ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ბუდუს ამბები

ჩემი ცოლია?

ჩემი მეგობარი ბადრი დარჩია, იგივე პლატონიჩი, ოზურგეთში სასტუმრო "გურიაში" ღამის სამ საათზე მივიდა და თან ქალი მიიყვანა. სასტუმროს ადმინისტრატორად ოზურგეთში მცხოვრები რაჭველი, დიდი იუმორის მქონე, ბუდუ ლომთაძე მუშაობდა. პლატონიჩმა კარიდანვე დაუძახა ბუდუს:

- ჩააქრე, ბუდუია, სინათლე შემოსასვლელში, ქმრიანი ქალია და ერიდება შემოსვლაო. ბუდუმ, რა თქმა უნდა, ჩააქრო, შევიდა პლატონიჩი და ახლა - კიბეებზე ჩააქრეო, გასძახა ბუდუს, შეასრულა "ბრძანება" ბუდუმ. Aავიდნენ კიბეზე და იქიდან დაუძახა პლატონიჩმა, მეორე სართულზეც ჩააქრე სინათლეო. აქ ვეღარ მოითმინა ბუდუმ და იფეთქა: - პლატონიჩ, რას მიმალავ, მითხარი, ჩემი ცოლი ხომ არ მოგიყვანიაო...

KvirisPalitra.Geმუჯირის გოლი

ბუდუ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. რაც თავი ახსოვს, სულ "დინამოს" გულშემატკივრობდა. ის დროა, "დინამო" რომ "ჰამბურგს" ეთამაშებოდა და მუჯირმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი. მეორე დღეს სასტუმროს "ბირჟაზე" ფეხბურთის გარჩევაა და ბუდუ   ჰყვება:

- ჩემი ცოლი ხომ მუჯირია გვარად, ჰოდა, ისე გავბრაზდი მუჯირზე, გავიყვანე ეს ჩემი ცოლი მეორე ოთახში და... - მერე დავუბრუნდი ტელევიზორს და ათი წუთის შემდეგ კარგი საგოლე მომენტი შექმნეს ჩვენებმა, ვიყვირე ხმამაღლა და გამოყო ამ დროს "კუხნიდან" თავი ცოლმა გახარებული სახით: - რაია, ბუდუ, კიდო შეაგდო მუჯირმა თავის კარში?