"სესხ-ბანკების" ქვეყანა - კვირის პალიტრა

"სესხ-ბანკების" ქვეყანა

მაშინ, როცა ჩემი სამნიშნა ხელფასის პირველმა ციფრმა 8 წლის განმავლობაში ვერ გადააჭარბა ერთიანს, სრულიად სამართლიანად გადავწყვიტე ბიზნესში მეცადა ბედი.

მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ყველა ბიზნესს აუცილებლად სჭირდება საწყისი კაპიტალი, რაც მე, რა თქმა უნდა, არ გამაჩნდა, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემი სამნიშნა ხელფასი ერთიანით იწყებოდა და აღებიდან მხოლოდ 3 დღის განმავლობაში მხდიდა ბედნიერს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, ბანკიდან კრედიტი გამომეტანა. ფიქრი უმალ საქმედ ვაქციე და ტელვიზორში ხშირად რეკლამირებული ბანკისკენ გავწიე.

ბანკი ძალიან ლამაზ შენობაში იყო განთავსებული. იქაურობა სისუფთავისაგან ბზინავდა. შესვლისთანავე თვალით კრედიტოფიცერს დავუწყე ძებნა. სადღაც მეშვიდე სკამზე ერთი ლამაზი გოგონა დავინახე. სხვა ყველა სკამი, თავისი მაგიდითა და კომპიუტერით მოღალატე მეუღლესავით მიეტოვებინა დანარჩენ 6 კრედიტოფიცერს და მხოლოდ განგებამ იცოდა მათი ასავალ-დასავალი.

უდაბნოში ოაზისივით ამოსულ იმ ერთადერთ კრედიტოფიცერ გოგონას მივადექი და რიგში ჩავდექი. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიდა ჩემი ჯერიც. გოგონას წინ დავუჯექი და გავუღიმე, მან ჯერ გაბრაზბით შემომხედა, მერე ეტყობა უცხოელების მიერ ჩატარებული ტრენინგები და იქ ნასწავლი "კლიენტს უნდა გაუღიმოო" გაახსენდა და გამიღიმა.

- კრედიტი მინდა, სამი ათასი დოლარი, - ყოველგვარი წინა პირობის გარეშე ვუთხარი მე ძალად გაღიმებულ ოფიცერს.

- ამისათვის საჭიროა შევამოწმოთ ინფლაციის ბალანსი იპოთეკურ სესხებთან, სადაც გირაო პირდაპირპროპორციული იქნება ბირჟაზე შექმნილი ფასისა და დევალვაციისა, - ეს სიტყვები წარმოთქვა და მორცხვად შემომხედა.

კრედიტოფიცრისაგან ასეთ სიღრმისეულ ცოდნას არ ველოდი და აღტაცებისაგან ტაშიც შემოვკარი. მერე ისევ გავუღიმე და ვუთხარი:

- ეჰ, რა დრო დადგა, თორემ შენ ეკონომიკის მინისტრი არ უნდა იყო?

ლამაზ ბანკირს ეტყობა ამ საკითხზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი, ამიტომ ღრმად ამოიოხრა, ლამაზი ფეხები ერთმანეთზე მოხდენილად გადააჯვარედინა, მიამიტი ცისფერი თვალები მომაპყრო და თქვა:

- რას იზამ, ზოგს აქვს ბედი, ზოგს არა...

მე კი მივხვდი, რომ ახლა ლაზღანდარობის დრო არ იყო და დავსერიოზულდი:

- როგორ გამოვიტან სესხს? - შევეკითხე.

- მარტივად, - მიპასუხა მან - ჩვენთან სესხი ძალიან მარტივად კეთდება. საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა, ხელფასის ცნობა, ბანკში ანგარიშზე ფული და მინიმუმ  4-ოთახიანი ბინა კაფელ-მეტლახში ჩასმული ვანა-ტუალეტით.

- ლოჯია? - ჩავეძიე მე.

- ლოჯიაში აუცილებელია იატაკად ლამინატი და მეტი არაფერი.

მე ჩემი ოროთახიანი ბინა გამახსენდა. კიდევ გამახსენდა ჩემი მეზობელი, რომელიც ხშირად ამოდიოდა ჩემთან და მეჩხუბებოდა - წყალს რატომ უშვებო. ჩემი ზამბარაამოგდებული დივანიც გამახსენდა და ბრეჟნევის დროს დაგებული პარკეტიც. გოგონა ნოსტრადამუსივით ჩასწვდა ჩემს ფიქრებს და დამამშვიდა:

- ნუ დარდობთ, მთავარია ძირითადი საბუთები მომიტანოთ, ბინაზე შეღავათს გაგიწევთ.

