გულითადი რჩევები საფრანგეთის პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

გულითადი რჩევები საფრანგეთის პრეზიდენტს

ღრმად პატივცემულო ბატონო ნიკოლა! ამ წერილის მოწერა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ვერასოდეს დავივიწყებთ იმ სიკეთეს, რაც ჩვენთვის გააკეთეთ, როცა გვიჭირდა. ახლა კი თქვენ გიჭირთ და ამიტომაც გვინდა დაგეხმაროთ.

ვიცით, რომ პარიზის ქუჩებში უამრავი ადამიანია გამოსული, რომ მიტინგები მიტინგებზე იმართება და მდგომარეობა დღითი დღე რთულდება. არ შეგეშინდეთ, ნიკოლა ბატონო, მიტინგებისა და მანიფესტაციების დაშლის მეტი რა ვიცით, ჩვენ გასწავლით როგორ უნდა მოიქცეთ, თანაც ისე, რომ არადემოკრატიულობა ვერავინ დაგწამოთ. მაშ ასე:

უპირველეს ყოვლისა,  გამონახეთ მთავრობის რამდენიმე ერთგული წევრი, რომლებსაც გაათავისუფლებთ თანამდებობიდან წინასწარი შეთანხმებით. ისინიც გადავლენ ხალხის მხარეს და შეიძლება ხალხმა თავიდან სტვენა დაუწყოს, მაგრამ გააფრთხილეთ, რომ რაც შეიძლება ხშირად გაგლანძღონ და ხალხიც თანდათან დაუჯერებს. შემდგომ თქვენი პარტიის გულადმა წევრებმა ისეთი რამ უნდა მოიმოქმედონ, რომ მომიტინგეთა და აღშფოთებული მოსახლეობის ყურადღება ძირითადი პრობლემიდან სხვა რამეზე გადაიტანონ. მაგალითად, რომელიმე მაღალჩინოსანმა მომიტინგეებს წყლით სავსე პარკი უნდა ესროლოს, ან ვინმე თქვენი პარტიის უცნობი წევრი მომიტინგეებში უნომრო მანქანით შევარდეს და ასე შემდეგ...

როგორც ვიცით, თქვენთან არის ტელევიზია "ფრანც 2", ჰოდა, მაგ ტელევიზიის ოპერატორები გააფრთხილეთ, რომ მიტინგის გადაღებისას კადრში სადაც ცოტა ხალხი დგას, ის ადგილი მოახვედრონ, ხოლო საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დამაჯერებელი სახით თქვან, რომ დღეს აქციაზე მხოლოდ 2 ათასამდე ადამიანი მივიდა. პარალელურად სპეცსამსახურმა უნდა გამოავლინოს აქტიური მომიტინგეები, დახვდნენ სახლებთან და ცოტა შემოსცხონ. Mმართალია, ეს თქვენთან მიღებული არ არის, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს კარგად აპრობირებული მეთოდია და გაამართლებს.

ბატონო ნიკოლა, ალბათ გეყოლებათ მომხრე ქალები - მთავრობის წევრების სიდედრები, ცოლისდები, ბიცოლები და ასე შემდეგ. მათ დიდი საქმის გაკეთება შეუძლიათ, კერძოდ, მივიდნენ მიტინგზე და ხმამაღლა გამოთქვან სასტიკი პროტესტი იმის გამო, რომ დაირღვა მშვიდი პარიზული ცხოვრება. აუცილებელია ასევე, ტაქსისტებმა პარალელური მიტინგი ჩაატარონ გზების გადაკეტვის გასაპროტესტებლად.

თუ ტაქსისტები ვერ დაითანხმეთ, ჩამოიყვანეთ პროვინციებიდან თქვენი პარტიის წევრები, რომლებიც მანქანებზე დააკრავენ ტაქსის ნიშანს და თავს გაასაღებენ აღშფოთებულ მძღოლებად. ეს ყველაფერი კი თქვენი ტელევიზიით უნდა გააშუქოთ. დაჰპირდით რომელიმე ჟურნალისტს მინისტრის მოადგილეობას, ის კი მივა მომიტინგეებთან და თავს აცემინებს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, "ფრანც 2"-ის ეთერით უნდა აჩვენოთ. მართალია, ბევრი ადამიანია გამოსული, მაგრამ უნდა მოახერხოთ და გაიგოთ აქტივისტების მშობლები, დედ-მამისშვილები, ახლო ნათესავები თუ მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში და დაემუქროთ სამსახურიდან გათავისუფლებით, თუ მათი ძმა, შვილი, ნათესავი თავს არ დაანებებს მიტინგებზე სიარულს. დარწმუნებული ვარ, ეს მეთოდიც გაამართლებს, ხოლო თუ ამანაც არ უშველა, მაშინ უნდა აამოქმედოთ  მთავრობის  ის წევრები, რომლებიც გადავიდნენ ხალხის მხარეს.

სწორედ მათ უნდა შეძლონ აქციის მოთხოვნების შეცვლა და ამჯერად საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორის გადაყენება მოითხოვონ. თქვენ ამაზე თავიდან არ უნდა დათანხმდეთ,  ბოლოს  კი მაინც მოაწერეთ ხელი მის გადაყენებას. იმედია საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ თუ ვინიცობაა და მაინც არ დაიშალა აქცია, ბოლო, მაგრამ ნამდვილად ეფექტურ ნაბიჯს გასწავლით: თქვენი ნებით გადადექით და დანიშნეთ ვადამდე არჩევნები. ნუ შეგეშინდებათ, არჩევნებს აუცილებლად მოიგებთ, რადგან ჩვენ ისევ დაგეხმარებით უკვე აპრობირებული "კეთილი" რჩევებით.