"მარტო ვმუშაობ და რა ვიცი, როდის იქნება..." - კვირის პალიტრა

"მარტო ვმუშაობ და რა ვიცი, როდის იქნება..."

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მშვიდობამ დაისადგურა. ეს მშვიდობა ზოგს იძულებითი ჰგონია, ზოგიც თვლის, რომ არ შეიძლება ასე დიდხანს გაგრძელდეს, რადგან მალე იფეთქებს დაგროვილი მუხტი.

არადა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, კი მოგვენატრა ერთი დიდი მიტინგი თავისი შიმშილობებით, კარვებითა და დროშებით... ჰოდა, ასე მონატრებულები მოვედით იმ ადამიანთან, რომელსაც ამ საქმის უდიდესი გამოცდილება აქვს. თუმცა როდის ჩადგება ცხოვრება "ჩვეულ რიტმში" და როდის დაიწყება მრავალათასიანი გამოსვლები, არც თავად უწყის, რადგან ამ მიმართულებით "მარტო მუშაობს".

ბატონ ზვიად ძიძიგურს პარტიის ოფისში ვეწვიეთ და მომავლის გეგმებზე მუშაობას მცირე ხნით მოვწყვიტეთ.

- ბატონო ზვიად, როგორ ბრძანდებით? არ ჩანხართ ამ ბოლო დროს...

- მშვენივრად ვართ, ვმუშაობთ ახალ გეგმებზე...

- თქვენ კი მუშაობთ, მაგრამ არც ხელისუფლებაა გულხელდაკრეფილი, აგერ, სიონთან ბუდას ქანდაკებას დგამენ.

- საოცარი ამბავია პირდაპირ. არა მგონია, ბუდიზმისა და ინდუიზმის მიმდევრები თბილისში ამის აუცილებლობას ხედავდნენ. როცა მეჩეთი და სინაგოგა აშენდა, მაშინ აქ ცხოვრობდნენ ებრაელები და მუსლიმანები. ბუდა-ბარი კი ჩვეულებრივი მიშასეული ახირებაა. ისევე როგორც ხიდი, რომლის ფუნქცია არავინ იცის და ვერავინ ახსნის, რომელ ორ წერტილს აერთებს  ერთმანეთთან. ახლა ბათუმში ქართული ენის ძეგლის დადგმას აპირებს, რომელსაც, მაპატიეთ და, ძალიან უხერხული ფორმა აქვს.

- ამ ბოლო დროს უცნაური რაღაცები ხდება, ზვიად ბატონო, პრეზიდენტის განცხადებას ვგულისხმობ, - რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მასთან ურთიერთობა აუცილებელიაო, რომ ამბობს. ვერ გავიგეთ, თუ ოკუპანტია, რა ურთიერთობა უნდა გვქონდეს?

- რამდენიმე თვის წინ ჩვენც იგივე ვთქვით და მოღალატეებად გამოგვაცხადეს. ახლა თვითონ ამბობს, სჩვევია ასეთი რამ მაგას... დასრულდა ის ზღაპარი, რომ თურმე საწყალი რუსეთი მსოფლიო იზოლაციაში იხრჩობა. პუტინისთვის მუხლებში ჩავარდნაც რომ დასჭირდეს, თავისი ქვეყნისთვის, უნდა გააკეთოს.

- პუტინის მუხლებში ჩავარდნით ეშველება საქმეს?

- ეშველება... რუსები თვითონ გამოვიდნენ ამ ინიციატივით, მაგრამ  ერთ დღეს რომ იტყვის, უპირობოდ დაველაპარაკებიო, მეორე დღეს ისევ აგინებს. არ შეიძლება ამ კაცს ვუყუროთ, თუ როგორ ანგრევს ქვეყანას.

- მაინც რატომ არ გამოგდით ეს გაერთიანება?

- ამაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს.

ოპოზიციისადმი ხალხს ახლა ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც ქართული ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მიმართ ჰქონდა.

ზედიზედ რამდენიმე თამაში რომ წააგო, უსტვენდნენ, მაგრამ საკმარისია ერთი სერიოზული მატჩი ჩაატაროს, მაშინვე მოუბრუნდებათ გული.  ოპოზიციისთვის  მთავარია, თუნდაც შეთამაშებულად, მაგრამ ერთ გუნდად გამოსვლა.