ბევრი არ მიფიქრია. მაშინვე მეგობართან გავეშურე, რომელსაც საკუთარი ფირმა აქვს. შეშლილი სახით შევვარდი მის კაბინეტში და ჩვენი ძმობა დავაფიცე.

მეგობარმა ერთი პირობა გადაწყვიტა, რომ გავგიჟდი, მერე ეტყობა კარგად დამაკვირდა და იეჭვა, რომ ვიღაც გარდამეცვალა, თუმცა მე ამდენი მარჩიელობა აღარ დავაცადე და ჯიქურ ვუთხარი:

- "ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი!" ან "გული მივცეთ გულისათვის, მეგობრობა გზად და ხიდად!" - ხომ გაგიგია?

ფირმის მფლობელი უბედურების მოლოდინში დადუმდა, მე კი განვაგრძე:

- შენი ფირმიდან 40.000 ლარი უნდა გადარიცხო ჩემს ანგარიშზე მხოლოდ 2 დღით, ბანკში ვაჩვენებ და დაგიბრუნებ.

მეგობარმა მძიმედ ამოიოხრა და დახმარებას დამპირდა. პირველი საკითხი ადვილად მოვაგვარე. ახლა სამსახურიდან ცნობა იყო საჭირო, რომ ჩემი ხელფასი 3.000 ლარია, ამიტომ ბუღალტერს მივადექი. შესვლისთანავე "უძღები შვილივით" მუხლებში ჩავუვარდი და ვთხოვე, რომ მოეცა ცნობა, სადაც ჩემი ხელფასი 3 ათას ლარს შეადგენდა. ბუღალტერმა ამათვალიერა, მერე ფეხზე წამომაყენა და მითხრა: რა  გჭირს, ვაჟკაცი არა ხარ? რად გინდა ასეთი ცნობა, სიდედრს გინდა აჩვენო?

მივხვდი, რომ ახლა დიპლომატია იყო საჭირო და ურცხვად მოვიტყუე

- დიახ, სიდედრს მინდა ვაჩვენო. დამეხმარებით?

ბუღალტერს ცრემლები მოერია, მწარედ ამოიკვნესა, მესმის შენი, ძმაოო, ჩაილაპარაკა და გადამეხვია;

რამდენსაც გინდა, იმდენს ჩაგიწერ, ყველა სიდედრი ერთნაირია! - ლუღლუღებდა ცრემლმორეული და თან ცნობას წერდა.

Eსულ მალე 5.000-ლარიანი ცნობა მზად იყო.

ბანკში მივედი. კრედიტ-ოფიცერი გოგონა ტელევიზორში ვერა ქობალიას გამოსვლას უყურებდა და ცრემლებს ღვრიდა. ჩემს დანახვაზე ცრემლი შეიმშრალა და საბუთებს ჩაუჯდა. რამდენიმე წუთიც და 2.300 დოლარი დამიმტკიცეს (უფრო მეტისთვის ანგარიშზე 100.000 უნდა მქონოდა).

მართალია, ამ 2.300 დოლარში ორ წელიწადში 1.800 დოლარი ზედმეტი უნდა გადამეხადა, მაგრამ სესხის დამტკიცება ისე გამიხარდა, მაღალი პროცენტი აღარ მანაღვლებდა. საბუთებს გადავხედე, სადაც სესხის დამტკიცების მიზეზები იყო განმარტებული და გამეცინა. მინდა, მისი მოკლე შინაარსი თქვენც გაგაცნოთ:

"მიეცეს მოქალაქეს სესხი იმის გამო, რომ მას არ უჭირს მატერიალურად, აქვს ბანკში სოლიდური რაოდენობის თანხა. ხელფასი იმდენი აქვს, რომ ათ ოჯახს არჩენს. ცოტათი ბინა კი აქვს შელანძღული, მაგრამ ამას თავისი ავანგარდისტული ბუნებით ხსნის. სესხი უნდა ბიზნესის დასაწყებად და ხალხის დასასაქმებლად, რადგან მხოლოდ პირადი კეთილდღეობა არ აკმაყოფილებს. ბარაქალა ასეთ ადამიანებს!"

ასე ავიღე, ბატონებო, სესხი. მარტივად და ყოველგვარი წინა პირობის გარეშე. ის ფული მალევე დავხარჯე და ხელფასიც ორნიშნა ციფრზე ჩამომივიდა. სამაგიეროდ, მაქვს ცნობები, რომ ვარ მდიდარი.