ინდ. მეწარმიდან ინდ. მოწამემდე - კვირის პალიტრა

ინდ. მეწარმიდან ინდ. მოწამემდე

მინდა მოგახსენოთ, რომ 10 წელია ინდ. მეწარმე ვარ, მაქვს სურსათის პატარა მაღაზია და ვვაჭრობ, ერთი პატარა სალარო აპარატიც მაქვს, სადაც ნავაჭრ საქონელს ვატარებ და ასე გამყავს მურტალი წუთისოფელი. ხანდახან მაღაზიაში ჩემი ცოლი მოდის, 40 ლარს კიდევ ვერ გადასცდიო? - შემეკითხება და როცა ჩემს უიმედო თვალებს დაინახავს, იქედნური ღიმილით ტოვებს იქაურობას.

ერთ დღესაც, როცა ჩემი იქედნურღიმილიანი ცოლი ახალი წასული გახლდათ, მაღაზიაში ვიღაც კაცი მოვიდა, ჩაცმულობით ლოთს ჰგავდა 15-წლიანი გამოცდილებით. შემოსვლისთანავე ჯერ მე დამზვერა ჯეიმს ბონდისეული მზერით, მერე სალარო აპარატი შეათვალიერა, ბოლოს კი არეული ნაბიჯებით დახლს მოადგა და ასანთი ხომ არ გაქვთო, იკითხა. მე უხმოდ გავუწოდე ასანთი და ჩეკიც ამოვწერე. ლოთმა ერთხანს მიყურა, მერე ცრემლები წამოუვიდა, ტანსაცმელი გაიძრო და ერთ წუთში კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილ ადამიანად გარდაიქმნა:

- მე საგადასახადოდან ვარ, ძმაო, - მითხრა მან - საუბედუროდ, შენ იმედი ვერ გამიმართლე და ჩეკი ამოწერე, ეტყობა, მეთოდები დამიძველდა, სანამ კავბოის ფორმას არ ჩავიცვამ, ამ ხალხს ეტყობა, ჩეკის არამოწერას ვერ ვასწავლი. დაიწვა ჩემი გაჩენა, - ამოიკვნესა ბოლოს და ნაღვლიანი მიმიკით მაღაზია დატოვა.

ამ ამბიდან ზუსტად 6 დღე გავიდა და ზემოთ ხსენებული მოხელე ისევ მოვიდა ჩემთან, თვალები სიხარულისგან ჯულიეტას აივანზე ასული რომეოსავით უპარპალებდა. შევატყვე, ვიღაც ჰყავდა დაჯარიმებული.

- გამარჯობა, მეგობარო, - მომმართა მან მხიარული ხმით - მინდა გახარო, რომ კანონი შეიცვალა და თქვენ თავიდან უნდა დარეგისტრირდეთ ინდ. მეწარმედ.

- კი მაგრამ, მე ხომ ვარ ინდ. მეწარმე? - არ შევეპუე მე.

- ძმაო, საჭმელს ერთხელ რომ შეჭამ, მეორედ აღარ გინდა? - რკინისებური ლოგიკით გამაჩუმა შემოსულმა და თვალები დამიბრიალა.

რა უნდა მექნა, წავედი იქ, სადაც ინდ. მეწარმის ცნობას იძლევიან, გამოგიტყდებით და იქაურობა მართლა ძალიან მომეწონა, ყველაფერი კომპიუტერზე, სისუფთავე, წესრიგი. ცნობა ავიღე სულ რაღაც 21 ლარად და მალევე უკან წამოვედი. მაღაზიაში მისულს მოხელე კართან დამხვდა, გვერდით მაღალი ზორბა კაცი ეყენა.

- როგორც იქნა, მოხვედი, - დაიძახა მან ჩემს დანახვაზე - ეს კაცი გაიცანი, ბუღალტერია, დღეიდან ყოველი თვის ბოლოს გიწარმოებს ბუღალტერიას, სულ რაღაც 30 ლარს მისცემ და ეგაა.

მე ბუღალტერი შევათვალიერე, რომელიც სამბოს მოჭიდავეს უფრო ჰგავდა მძიმე წონაში, ვიდრე ბუღალტერს და დავთანხმდი.

გავიდა კიდევ 5 დღე, და აღნიშნული მოხელე ისევ მოვიდა.

- შენ, კაცო, რომელი სალარო აპარატი გაქვს? - არც მომესალმა, ისე დამისვა შეკითხვა.

- მე მაქვს... რუსულია მგონი.

- და რამდენციფრიანია?

- არ ვიცი.

- ჰოდა, რომ არ იცი, გამოსაცვლელია ეს აპარატი, უფრო სწორად, ჩიპია ჩასადგმელი შიგ, სულ რაღაც ასი ლარი ღირს, აბა, გაიქეცი და ჩაადგმევინე ახლავე. რა უნდა მექნა, მაღაზია ისევ დავკეტე და წავედი.

