ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ფეხბურთია?

კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა ცნობილი თამადა გიგო ძია. გიგოს იმდენად ჰქონდა სახელი გავარდნილი, რომ მეზობელ სოფლებშიც ეპატიჟებოდნენ თამადად. რა თქმა უნდა, იუმორის დიდი მოყვარული იყო და თავადაც უჭრიდა ენა.

ერთხელ მორიგ ქელეხში სუფრის თავში ზის და მადლიან სადღეგრძელოებს ამბობს. ამასობაში ხაშლამაც შემოვიდა. ისიც ძალიან უყვარდა გიგოს, მაგრამ რად გინდა, რამდენი თეფშიც შემოიტანეს, იმდენი სუფრის შუაში ჩადგეს. უყურა გიგომ, უყურა, ვეღარ მოითმინა და ხაშლამიან ქალს გასძახა:

- რა არის, თქვე შობელძაღლებო, ფეხბურთი ხომ არაა, ცენტრიდან რომ იწყებთო!

მამუკა გოგიშვილი, თბილისი.

KvirisPalitra.Ge"შპარგალკა"

ქუთაისის ერთ-ერთი სკოლა მაშინ დავამთავრე, როცა ჯერ კიდევ იყო დამამთავრებელი გამოცდები. რა თქმა უნდა, მთელი კლასი დიდი ამბით ვემზადებოდით. გაკვეთილების შემდეგ ვრჩებოდით და მასწავლებლები დამატებით გვამეცადინებდნენ. მხოლოდ ერთი ჩვენი კლასელი, ჯემალ ბ-ძე დადიოდა არხეინად.

მთელი ათი წელი ისე ვიარე, წიგნი ხელში არ ამიღია და ახლა რა ღმერთი უნდა გამიწყრესო. თუმცა ვეუბნებოდით, რომ გამოცდა რთულია და რამე მაინც წაიკითხე, სამიანი რომ დაგიწერონო. არაფერმა გაჭრა და იძულებული გავხდით, ე.წ შპარგალკა გაგვეკეთებინა. კარგი, მაგას გადავწერო, დაგვეთანხმა. მოვიდა გამოცდის დღე ლიტერატურაში. უნდა დაგვეწერა ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩას" გარჩევა. დაჯდა ვაჟბატონი და ისე ოსტატურად დაიწყო გადაწერა, ჩვენც შეგვშურდა.

როცა კომისიის წევრები ყურადღებას მოადუნებდნენ, ჩაწევდა თავს მერხის ქვეშ, უცებ ამოწევდა და დაწერდა რამდენიმე სტრიქონს. ერთხელაც შევხედეთ და თავს არ სწევს. რა თქმა უნდა, მასწავლებელმა შეამჩნია, მივიდა და ეკითხება:

- ჯემალ, რას აკეთებ მანდ?

- მეიცა, მასწავლებელო, მეიცა, მოკლა გონია ეს უპატრონო, - თავაუღებლად დაიყვირა ნაწარმოებით დაინტერესებულმა მოსწავლემ.

გიორგი ბაღდავაძე, ქუთაისი.