როგორ შევავსოთ ბიუჯეტი - კვირის პალიტრა

როგორ შევავსოთ ბიუჯეტი

არა მხოლოდ ექსპერტები, ბოროტი ხმებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ბიუჯეტს უჭირს. უჭირს სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველი ალბათ იმიტომ, რომ უფრო ბევრი გადის, ვიდრე შემოდის. ინვესტიციებმა იკლო, ყველაფერი გავყიდეთ, რაც გაგვაჩნდა. რაღა უნდა ქნას მთავრობამ?

საკუთარი ხარჯები შეამციროს, უცხოელი მომღერლები არ ჩამოიყვანოს თუ კლიპები არ გადაიღოს? რომელი ერთია აქედან მეორეხარისხოვანი? ამიტომაც ადგნენ და რაც არსებობდა, ის გადასახადები გაზარდეს და რაც არ არსებობდა, გამოიგონეს და დაამატეს. თანაც ისეთ რაღაცებზე დააწესეს ჯარიმები, კინაღამ თავი დავანებე იდეების გენერატორობას. ყველაზე მეტად რამდენიმე ჯარიმის შემოღებამ "აღმაფრთოვანა": ავტომობილებზე მინების დაბურვისთვის; მარჯვენა მხარეს საჭის მქონე მანქანების მფლობელებისთვის; ქუჩაში ნაგვის გადაყრისთვის, ძაღლის ალიკაპის გარეშე გასეირნებისთვის და ა.შ...

ძალიან კარგია ეს ყველაფერი და მესმის მთავრობის, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს საკმარისი არ იქნება. ამიტომაც, მე, როგორც იდეების გენერატორმა, მინდა მთავრობას რამდენიმე ისეთი გადასახადის შემოღება შევთავაზო, რომელიც ბიუჯეტს არათუ შეავსებს, გადაავსებს კიდეც. ჩემი იდეა ეხება ისეთ ჩვევებს, რომლებსაც ქართველი ძნელად გადაეჩვევა და იძულებული იქნება ჯარიმა გადაიხადოს. ასევე ჩვენი ადათ-წესებისა და ადამიანური მოთხოვნილებებისთვის, რომელიც ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი. მაშ ასე:

1) დაუსაქმებლობის გადასახადი. როგორც მოგეხსენებათ, მამაკაცების უმრავლესობა დაუსაქმებელია და ისინი დროის გასაყვანად უმეტეს შემთხვევაში ეზოში ჯოკერის, დომინოსა და ნარდის თამაშით ერთობიან, თუმცა ეს მხოლოდ გართობა არ არის, ყველამ კარგად იცის და მათ შორის ჩვენმა სამართალდამცავებმაც, რომ ხშირად ისინი "ცხვარზე და ოციანზე" თამაშობენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უნდა დაიბეგრონ ჯოკერში, დომინოსა და ნარდში მოგებულები სულ რაღაც 2 ლარით. ვინმემ შეიძლება თქვას, 2 ლარი რა არისო, მაგრამ აბა, დათვალეთ რამდენი კაცია უმუშევარი?

2) უცხოეთში წასული ქალების ქმრების გადასახადი. ეს ყველაზე დიდ შემოსავალს მოუტანს ბიუჯეტს, ოღონდ დიფერენცირება მაინც უნდა მოხდეს უცხოელი მოხუცების ასაკის მიხედვით. ღრმად მოხუცებულის მომვლელის ქმარმა მეტი უნდა გადაიხადოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ქალს მეტს უხდიან. ჩვენი ძალოვანი უწყებებისთვის ისიც ცნობილია, თვეში ერთხელ (ხანდახან ორჯერაც) სწორედ ქმრებს რომ უგზავნიან ფულს. აბა, დათვალეთ, რამდენი ქართველი ქალია უცხოეთში?

3) რემონტის გადასახადი. როგორც იცით, ქართველის ჰობი არის რემონტის კეთება. აქედან გამომდინარე, გადასახადი უნდა დაწესდეს იმ ქართველებზე, რომლებიც წელიწადში ერთხელ (ხანდახან ორჯერაც) აკეთებენ სახლში რემონტს, მაგრამ ხალხი ძალიან რომ არ გავაბრაზოთ, შეიძლება პატარა შეღავათები დავუწესოთ. მაგალითად, პირი, რომელიც გადაიხდის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ჩასმის გადასახადს, მეტლახის დაგების გადასახადისგან უნდა გავათავისუფლოთ. ჩვენს სამართალდამცავებს ნამდვილად არ გამოეპარებათ, ვინ როგორ რემონტს აკეთებს სახლში. აბა, დათვალეთ, რამდენი რემონტი კეთდება.

4) რიტუალების მოსაკრებელი. როგორც იცით, სოფლებში (ხშირად ქალაქებშიც) დაკრძალვებზე და ქორწილებში დაპატიჟებულ ინდივიდებს ფული მიაქვთ ოჯახის დასახმარებლად (ქორწილის შემთხვევაში საჩუქრებიც). ჩვენი აზრით, უნდა დაწესდეს გადასახადი, რომელსაც გადაიხდის მასპინძელი. აქ ცოტათი გართულდება მოსაკრებლის ამოღება, ამიტომ კანონი უნდა იყოს მკაცრი. მაგალითად, გადახდის ქვითრის გარეშე ჭირისუფალი მიცვალებულს ვერ დამარხავს (და ამას არავინ დაუშვებს), ხოლო ასეთივე ქვითრის გარეშე სიძეს არ ექნება უფლება პატარძალს თითი დააკაროს (არც ამას დაუშვებს ვინმე). ჩვენს სამართალდამცავებს ნამდვილად არ გამოეპარებათ გასვენებები და ქორწილები. აბა, დათვალეთ, რამდენი ადამიანი კვდება და რამდენი ქორწინდება. შესაბამისად, ბიუჯეტში დიდძალი თანხების მობილიზებას შევძლებთ.

5) ქვეყნის აღმშენებლობის ცქერით ტკბობის გადასახადი. ეს გადასახადი ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ ესეც ბევრ ფულს მოგვიტანს. აბა, დაფიქრდით, რამდენი "ნაციონალი" და მათთან გათანაბრებული პირი ტკბება ქვეყნის აღმშენებლობის ცქერით. ეს კი ნამდვილად იციან ჩვენმა სამართალდამცავებმა.

აბა, რას იტყვით, ცუდი იდეები მოგაწოდეთ? გემშვიდობებით და თუ კიდევ დაგჭირდეთ ჩემი თავი, არ მოგერიდოთ, მზად ვარ, დავდგე სამშობლოს გვერდით!