- ისე, ჯობია, ახალს თუ იყიდი, მაინც რუსულია ეგ და.. ნოღაიდელთან მეგობრობაზე, ბურჯანაძესთან ფარულ გარიგებაზე და გიორგაძესთან კავშირებზე არ შემოგედავონ. აგერ თურქეთი დავიმეგობრეთ ამ ბოლო დროს და მაგ ქვეყნის იყიდე, - მირჩია მოხელემ. გავითვალისწინე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი, გავიხსენე ჩემი ოპოზიციონერი მეზობელი, რომელიც ციხეში იჯდა გონივრული ეჭვის საფუძველზე და თურქული ვიყიდე. უკან სწრაფად გამოვბრუნდი, ის-ის იყო, მაღაზია უნდა გამეხსნა, რომ შუა საუკუნეებში ინკვიზიციაზე დასაწვავი ჯადოქარივით საგადასახადოს მოხელე ჩემ წინ გაჩნდა და მითხრა:

- საგადასახადოში გაატარე ახალი აპარატი?

მე სახეზე შემეტყო, რომ არაფერი მსგავსი გაკეთებული არ მქონდა, რა უნდა მექნა, ისევ დავკეტე მაღაზია და საგადასახადოში გავიქეცი, სულ რაღაც 20 ლარი გადავიხადე (ოთახი იქაც კომპიუტერიზებული იყო) და ისევ დავბრუნდი. გავიდა კიდევ 5 დღე და მოხელე ისევ მოვიდა, კარგა ხანს ათვალიერა იქაურობა, ბოლოს თავში ნახსენებ ასანთს დაადგა თვალი და ნიშნის მოგებით მითხრა:

- ძმაო, შენ კანონები არ იცი, ყველაფერზე ფასები უნდა გეწეროს, სად გიწერია ასანთზე ფასი, დამანახე აბა?

რაც არ ეწერა, როგორ დავანახებდი, მოხელემაც დიდი ფურცელი ამოიღო, მაღაზია დამილუქა და ჯარიმა გამომიწერა. გამოწერისას ვატყობდი, რომ სიამოვნებას იღებდა და პროცესს ახანგრძლივებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაამთავრა, ეშმაკურად შემომხედა და ჯარიმის ფურცელი მომაწოდა.

- აბა, გაიქეცი ახლა ბანკში და გადაიხადე, შე ურჩო მეწარმევ, შენ, - ეს უკანასკნელი ფრაზა იუმორით მითხრა.

ყველა პროდუქტზე ფასი დავაწერე, სალარო აპარატი თურქული მაქვს, საგადასახადოში დავრეგისტრირდი ორჯერ, ინდ. მეწარმედ სამჯერ (კანონის მიხედვით, ყოველ ბუნიობას თითო დარეგისტრირება ხდება), ბუღალტერს ფულსაც ვაძლევ და როგორც თვითონ ამბობს, ჩვენი ძმობის დასამტკიცებლად თვეში ორ ყუთ ლუდს მისვამს.

მიუხედავად ამისა, საგადასახადოს მოხელე თემურ ლენგივით წავა, მოვა, წავა, მოვა და ყოველ მოსვლაზე სიახლეები მოაქვს: დღეს ეს შეიცვალა, ხვალ ეს შეიცვლება, ზეგ ორივე შეცვლილი ისევ შეიცვლება, ერთ კვირაში კი ბოლოს შეცვლილი ისევ პირვანდელ სახეს მიიღებსო იტყვის, რაღაც ფულს გადამახდევინებს და მიდის.

ზუსტად ერთი თვის თავზე კი ისევ გამოჩნდა, უკვე მერვედ და მითხრა: შენ, ძმაო, ნავაჭრს მალავ, მეტი როგორ ვერ ივაჭრეო და მკაცრად შემომხედა.

- ბატონო, მაღაზია არ გამიხსნია, სულ საგადასახადოში ვარ, ხან ჩიპს ვცვლი და ხან ჯარიმას ვიხდი და როგორ ვივაჭრებდი მეტს? - შევკადრე მე. არ დამიჯერა, კარგა დიდი ჯარიმა დამადო და წავიდა. ახლა ჯარიმის გადაუხდელობისთვის ციხეში ვზივარ, ბედნიერი ვარ, არც ცოლი მაწუხებს და არც შვილი, არც საჭმელზე ვზრუნავ და ჩემი ზედამხედველი ყველაზე კარგი კაცი მგონია დედამიწაზე, ჩემს მაღაზიას კი დიდი ლუქი ადევს. გვერდით ნარზე ჩვენი ნაცნობი საგადასახადოს მოხელე წევს, ბიუჯეტში არასაკმარისი თანხის შეტანისთვის და დარღვევებზე თვალის შეგნებულად დახუჭვისათვის არის დაპატიმრებული(!).