- კარგი შედარებაა, ანუ როგორც ჩვენს ნაკრებს სჭირდება კარგი მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა და თავდასხმა, ასევე გჭირდებათ თქვენც.

- არის ჟამი ქვების შეკრებისა და ქვების სროლისა, ახლა ქვების შეკრების ჟამი გვიდგას.

- ქვების სროლას როდის დაიწყებთ?

- ვნახოთ, "მარტო ვმუშაობ და რა ვიცი, როდის იქნება"...

- ბატონო ზვიად, ერთი რჩევა უნდა მოგცეთ, კონკრეტული მოთხოვნებით რომ ჩაატაროთ აქცია, ხომ არ აჯობებს? მაგალითად, ბენზინის და პურის გაძვირებასთან დაკავშირებით გამოვა ხალხი და მერე შეაპარეთ "გადადექი!"

- საქართველოში სოციალურ მოთხოვნას ხელისუფლების შეცვლა არასოდეს მოჰყოლია, რაც სხვა ქვეყნებისგან, თუნდაც ფრანგებისგან განგვასხვავებს... 2007 წელს ხალხი ქუჩაში ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების გამო გამოვიდა, ვინაიდან მისი დაკავება ძალიან ცინიკურად მოხდა და საზოგადოებამ თავი დამცირებულად იგრძნო. საფრანგეთში არეულობის დროს ხალხი ქუჩაში ოპოზიციას კი არა, პროფკავშირებს გამოჰყავს.

საქართველოში პური გაძვირდა და ხალხი მაინც ჩუმადაა. საფრანგეთში ასეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი სურსათი რომ გაძვირებულიყო, ხელისუფლებისგან ქვა ქვაზე არ დარჩებოდა... თუმცა, საკმარისია, გიგა ბოკერიამ ვინმეზე ცინიკურად ილაპარაკოს, რომ ხალხში საპროტესტო მუხტი მაშინვე მოიმატებს.

ახლა რა მდგომარეობაა, აძვირებენ ყველაფერს და ამბობენ, თითქოს ყველაფერი გადასარევადაა.

- ანუ ხელისუფლებამ პიარის კეთება იცის, ოპოზიციამ კი არა...

- სად გავუშვათ ეს პიარი, თორემ როგორ არ ვიცით... ძალიან კარგად ვიცით... ტელევიზიას  საზოგადოებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს.

- "კავკასია" და "მაესტრო" ხომ გაქვთ?

- გვაქვს კი არა, მაგათით გვიდგას სული, მაგრამ ჩვენ ისეთი ტელევიზია გვინდა, 3 მილიონი ადამიანი რომ უყურებს.

- მასეთი ტელევიზია სამია სულ ამ ქვეყანაში, ისე, თქვენ რომ მოხვიდეთ ხელისუფლებაში, არ ეცდებით ტელევიზიებზე კონტროლს?

- პირობის დადება, რომ მე კარგი ბიჭი ვიქნები, სხვა კი ცუდი, არასერიოზულია, მთავარია, საზოგადოებამ ხშირად ცვალოს ხელისუფლება, არჩევნების გზით, რა თქმა უნდა.

- ისე, თუ გახსოვთ, როცა ოპოზიცია სახელისუფლებო ტელევიზიებში მიგიწვიეს, ამით ისევ ხელისუფლებამ მოიგო.

- არ არის ასე. საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი და ეს "იმედისა" და "რუსთავი 2-ის" დამსახურებაა. თავისუფალ მედიას ბევრი რამ შეუძლია შეცვალოს.

- საკადრო პოლიტიკაზეც მინდა გკითხოთ. ბოლო დანიშვნებზე თქვენი კომენტარი არ წამიკითხავს...

- პრეზიდენტის სტანდარტი ასეთია: თანამდებობაზე დანიშნულმა პირმა არ უნდა იცოდეს სიტყვის და ხელის შებრუნება, უნდა იტანდეს პანღურის ამორტყმასა და მობილურის სროლას. არ უნდა იყოს სპეციალისტი იმ საქმის, რომლის შესრულებაც ევალება. სასურველია იყოს ქალი, რომელიც ღამის ბარებში ცეკვავს. და ასე შემდეგ...