"გამოვალ პრეზიდენტი?" - კვირის პალიტრა

"გამოვალ პრეზიდენტი?"

რედაქციაში შემოვიდა სკოლის მოსწავლის წერილი, რომელიც დახმარებას გვთხოვს. სურს გაიგოს, ვინ გამოვა, როცა გაიზრდება.

"მე-7 კლასის მოსწავლე ვარ, ამას წინათ მასწავლებელმა თემა მოგვცა: ”ვინ გინდა გამოხვიდე? მოკლედ დავწერე, რომ მსურდა პრეზიდენტობა. მასწავლებელმა მისაყვედურა, პრეზიდენტობა ადვილი ნუ გგონია, მხოლოდ სურვილი არ კმარა, ბავშვობიდან  უნდა იყო მოწადინებულიო. მეც დავწერე რამდენიმე შტრიხი ჩემი ბავშვობიდან და თქვენ თავად განსაჯეთ, შემიძლია თუ არა, გავხდე პრეზიდენტი".

მე და გლობუსი

როდესაც პირველად გლობუსი ვნახე, ბურთი მეგონა. მერე ამიხსნეს, რომ ამ პატარა ბურთზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაა გამოსახული. მახსოვს, ერთხელ ბიძაჩემმა სათამაშო თვითმფრინავი მომიტანა. მეც დავდგებოდი გლობუსთან, ხელში თვითმფრინავს დავიჭერდი, გლობუსს დავატრიალებდი და ხან ბოდრუმში ვიყავი, ხან არუბას სანაპიროზე. მაშინ ვიფიქრე, თუ ასეთი პატარაა მსოფლიო, რატომ არ შეიძლება, რომ გავიზრდები, ჩავჯდე თვითმფრინავში და ქვეყნები ვნახო-მეთქი.

მე და "ტირის" თოფი

ჩემს მეზობლად ერთი დიდი ბიჭი ცხოვრობს. სულ მეჩხუბება. ბიძაჩემი ეუბნება, დაანებე ბავშვს თავიო, მაგრამ ის მაინც არ ჩერდება. ერთხელ მივეპარე და "ლაგარტკა" ვესროლე, ის გაბრაზდა და "ტირის" თოფი მესროლა. ბიძაჩემი იქვე იყო, ჯერ შეშფოთდა, მერე აღშფოთდა, მას კი არაფერი უთხრა. მე მეტკინა, მაგრამ არ ჩამოვიშალე სულიერად და ტირილი არ დამიწყია. მინდა ისეთი ბიძა მყავდეს, რომელსაც "ტირის" თოფის არ შეეშინდება.

მე და ტელევიზორი

ძალიან მიყვარს ტელევიზორის ყურება, მაგრამ გადაცემები არ მომწონს. მინდა ისეთი ტელევიზორი მქონდეს, რაც მე მინდა, მხოლოდ ის გადაცემები აჩვენოს.

მე და ვანიკო

შეყვარებული მყავს, მასაც ვუყვარვარ, მაგრამ ჩემზე ცუდ რაღაცებს ეუბნებიან. ჩემმა ძმაკაცმა, ვანიკომ მითხრა, ყური მოვკარი, გოგონები შენს შეყვარებულს შენზე ელაპარაკებოდნენ, მაგრამ ვერ გავიგე რაზეო. მინდა, ვანიკოს ისეთი სმენა ჰქონდეს, ჩურჩულიც ესმოდეს.

მე და უცხო ბავშვები

5 წლის რომ ვიყავი, ეზოში უცხო ბავშვები ქვიშაში სათამაშოდ არ მიშვებდნენ, გზას მიღობავდნენ და წადი, წადიო, მიყვიროდნენ. მე არ წავედი,  შლანგით წყალი მივუშვირე და ბავშვები გავაქციე, მერე ამასაც არ დავჯერდი და  პისტოლეტიდან პლასტმასის ტყვიები დავუშინე. ახლა არიან გაჩუმებულები და მეხვეწებიან, მოვილაპარაკოთ, ჩვენც გვინდა ქვიშაში თამაშიო.

მე და გოგონები

ჩემს კლასში ბევრი ლამაზი გოგო სწავლობს. მინდა ერთ-ერთის გვერდით დავჯდე, მაგრამ მასწავლებელი არ შვრება, კარგია მასწავლებლობა, გოგონებს, რომელ მაგიდასთანაც გინდა, იქ დასვამ.

მე და ფული

ერთხელ კლასში ექსკურსიის ფული ავკრიბე. ბევრი შეგროვდა, მაგრამ ექსკურსიაზე ვერ წავედით. მინდოდა იმ ფულით ჩემი ძმაკაცებისთვის მაგარი ველოსიპედები მეყიდა, მაგრამ მასწავლებელმა მითხრა, ხალხის ფულით ძმაკაცებისთვის ველოსიპედების ყიდვა არ შეიძლებაო. ვერ გავიგე, რატომ არ შეიძლება?

მე და შენობები

ძალიან მიყვარს კუბიკებით თამაში. ხან ხიდებს ვაგებ, ხან რაღაც შენობებს. ყველა მეუბნება, უშნო გამოგდის, ვერავინ მიხვდება, რა ნაგებობააო, მაგრამ მე ამას ჩემთვის ვაკეთებ და არა სხვებისთვის, მთავარია, მე მომწონს.

მე და ბანაობა

დედულეთში დავდივარ ხშირად. ძალიან მიყვარს მდინარეში ბანაობა. ერთხელ ძმაკაცებთან ერთად წავედი. კი მეძახდა ბებიაჩემი, ოქტომბერია, რა დროს ბანაობააო, მაგრამ მაინც ვიბანავეთ. ბებიაჩემმა რა იცის, რომ ოქტომბერში აქ უფრო თბილა, ვიდრე ნიცაში.

როგორ ფიქრობთ, გამოვა ჩემგან პრეზიდენტი?