"ოღონდ ჩემი გოგოები ქალაქელ ბიჭებზე გამათხოვებინეთ და მე ვიცოდე თქვენი პატივისცემაო" - კვირის პალიტრა

"ოღონდ ჩემი გოგოები ქალაქელ ბიჭებზე გამათხოვებინეთ და მე ვიცოდე თქვენი პატივისცემაო"

ქალბატონს, რომელიც გასულ ზაფხულს რაჭის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში გავიცანი, უცნაური სახელი - ლუშიკო ჰქვია. როცა ამ სახელის წარმოშობისა და სადაურობის შესახებ ვკითხე, მწარედ ამოიხვნეშა:

- სხვა რა გამოიმეტა ბედისწერამ ჩემთვის ნორმალური, რომ სახელი მაინც შეერჩიათ მშობლებს ადამიანური? მეტიჩარა და პრანჭია დედა მყავდა: ჩემს შვილს ყველასგან განსხვავებული უნდა ჰქონდეს ყველაფერი, მათ შორის, სახელიცო და იმას შეურჩევია... დატანჯული ვყავდი პატარაობიდანვე, ისე მაცმევდა და მვარცხნიდა, უცხოპლანეტელის ნაშიერს უფრო ვგავდი, ვიდრე ჩვეულებრივ ბავშვს. თანატოლები აშკარად დამცინოდნენ და ვტიროდი, მაგრამ დედას არაფრის გაგონება არ სურდა: შურთ შენი, ასეთი კარგი რომ მყავხარო და მორჩა! ალბათ, ასეთი დამოკიდებულების შედეგი იყო, რომ მოზარდობაში ჯიუტი და თავნება გავხდი, მშობლები ვეღარ მიმორჩილებდნენ და რამდენჯერმე სახლიდანაც კი გავიქეცი. საბოლოოდ, თხუთმეტი წლის ასაკში, ქალაქის პარკში შემთხვევით გაცნობილ ბიჭს იმავე დღეს ცოლად გავყევი და არც კი მიკითხავს, სად მივყავდი, სახლი ჰქონდა თუ არა?

ჩემი მომავალი ქმარი კი სოფლელი ბიჭი აღმოჩნდა, რომელსაც ისე ჰქონდა მობეზრებული სოფლური ყოფა, რომ ვუთხარი, დედისერთა ვარ-მეთქი, ამას დახარბებია: ეგონა, ქალაქელები ჩაისიძებდნენ და გალაღებულს აცხოვრებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. მამა ისე გააბრაზა ჩემმა საქციელმა, როცა მიპოვა და დარწმუნდა, ცოცხალი ვიყავი, მკაცრად მითხრა: ჩათვალე, რომ ჩემი შვილი აღარ ხარ, მოვკვდები და აღარ გაგიკარებო... ასეც მოხდა და ისე გარდაიცვალა, აღარც სოფელში ჩამოსულა ჩემთან და აღარც დედა გამოუშვია ჩემს სანახავად. საბოლოოდ კი, სახლიც და მთელი თავისი ქონებაც თავის ძმისშვილს დაუტოვა და დაგვტოვა პირში ჩალაგამოვლებული, მეც და ქალაქურ ცხოვრებას დახარბებული ჩემი ქმარიც. ზოგჯერ ვეჭვობ, რომ ნაშვილები ვყავდი, თორემ ასე იოლად როგორ გამიმეტეს და მომიშორეს თავიდან?! კიდევ კარგი, ჩემი ქმრის ოჯახი პატიოსანი და ალალი ხალხი აღმოჩნდა, რძლად მიმიღეს და მიპატრონეს, თორემ მართლა არ ვიცი, სად და როგორ დავამთავრებდი ცხოვრებას...

...ლუშიკოს ოჯახს სოფლად დიდი მეურნეობა აქვს. ზაფხულში დასასვენებლად ჩასული ქალაქელები მათგან ვყიდულობდით რძის პროდუქტებსაც, კვერცხსაც და ხორცსაც. დავურეკავდით ტელეფონზე, მივცემდით შეკვეთას და ერთ საათში თავად მოგვართმევდა ყველაფერს. ყავა უყვარს ძალიან და არასოდეს გვეუბნებოდა უარს მიპატიჟებაზე. ჩამოვჯდებოდით ეზოში, ტალავრის ქვეშ და გვიყვებოდა უამრავ საინტერესო ამბავს. თავისი გაჭირვების შესახებ კი ყველაზე ხშირად გვეწუწუნებოდა და დახმარებასაც გვთხოვდა:

- ჩემი ქმრის ოჯახში არც არასოდეს მომშივებია და არც შემციებია, მაგრამ იოლად არაფერი მოგვცემია. რაც აქ ჩამოვედი, მას შემდეგ ვირულ შრომაში ვარ. ამიტომ ვგავარ ასაკოვანს, თორემ ორმოცდაათისაც არ გახლავართ ჯერ (ცოდვა გამხელილი ჯობს და სამოცს კარგა ხნის გადაცილებული მეგონა, ისე ჰქონდა კანი დანაოჭებული ხელებსა და სახეზე). ახია ჩემზე, რაც დამემართა, მაგრამ არ მინდა, ქალიშვილებიც ჩემს დღეში ჩავყარო. ბავშვობიდანვე "ვაშინებდი", რომ თუ სოფელში გათხოვდებოდნენ, კარგი არაფერი ელოდათ და მართლა დამიჯერეს, მაგრამ ამასობაში უფროსმა ოცდაათს გადააცილა და არც ტყუპს უკლია ბევრი ოცდაათამდე. მოვიკალი თავი და ბინაც ვუყიდე შვილებს თბილისში, რომ იმ ბინის ხათრით მაინც მოენდომებინა ვინმე ქალაქელს მათი შერთვა, მაგრამ დაწყევლილებივით, მხოლოდ სოფლელები თუ დაინტერესდებიან, რომლებსაც მშობლები და ოჯახები ჰყავთ მისახედი რაიონებში...

ჩვენც გავჯიუტდით და ჩემი შვილების ბედიც. მიშველეთ რამე, ოღონდ ჩემი გოგოები ქალაქელ ბიჭებზე გამათხოვებინეთ, წელში გამართულ ოჯახებში და მე ვიცოდე თქვენი პატივისცემა! - გვემუდარებოდა ყოველდღე და ჩვენც ვპირდებოდით, რომ გავიკითხავდით საახლობლოში მათთვის შესაფერის ბიჭებს...

არადა, ლუშიკოს ქალიშვილები სულაც არ არიან ცუდები: არც სიმაღლეს უჩივიან თითქმის ორმეტრიანები და არც წონას - ას კილომდე ბევრიც არ ეკლებათ. ლოყებიც წითლად აქვთ დაბრაწული და მე თუ მკითხავთ, სწორედ სოფელშია მათი ადგილი: არც შრომა გაუჭირდებათ და არც ოჯახების გამართვა-ფეხზე დაყენება, მაგრამ ლუშიკოს სოფელს ვერავინ უხსენებს, სამწუხაროდ...

ინგა ჯაყელი ჟურნალი "გზა"