ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

მოგზაურის ამბები

ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჩვენი მეზობელი გოგი მეზღვაურია. ხშირად დადის კრუიზში და მისი ჩამოსვლა ჩვენი უბნისთვის ყოველთვის დიდი სიხარულის მომგვრელია. გოგი სპეციალურად მისთვის შეკრებილ მეზობლებს დაუზარებლად გვიზიარებს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.

ხან სინგაპურზე გვიამბობს, ხან ფილიპინებზე, ხან ინდოეთზე...

ერთხელაც, კარგა ხნის გაუჩინარების შემდეგ, გოგი უბანში გამოჩნდა და ბრაზილიაში ვიყავიო, გვახარა. მთელი სამეზობლო შევიკრიბეთ. სამი საათი ისე გავიდა, არ გაგვიგია. ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხეთ, რა თქმა უნდა, მამაკაცებმა იქაურ ქალებზეც ვკითხეთ. ძალიან ლამაზები არიანო, გვითხრა გოგიმ. ოღონდ ეგაა, იქ ქალი ან კახპაა, ან ფეხბურთელიო. აქ იფეთქა ერთმა მეზობელმა: - რას ამბობ?! ჩემი ბიძაშვილი ნათია ცხოვრობს იქ 10 წელია. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. - მართლა? და რომელ გუნდში თამაშობს? - არ დაიბნა გოგი.

გიორგი ბაღდავაძე. თბილისი.

KvirisPalitra.Geმართლა სვანი...

სვანებზე უამრავ გამოგონილ ამბავს ჰყვებიან, მაგრამ რაც ქვემოთ უნდა მოგითხროთ, ნამდვილად მოხდა მესტიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. იქ ზაფხულობით დასასვენებლად ხშირად დავდივარ. წელსაც ვიყავი მთელი თვით წასული. ჩემს იქ ყოფნაში მეზობელი, 80 წლის მაიზერ პაპა გარდაიცვალა.

შვილებმა საუკეთესო ქელეხი გადაუხადეს. ქელეხის თავკაცობა ბექნუმ იკისრა. უამრავი სტუმარი მოვიდა და ქალები სუფრის გაწყობას ვეღარ ასწრებდნენ, ამიტომაც კაცები და ბავშვებიც ვეხმარებოდით. ბექნუმ ერთ-ერთ სვან მოზარდს სუფრაზე ნაღვინარი ჭიქების დაცლა დაავალა. ათი წუთიც არ იყო გასული, მოზარდი ბექნუსთან ბარბაცით მივიდა და სლოკინით უთხრა:

- ბექნუ ძია, სუფრის ერთ მხარეს დავცალე, მეტი აღარ შემიძლია, მეორე მხარეს სხვას დაავალეო. საწყალ ბიჭს სუფრაზე რაც ჭიქებში ნარჩენი ღვინო ესხა, ყველა შეუსვამს.

ფ. გეგეშიძე, თბილისი.