დღეს ვერსად იმუშავებ, "ნაციონალების" წევრი თუ არ ხარ.

მაშინ კომპარტიას ჰქონდა მხოლოდ ერთი ტელევიზია; დღეს "ნაციონალებს" აქვთ სამი ტელევიზია.

მაშინ თანამდებობის პირს ბიუროს სხდომაზე რომ დაიბარებდნენ, მისი საქმე წასული იყო; დღეს თანამდებობის პირს ფარული გადაღებით ტელევიზიით რომ აჩვენებენ, მისი საქმე წასულია.

მაშინ გეგმები სრულდებოდა მხოლოდ ქაღალდზე; დღეს ეკონომიკა წინ მიდის ქაღალდზე და ტელევიზიით.

მაშინ იყო პიონერთა ბანაკები უბუჩქებოდ; დღეს არის პატრიოტთა ბანაკები ბუჩქებით.

მაშინ იყო შრომის ორდენი, რომელსაც აძლევდნენ შრომაში მიღწეული წარმატებისთვის; დღეს არის ღირსების ორდენი, რომელსაც აძლევენ ერთ კლიპში მონაწილეობისთვის.

მაშინ იყო ,,ობეხეესი"; ახლა არის "კუდი".

მაშინ პარტიის ხელმძღვანელებს ეშინოდათ ქონების გამოჩენის; დღეს არ ეშინიათ.

მაშინ დიდი რაოდენობით ქრთამს იღებდნენ; ახლა დიდი რაოდენობით პრემიებს იღებენ.

მაშინ ოპოზიციური პარტიები აკრძალული იყო; დღეს არ არსებობს.

მაშინ იყო სიმღერა ,,როცა მოგვიხმობს პარტია"; ახლა არის სიმღერა "მიშა მაგარია".