"ამირანი ზაზა - რომ დალევს, გიჟდება და ჯაჭვით აბამენ" - ქართლური იუმორის მარგალიტები - კვირის პალიტრა

"ამირანი ზაზა - რომ დალევს, გიჟდება და ჯაჭვით აბამენ" - ქართლური იუმორის მარგალიტები

მალფუჭებადი ვასო, გასხლული პეტრე, ხრუშჩოვკა ბესო და ციანიდა ლამარა

შერქმეული მეტსახელების თემა იმდენად პოპულარულია, რომ სოციალურ ქსელში ათიათასობით ნახვა აქვს. მეტსახელები ძირითადად, კახეთის სოფლებშია გავრცელებული. "კვირის პალიტრის" რესპონდენტი, ჩვენი კოლეგა და სურამის კოლორიტი გოგი გოგოლაძე მიიჩნევს, რომ კახელებს იუმორში არაფრით ჩამორჩებიან ქართლელები და ამის დასტურად მის მიერ მოგროვილი მეტსახელების ნუსხას წარმოგვიდგენს.

- რატომღაც ფიქრობენ, რომ ქართლი იუმორში ცოტა მოიკოჭლებს, არადა, ნამდვილად არ არის ასე. აი, თუნდაც სურამის მაგალითს მოვიყვან: სურამში ქართველებთან ერთად წლების განმავლობაში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. მათი იუმორი ხომ განთქმულია, ბინადრობენ სომხებიც. აქ გაკეთდა ნაზავი ქართულ-ებრაულ-სომხური იუმორისა. ჩვენთან ისეთი ტერმინოლოგიაც არსებობს, რომელიც სურამის იქით ბევრმა არც იცის, მაგალითად,"შოტე.

- რას ნიშნავს? - შოტე გიჟსა და ჭკვიანს შორის მყოფია, მოკლედ, ცოტა დაცურებული რომ აქვს სახურავი, ეგეთი ტიპია. როდესაც ერთ-ერთი პრეზიდენტი მოვიდა ხელისუფლებაში, ცოტა ხნის შემდეგ რამდენიმე სურამელმა დაასკვნა, - გოგი, ეს პრეზიდენტი, მგონი, შოტეაო. გავიდა კიდევ 6 თვე და რომ შევხვდით, ამჯერად უკვე გადაჭრით მითხრეს, - ეს ჩვენი პრეზიდენტი შოტე კი არა, ორშოტეაო, დაუმძიმეს.

სურამში ერთი ცნობილი ებრაელი მექუდე იყო, დანიელი, რომელიც შინ კერავდა ქუდებს, თან ოჯახი ვაჭრობდა. ერთხელ კლიენტი მისულა მის ცოლთან და ევაჭრება, დამიკელი ცოტაო, ქალი ცოცხალი თავით კაპიკს არ უკლებს. ამ დროს დანიელს ქუდის კერვა დაუსრულებია და ნარჩენების ხვეტით გამოდის. კლიენტმა რომ დაინახა, ქალს რა ველაპარაკო, კაცი არა ხარ, მომეშველე, უთხარი, დამიკლოსო, სთხოვა. კაცი რომ ვიყო, ცოცხი მეკავებოდა ხელშიო?! - უპასუხია თავაუწევლად.

გეხსომებათ, წლების წინ სურამში დიდი წყალდიდობა მოხდა. მას შემდეგ ორი დღეა გასული და დილაადრიან ორი გვარიანად"ნასვამი სურამელი გადაეყარა თანადაბელებს. უსაყვედურეს, რა უბედურებაა, ამ უთენია, რა აღნიშნეთო?! წყალკამკამობაო, წყალდიდობის შემდეგ ეს მოიმიზეზეს მთვრალებმა.

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვაგროვებდი სასაცილო მეტსახელებს, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება კახურებს, ამაში მკითხველიც დარწმუნდება:

ბაში-აჩუკა ბიკენტი - ტყუპი და ჰყავდა და ორივე თურქეთში გათხოვდა.

ციანიდა ლამარა - შხამიანი ენა აქვს.

შაჰ-აბასა გურგენა - ვენახი გაჩეხა და თხილი გააშენა.

იაზონა გოგია - ფოთელი მედიკო მოიტაცა და ცოლად შეირთო.

მიშენია კაკო - სამამულო ომიდან დაბრუნდა, 29 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და გადარჩა.

მალფუჭებადი ვასო - თვეში ორჯერ-სამჯერ გაცივებულია და სულ ექიმებთან დარბის.

გუგული კობა - რუსეთის სამ სხვადასხვა ქალაქში სამ ქალთან სამი შვილი ჰყავს, საქართველოში კი ცოლთან შვილი არ შეეძინა.

სინოპტიკოსა ბადრი - რევმატიზმი აქვს და თუ სახსრებმა "მტვრევა დაუწყო, შეუცდომლად ხვდება ამინდის ცვლილებას.

ორასოცა ჯუმბერა - ელექტრომონტიორია.

გასხლული პეტრე - ცალი თვალი, ცალი თირკმელი და ცალი ფილტვი არა აქვს.

სარეველა სოსო - ნული სარგებელია მისგან.

ამირანი ზაზა - რომ დალევს, გიჟდება და ჯაჭვით აბამენ.

სამსართულიანი გუჯა - 2 მეტრი და 5 სანტიმეტრია სიმაღლეში.

ამხანაგი თაზო - დღემდე კომუნისტებს მისტირის.

ფიფქია ლერი - ნახშირივით შავია.

ხრუშჩოვკა ბესო - ძალიან დაბალია.

პანდა ელგუჯა - ახალგაზრდაა, მაგრამ რატომღაც ნახევრი თავი გაუჭაღარავდა.

კენტავრა ზაზა - როცა დათვრება, სახლში აღარ მიდის, სოფელში რომელიმე ხეს მიეყუდება და ზეზეულად სძინავს.

ქალწული შოთა - 80 წლისაა და უცოლოდ დაბერდა.

ჯვარიმწერია ბონდო - "სასწრაფოს" მძღოლია და არავის უნდა, მისი მანქანა თავის სახლთან გაჩერებული იხილოს.