"ერთადერთი "დუბინკები" დარჩა იგივე" - კვირის პალიტრა

"ერთადერთი "დუბინკები" დარჩა იგივე"

გავა ოცი წელი და ჩვენ თუ ისევ ჟურნალისტები ვიქნებით, ავალთ კუს ტბაზე და ინტერვიუს ავიღებთ ვანო მერაბიშვილისაგან, რომელიც ჩვენს მისვლაზე შეწყვეტს ერეკლე კოდუასთან ნარდის თამაშს.

ამას იმიტომ გიყვებით, რომ ოცი წლის წინ ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ წარმოიდგენდა რომან გვენცაძეს და დავით ზეიკიძეს კუს ტბაზე მონარდეებს. ჩვენი ინტერვუი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ რომან გვენცაძესთან სწორედ იქ შედგა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პოლიციაზე, ახალ კანონებზე და ასე შემდეგ.

- ბატონო რომან, ამბობენ, მოგწონთ პოლიციის რეფორმა...

- ხელისგულზე დადებულივით ჩანს, რომ დღეს ბევრად უკეთესი ვითარებაა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ქუჩაში უსაფრთხოდ გავლა და მანქანის გაჩერება შეიძლება. ადამიანების გატაცება არ არის. ერთი სიტყვით, ყველა სახის დანაშაული შემცირებულია. ის უფლებები, რაც დღეს ძალოვანი უწყების თანამშრომლებს აქვთ, შეიძლება ვინმეს გადაჭარბებული ჰგონია, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა.

- კი მაგრამ, შევარდნაძის დროს არ იყო ეს უფლებები?

- არა. მაგალითად, მაშინ დაკავების პერიოდები შეამცირეს, 3 დღე-ღამიდან 48 საათამდე ჩამოიყვანეს. ეჭვმიტანილს განყოფილებაში ვერ გააჩერებდი, ჩხრეკას ვერ ჩაატარებდი და უამრავი დეტალი იყო. თანაც კორუფცია ყვაოდა.

- ფულს იხდიდნენ და ციხიდან გამოდიოდნენ?

- ეგეთებიც ბევრი იყო.

- ახლა ეს კანონის ფარგლებშია, რომან ბატონო. საპროცესო გარიგების შემთხვევაში იმდენი თანხებია გადასახდელი...

- საპროცესო გარიგება ჩემს დროსვე შევცვალე საპროცესო შეთანხმებით... იცით, ერთ დღეში ყველაფერი ვერ მოგვარდება. თანდათან დამყარდება წესრიგი და ისეთი დრო დადგება, საპროცესო შეთანხმება არ იქნება და კანონებიც უფრო ლოიალური იქნება.

- როდის? მასე ამბობენ 20 წელია.

- ძალიან მალე. შეიძლება მე ვერ მოვესწრო, მაგრამ ახალგაზრდები მოესწრებით.

- კარგი, ახალ ინიციატივაზეც უნდა გკითხოთ, "გონივრული ეჭვი" როგორ მოგწონთ?

- "გონივრული ეჭვის" საფუძველზე ადამიანის გაჩხრეკას მეც არ ვეთანხმები. მართალი გითხრათ, ვერ გავიგე, რას ნიშნავს ეს "გონივრული ეჭვი"... ჩვენს დროს ასეთი რაღაცები არ იყო, ეჭვი თუ გვქონდა, ვაკავებდით.... თუ დამნაშავე არ იქნებოდა, ბოდიშს მოვუხდიდით და გავუშვებდით... ახლა კი გამოდის, რომ უნდა დაფიქრდე, დამნაშავე იქნება თუ არა და მერე უნდა იმოქმედო.. ბოლო დროს ნამდვილად არ ხდება იმ რაოდენობის დანაშაული, რომ პოლიციელს კიდევ დამატებითი უფლება მიენიჭოს. თუ ნარკომანია და ხედავ, რომ წაქცევაზეა, რად უნდა ფიქრი, მოჰკიდე ხელი და წაიყვანე...

- მართალი ბრძანდებით, ეჭვი, ყოველთვის ეჭვია, მაგრამ ახლანდელმა პოლიციელებმა ინგლისური და კომპიუტერი იციან, ანუ უფრო გონიერები არიან და ამიტომაც დაარქვეს "გონივრული ეჭვი".

