მიშას სიტყვების ციტირებისას ბოდიშს ვიხდი - კვირის პალიტრა

მიშას სიტყვების ციტირებისას ბოდიშს ვიხდი

ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, თუ ვისთან ჩაგვეწერა მომდევნო ინტერვუი. ქვეყანაში ისეთი მშვიდი პოლიტიკური ვითარებაა, არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არ აპირებს რაიმე "ისეთი" მოიმოქმედოს, რომ ჩვენც მოგვეცეს "საკბილო" და ხალხიც ცოტა გაერთოს. თუმცა აქა-იქ არის პატარა "გამონათებები".

მაგალითად, განათლების სფერო არ ღალატობს ლომაიას დაწყებულ "ტრადიციას" და სიახლეებით კვლავ გვანებივრებს. ამჯერად მანდატურებისა და უცხოელი მასწავლებლების თემამ "გაართო" ხალხი.

რა თქმა უნდა, ჩვენც დავინტერესდით და გადავწყვიტეთ ისეთი რესპონდენტი გვეპოვა, განათლების სფეროც რომ გაეგება, ადრე ხელისუფლებაშიც რომ იყო და სახლშიც რომ ზის და თავის საყვარელ საქმეს აკეთებს. ასეთად კი გამსახურდიას დროინდელი პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თემურ ქორიძე მივიჩნიეთ.

- ბატონო თემურ, სკოლებში მანდატურები შეიყვანეს, სადმე არის მსგავსი ინსტიტუტი?

- მთლად ასეთი არა, მაგრამ ამდაგვარი იყო ძველ პრუსიაში.

- დაუჯერებელია, ძველი პრუსიული მეთოდი გადმოიღეს?

- არა, კაცო, პრუსიის ისტორია ამათ საიდან უნდა იცოდნენ. ეს პრუსიული მეთოდი გადაიღეს მეფის რუსეთში, მაშინდელ გიმნაზიებში მათ ზედამხედველები ერქვათ. ეს ზედამხედველები აღზრდის პროცესშიც ერეოდნენ და სადამსჯელო ფუნქციაც ჰქონდათ შეთავსებული. სხვათა შორის, ეს მეთოდი არც მაშინ ითვლებოდა მაინცდამაინც წარმატებულად და არა მგონია, ახლა იყოს გამართლებული მისი შემოღება.

შეუძლებელია მოზარდთან ასეთი ხშირი და ახლო ურთიერთობა უწევდეს ადამიანს და მას წარმოდგენა არ ჰქონდეს პედაგოგიკაზე. მით უმეტეს, როგორც ვიცი, სკოლებიდან ფსიქოლოგები გაყარეს და მათ ფუნქციებს ახლა მანდატურები ასრულებენ. თავზარდამცემია ის ფაქტიც, რომ ისინი მასწავლებლებსაც უწევენ ზედამხედველობას.

- თუ პრუსიის ისტორია არ იციან, აბა საიდან მოუვიდათ ეს იდეა?

- როგორც ჩანს, განათლების მინისტრს ეს სასჯელაღსრულების სისტემის მინისტრობიდან გამოჰყვა, ჯერ კიდევ ციხეში მუშაობის გავლენის ქვეშ არის.

- ანუ შაშკინი რომ ცოტა ხნის შემდეგ შს მინისტრად გადაიყვანონ, პატრულს მასწავლებლებს დაუნიშნავს?

- არა, მასწავლებლებს არ დაუნიშნავს, მაგრამ არ შეიძლება XXI საუკუნეში ნებისმიერ ადამიანში, განსაკუთრებით ბავშვში, კრიმინალს ხედავდე... ის, რაც ახლა ხდება, თანამედროვე განათლებისთვის სრულიად მიუღებელია.

- ბატონო თემურ, მოდი, საერთო განათლების დონეზე ვისაუბროთ. ხელისუფლებასა და ოპოზიციაში როგორ გვაქვს ამ მხრივ საქმე?

- ძალიან ცუდად. მე თქვენ ისეთ ციტატებს გაჩვენებთ ჩვენი ოპოზიციის კოლორიტების ლექსიკონიდან, გაოგნდები. ამდენი სისულელე არასოდეს წამიკითხავს. თითქმის ყველა შეგროვილი მაქვს.

