ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

ალღოიანი მძღოლი

გახსოვთ, ალბათ, ავტოინსპექტორების დრო, მიზეზს რომ ეძებდნენ, მძღოლისთვის რაც შეიძლება მეტი ფული გამოეძალათ. ეს ამბავიც მაშინ მოხდა. ერთი ჩემი ნაცნობი, გურამი, თბილისიდან ქუთაისში მეგობართან ერთად ბრუნდებოდა. დაღლილ მეგობარს ჩაეძინა და სწორედ მაშინ გააჩერა თერჯოლის ავტოინსპექტორმა ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის. გურამი, რა თქმა უნდა, მიხვდა დანაშაულს და მორჩილად გააჩერა მანქანა.

- იცით, რომ დააშავეთ? - ღიმილით უთხრა სამართალდამცავმა.

- რა თქმა უნდა.

- აბა, ჩაასუნთქეთ, იქნებ ნასვამიც ხარ?

- რად მინდა ჩასუნთქვა, ისეც გეტყვი, რომ მთვრალი ვარ.

- ოჰო... მომწონს შენი აღიარება, - გაუხარდა ინსპექტორს და მეტი ფულის შოვნის იმედით, მკაცრი სახე მიიღო, - ახლავე გადმობრძანდით მანქანიდან!

- გამიშვით, რა, ძალიან გთხოვთ, - შეევედრა გურამი - ძმაკაცი მიმყავს საავადმყოფოში, საქმეზე ვიყავით და დაჭრეს არაკაცებმა. ამაზე სულ გაგიჟდა ინსპექტორი, მაშინვე რაციას დაავლო ხელი და უფროსობას სასწრაფოდ პოსტზე მისვლა სთხოვა და ალბათ წარმოიდგინა კიდეც უფროსი ლეიტენანტის სამხრეები.

საგზაო პოლიციის უფროსი, შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად რამდენიმე წუთში მოვიდა. ინსპექტორმა აუხსნა ვითარება და საქმის შესწავლაც დაიწყეს. პირველ რიგში გურამის ნასვამობა შეამოწმეს და ვერაფერი აღმოაჩინეს, მერე მანქანა გაჩხრიკეს, ვერც აქ ნახეს საეჭვო, ბოლოს გურამის მეგობარიც შეაღვიძეს, თუმცა უშედეგოდ, იგი სრულიად ჯანმრთელი გახლდათ. გაკვირვებულმა უფროსმა ხელქვეითს დაუყვირა:

- რა არის ეს? რისთვის გამოგვიძახე?

აქ კი ჩვენი გურამი ალაპარაკდა:

- მეც ეგ მიკვირს, უფროსო, ეგ თქვენი ინსპექტორი ახლა იმასაც იტყვის, ღერძულა ხაზი გადაკვეთაო.

- მართლა გადაკვეთა, უფროსო! - ამოიკვნესა ინსპექტორმა, თუმცა მას უკვე აღარავინ დაუჯერა.

მამუკა სოხაძე, თბილისი