- კი ბატონო, ახლანდელი პოლიციელები უფრო განათლებულები არიან, მაგრამ არ სჭირდება ეს კანონი სახელმწიფოს. წესრიგი იმდენად არის დამყარებული, რომ ქუჩაში გამვლელის გაჩერება ნამდვილად არ არის საჭირო... კომუნისტების დროს "რეიდს" ვიგონებდით, გადავკეტავდით მთელ ქალაქს და კაცს, ქალს, მანქანასა და ურემს ყველაფერს ვჩხრეკდით. დღეს კი ახალი ბერკეტების შემოღება ზედმეტი მგონია.

- ბატონო რომან, თქვენ იყავით შს მინისტრი, მერეც ბევრი იყო, მაგრამ მერაბიშვილს ყველაზე მეტად "გაუმართლა". როგორ ფიქრობთ, ერთი კაცის დამსახურებაა ყველაფერი?

- არა, რას ამბობთ, ერთი კაცი ნამდვილად ვერ გადაწყვეტს ყველაფერს, ეს არის კოლეგიალური ორგანო, სადაც გამოცდილი კადრები ერთად სხდებიან და გადაწყვეტილებებს იღებენ.

- გამოცდილი კადრები?

- ჰო, რა გაგიკვირდათ? იქ უკვე გაიზარდნენ კადრები. კარგი ოპერმუშაკი რომ დადგეს, ადამიანმა 5-6 წელი უნდა იმუშაოს... თაობათა ცვლა უნდა წავიდეს და ახალი კადრებიც უნდა გაიზარდოს, აბა, მე რომ მივიდე ახლა იქ, რა უნდა გავაკეთო, ეჭვმიტანილს გავეკიდები?!

- მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა მინდა შეგახსენოთ. ავტოსაგზაო ჯარიმები. ადრე დაარღვევდი, მისცემდი ავტოინსპექტორს 2 ლარს და გიშვებდა, ახლა 50-ლარიან ჯარიმას გვახდევინებენ...

- პარკინგების ფასები რომ გაზარდეს, მეც წინააღმდეგი ვარ, იმიტომ, რომ ძალიან უჭირს ხალხს. ძვირიან საწვავს ასხამენ და მათთვის 50 ლარი დიდი ფულია. ლამის შიმშილობს ხალხი და ასეთ რაღაცებს უნდა მოერიდოს ხელისუფლება... ასევე არ მომწონს ღვედები ქალაქში. თუ ადამიანი თავის ჭკუაზე არ არის, ის ისედაც "მიხედავს თავს", მტკვარში გადავარდება...

- მოსმენების თემაზეც მინდა გკითხოთ, თქვენს დროს არ იყო მოსმენები, ახლა კი ამ მექანიზმით საქმეები იხსნება ან პირიქით...

- ჩვენს დროს არ იყო მოსმენები, პოლიციას მოსმენა აკრძალული ჰქონდა, მაგრამ რაღაც შემთხვევებში ვაკეთებდით; - მაშინ იყო "ლიტერი 1", რაც ტელეფონის ჩართვას გულისხმობდა, "ლიტერი 2" კი ე.წ. "ჟუჩოკის" დაყენებას, მაგრამ ამის გაკეთების ნებართვისთვის თხოვნით მივმართავდით უშიშროებას, "სუკს" და "კა-გე-ბეს"... არც საკანში დამონტაჟების უფლება გვქონდა. კანონი თუ გაძლევს საშუალებას და აპარატურაც ხელს გიწყობს, რატომ არ მოუსმენ? ახალი ტექნოლოგიები კი არა, მაშინ შენობის შეთეთრების საშუალებაც არ გვქონდა...

- ბატონო რომან, პოლიციური ტექნოლოგიები რომ დაიხვეწა, ვხედავთ, მიტინგების ტექნოლოგიები თუ მიდის წინ?

- ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. მიტინგები მანამ იქნება, სანამ ადამიანი იარსებებს.

- და "დუბინკებიც", ხომ?

- რა თქმა უნდა, მაგას მართლა ვერაფერი შეცვლის.  ერთადერთი "დუბინკები" დარჩა იგივე.