ვახტანგ ტატიშვილის ჩაშლილი პაემანი - კვირის პალიტრა

ვახტანგ ტატიშვილის ჩაშლილი პაემანი

ანსამბლ "ივერიის" სოლისტი, მომღერალი ვახტანგ ტატიშვილი თავს გადახდენილ სახალისო ისტორიას იხსენებს:

- ახალგაზრდობის დროინდელ ამბავს გავიხსენებ, როცა ანსამბლი "ივერია" გასტროლებზე ხშირად დადიოდა. რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ვართ, ზამთარია, სასტუმროში ვცხოვრობთ. იქვე, რესტორანში ერთი ოფიციანტი მომეწონა, ხან სად დავპატიჟე, ხან - სად, მაგრამ უარს ამბობდა. ბოლო დღეს, როცა უკვე უნდა წამოვსულიყავით, მითხრა: აქ ყველა მიცნობს, ამიტომ უკეთესია, თუ ჩემთან, სახლში წამოხვალო. ძალიან გამიხარდა, ბლომად ფული მივეცი, რომ სასმელი და ტკბილეული ეყიდა. ტაქსი გამოვიძახეთ და წავედით. თურმე, ქალაქგარეთ ცხოვრობდა და ძალიან ბევრი ვიარეთ, ირგვლივ სულ კორპუსები იყო. ტაქსი გააჩერა და ერთ-ერთ კორპუსზე მიმითითა: ამ კორპუსის მეექვსე სართულზე შუქი ანთია, როგორც კი ეს შუქი თამაშს დაიწყებს, შეგიძლია, ამოხვიდეო. ვიფიქრე, რომ მეზობლების ერიდებოდა და დავთანხმდი. წავიდა ჩემი "სატრფო", მე კი, ველოდები, მეექვსე სართულზე შუქი როდის აციმციმდება. კარგა ხანს ველოდე და ბოლოს, ტაქსის მძღოლმა მირჩია: ჩადი და იქნებ იპოვოო. ირგვლივ ამდენი კორპუსია, თანაც, ცივა გვარიანად. როგორც ზღვაში წვეთს ვერ იპოვი, ისე მე იმ ქალს ვეღარ ვიპოვიდი. მივხვდი, რომ მომატყუა - იცოდა, მეორე დილით მოვდიოდით და ამით ისარგებლა. წამომიყვანა ამ ტაქსის მძღოლმა გაბრაზებული და ნაწყენი, ძალიან მამხნევებდა და მამშვიდებდა, მაგრამ რა დამამშვიდებდა?!.