- ბევრია, არა?

- უკვე ერთ ოთახში არ ეტევა... ჩემს კოლექციაში ინახება კოკოს, გუბაზის, მაისაშვილის მარგალიტები. ამ სამეულს მე ჩემებური სახელი დავარქვი. სამივე იჩემებდა, ქვეყნის გადარჩენის გზა მხოლოდ მე ვიციო, ჰოდა, სამივე მოსეა, ოღონდ მაისაშვილი ამერიკელი, კოკო შვეიცარიელი, ხოლო გუბაზი აქაური.

- ხელისუფლებაში ვინ არის ამ მხრივ "დაწინაურებული"?

- რა თქმა უნდა, მიშა. როცა ინტერვიუებში მიშას სიტყვების ციტირებას ვახდენ, გულწრფელად ვუხდი ბოდიშს მკითხველს.

- თქვენ გამსახურდიას ხელისუფლების წევრი იყავით, არჩევნებზე უნდა გკითხოთ, - ამბობენ, მაშინდელი არჩევნები ყველაზე დემოკრატიული იყოო.

- დიახ, ასეა. სხვათა შორის, მაშინ იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი... გვარი დამავიწყდა...

- რა ბედნიერი კაცი ხართ, ბატონო თემურ, ახლანდელის სახელი და გვარი ბაღის ბავშვებმაც კი იციან...

- მაშინ კომისია რომ სამართლიანად იმუშავებდა, ამაში ყველანი დარწმუნებულები ვიყავით. მართალია, მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა დამოუკიდებლობა, მაგრამ არჩევნები სრულიად თავისუფალმა ხალხმა ჩაატარა...

- გაიმეორეთ რა, ბოლო ფრაზა, რა კარგი მოსასმენი იყო...

- დიახ, ხალხი იყო თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტებს მაშინ 400 ათასი წევრი ჰყავდათ, მაინც დამარცხდნენ.

- მაშინ გოგორიშვილი პატარა იქნებოდა...

- გოგორიშვილი პატარა იყო, მაგრამ ვერც გოგორიშვილი უშველიდა კომუნისტებს მაშინ.

- თქვენი შეხედულება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ცოტა საკვირველია. გასაგებია, რომ რაღაცებში არ ეთანხმებით, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება თქვენ არ დაიწყეთ?

- ვერ იპოვით ვერც სატელევიზიო და ვერც საგაზეთო არქივს, სადაც ზვიადი რუსეთს ლანძღავს.

- რას ამბობთ, ბატონო თემურ, ზვიადის რუსეთისადმი დამოკიდებულება ყველამ იცის.

- არ შეგეშალოთ, ზვიადი მხოლოდ კრემლს და საბჭოთა რუსეთს ებრძოდა, ხოლო როცა ელცინი პრეზიდენტი გახდა და დიდი ბანკეტი გადაიხადა, ზვიადი თამადა იყო.

- ეგრე მიშაც კი დადგება თამადად პუტინის ბანკეტზე, მაგრამ მერე ომი თუ დაგვიწყო, რაღა გამოვიდა.

- ომი შეიძლება წააგო, მაგრამ პოლიტიკა არ უნდა წააგო. გაიხსენეთ ისტორიიდან მეფე თეიმურაზი. არავითარი პოლიტიკა და დიპლომატია არ ჰქონდა და გამუდმებით ომში იყო. ქართლში როსტომი იჯდა მშვიდად, ეს მიუვარდებოდა და უმართავდა ომს. ერთხელ მოუგო როსტომმა, მეორედ, მესამედ, მერე ჰკითხა, - კაცო, რა გინდა, რა არ გაჩერებსო, თეიმურაზმა კი - გავჩერდები და წავალ იმერეთში, მაგრამ ჯორ-ცხენი და ფული არ მაქვსო. როსტომმა უთხრა, ოღონდ შენ თავი დამანებე და მე მოგცემ ჯორ-ცხენსაც და ფულსაცო, და მართლაც მისცა.

- იგივე მდგომარეობა ხომ არაა დღესაც?

- მგონი კი. ამერიკა ეუბნება სააკაშვილს, აჰა შენ ჯორ-ცხენი და 4 მილიარდი, ოღონდ თავი დაგვანებეო, მაგრამ ეს არ ანებებს.