"ერთი გაუნათლებელი კაცი ვარ, "სტარიკი" ცალკე წავიკითხე და "მორე" - ცალკეო" - ბიძინა კვერნაძის ხუმრობები
"ერთი გაუნათლებელი კაცი ვარ, "სტარიკი" ცალკე წავიკითხე და "მორე" - ცალკეო" - ბიძინა კვერნაძის ხუმრობები
ფოტო:ბიძინა კვერნაძე მეუღლესთან ერთად
ბიძინა კვერნაძის იუმორი საქვეყნოდ ცნობილია და ბევრს ახსოვს. მისი ფრაზები მოარულად დადიოდა ხალხში. საბედნიეროდ, ქალბატონ ნესტან (ნუგეშა) მესხის ჩანაწერებიც არსებობს, რომელიც გულმოდგინედ აგროვებდა მეუღლის გამონათქვამებს. გთავაზობთ ეპიზოდებს წიგნიდან: "ხანდაზმული ვარ, ხან არა..."

ამბები ნუგეშას ირგვლივ


"კვერნაძეებს სახლში მაგნიტო­ფონი არ ჰქონდათ. ბიძინა გერმანიაში მიემგზავრებოდა მივლინებით. ნუგეშამ (ნესტანი) დააბარა, არა­ფერი გვინდა, ოღონდ კარგი მაგნიტოფონი ჩამოგვიტანეო. ბიძინამ დანაბარები შეასრულა და სათუთად დაზოგილი დღიური ფულით "ტოშიბას" ფირმის მაგნიტოფონი ჩამოუტანა ოჯახს. დილით ნუგეშას ქალიშვილმა მიმართა:
- დედა, ხომ იცი, სკოლაში ხარ დაბარებული და ლამაზად ჩაცმული მოდიო. - აბა, როგორ ჩავიცვა ლამაზად, როცა მამაშენმა არაფერი ჩამომიტანა გერმანიიდან? - გაიკვირვა ნუგეშამ. - დაიჭირე ხელში "ტოშიბა" და ისე წადი! - ურჩია ნახევრად გაღვიძებულმა ბიძინამ..."

* * *
"ერთხელ, მაღალ და ტანად ცისანა ტატიშვილს,
ნუგეშამ გაუწია აკომპანემენტი. აპლოდისმენტების დროს შეუფერებელი პროპორციების ორი ქალბატონი ერთად უკრავდა თავს მსმენელს. - ნუგეშა, ქართვლის დედასთან მისულ ტურისტს ჰგავდი! - უთქვამს ბიძინას".

* * *
"ტანმორჩილი მხატვრის, გოგი თოთიბაძის დაქორწინების ამბავი მაღალ, წარმოსადეგ ცისანა ტატიშვილზე, ბიძინას ნუგეშამ ამცნო: ბიძინა, გაიგე, გოგის ცისანა მოუყვანია ცოლად! ბიძინამ გაიკვირვა: როგორ, მთლიანად?"

* * *
"ბიძინა არ ცურავდა, მაგრამ ზღვაზე მიმავალს, ნუგეშამ საკმაოდ ძვირად ღირებული "პლავკები" შეუძინა. ფასი რომ გაიგო, ბიძინა შეშფოთდა: "რა ამბავია, თავისი პრიბორი ხომ არ მოჰყვება?"

* * *
"მძიმე მოწამვლის შედეგად, მოსკოვში მყოფ ნუგეშას უმკაცრესი დიეტა დაუნიშნეს. მან ბიძინას დიეტურ სასადილოში სთხოვა წაყვანა. რა ექნა ბიძინას, მორჩილად ჩადგა ლანგრით კილომეტრიან რიგში და ჩოჩვით, ძლივს მიიწევდა სალაროსკენ. მალე ნუგეშას შესჩივლა: ახლა მივხვდი, "პერედვიჟნიკები" რა დღეში იქნებოდნენ!"

* * *
"რეზო ლაღიძემ იცოდა, რომ თუ ბიძინა ქეიფს გადააბამდა, სახლში საქმე მწყრალად იყო და ნუგეშასთან ურთიერთობის მთელი სისტემა ჰქონდა შემუშავებული. ერთხელ ეზოდან დაუძახა: დღეს ბიძინას ხელი უნდა გთხოვოო, რაც კიდევ ერთ განავარდებას ნიშნავდა. ბიძინა კი საქმიანად უხსნიდა მეუღლეს, - წუხელ დედა დამესიზმრა და რეზოს რომ ვუამბე, მითხრა: აუცილებლად სიღნაღში უნდა წავიდეთ და საფლავი მოვინახულოთო. ეზოში ორი სავსე მანქანა ელოდა. ბიძინა უკვე მანქანაში ჯდებოდა, როდესაც ქალიშვილმა, პატარა ფისასომ იკითხა: კი, მაგრამ, განა ბებია შარშან არ გადმოვასვენეთ თბილისში, ბაბუას გვერდით?"

სხვადასხვა


* * *
"კულტურის მინისტრად მყოფი ოთარ თაქთაქიშვილი გამუდმებით ეპატიჟებოდა ბიძინას ყველანაირ თათბირსა და საქმიან შეხვედრებზე და აზრს ეკითხებოდა. "კაცო, რას გადამეკიდა ეს ოთარი, რა უნდა ჩემგან? ერთი გაუნათლებელი კაცი ვარ, "სტარიკი" ცალკე წავიკითხე და მორე - ცალკე", - ჩიოდა ბიძინა".

* * *
"ერთხელ ბიძინას ნოდარ გა­ბუ­ნიამ შესჩივლა: კონსერვატორიის მძღოლი, გვარად არაყიშვილი, გამუდმებით მატყუებსო. - გაბუნია რომ ხარ კონსერვატორიის რექტორი და არაყიშვილია მძღოლი, იმიტომაც გატყუებს! - განუმარტა ბიძინამ".

* * *
"მეზობელს, ბატონ შურა შავერზაშვილს დაუჩივლია ბიძინასთან, თქვენი ტარაკნები მოსვენებას არ გვაძლევენო. "კი, მაგრამ საიდან იცით, რომ ჩვენია, ფეხბურთელებივით დანომრილი ხომ არ არიან?" - უკითხავს ბიძინას".

* * *
"პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ბიძინა სვეტიცხოველში, მამის საფლავის მოსანახულებლად წაიყვანა. ბიძინა მოწიწებით ათვალიერებდა სამეფო საფლავების ვეებერთელა ქვებს და პეტრეს მამის საფლავზე მოკრძალებული ქვა რომ დაინახა, პეტრეს ჩასჩურჩულა: "პეტრე, ეს რა "ზაჟიგალკის" ქვა დაგიდვია?"

* * *
"მთავრობის დაკვეთით, გიგა ლორთქიფანიძემ გიორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეოდ მრავალსერიიანი ფილმი გადაიღო. ფილმი ჩვეულებისამებრ, ჯერ მთავრობას უნდა ენახა. ჰოდა, გადამღები ჯგუფი მთავრობის მოსვლას კინოსტუდიის ეზოში ელოდა. პირველი სერიის სათაური - "წიგნი ფიცისა" გახლდათ. სტუმრების მოლოდინში გიგა მეორე სერიის სათაურს უტრიალებდა და "ნათელ მომავალს" ანიჭებდა უპირატესობას. საუბარში ბიძინა ჩაერთო: "ნათელი მომავალი" კი არა, "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს" დაარქვიო. ამ დროს მთავრობაც გამოჩნდა და ხალხში - "მოვიდა, მოვიდა!" გაისმა. იქვე მდგარმა იაშა ბობოხიძემ იკითხა, - ვინ მოვიდაო? ვინ მოვიდა და ედუარდიო, - უპასუხეს. - რომელი ედუარდი? - გულუბრყვილოდ დაინტერესდა იაშა. - ლუდოვიკო ხომ არ არის, რომ დაგინომროთ, - მიაგება ბიძინამ..."

* * *
"ფილმ "დათა თუთაშხიას" გა­დაღების შემდეგ საკმაო დრო გავიდა, ვიდრე ბიძინას ისევ მოუხდა კინოსტუდიაში მისვლა. ტაქსიდან გადმოსულმა "პიტაჩოკზე" კინოსტუდიის იგივე თანამშრომლები, იმავე პოზიციებსა და ზუსტად იმავე თემებზე მოლაპარაკე რომ დაინახა, უთქვამს: "თქვენ რა ჭადრაკში გადადებული პარტიასავით დგახართ!"


ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"
kate
15 აპრილი 2019 11:27
ჩემი საყვარელი კომპოზიტორი. ბიზინა კვერნაძე საუკეთესოა.
GG
14 აპრილი 2019 00:55
ვიღაცის დაკრძალვაზე იყვნენ ,ამ დროს ცკ- ტკ "მობრძანებულა" შავი "ოცდაოთხებით " და ბიძინა კვერნაძეს ჩაულაპარაკია თავისთვის -"მოშავდნენ" ! :)
შორენა
13 აპრილი 2019 20:43
საუკეთესო ადამიანი!

როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა