სამი და მყავს, თუ გინდა, სამივეს გაგატან... - კვირის პალიტრა

სამი და მყავს, თუ გინდა, სამივეს გაგატან...

შაქრო ბაბუ შვილიშვილებს ხშირად გვიყვებოდა საინტერესო ამბებს თავისი ცხოვრებიდან. ჩვენც გულისყურით ვუსმენდით. ერთ ამბავს 2-3-ჯერაც კი ვაყოლებდით. მასაც არ ჰბეზრდებოდა და ღიმილით დაიწყებდა თხრობას.

ცოტა რომ წამოვიზარდეთ, შაქრო ბაბუსა და ჟენია ბებოს სიყვარულის ამბავმა განსაკუთრებით დაგვაინტერესა და აი, რა გვიამბო მან:

- ბებიათქვენი პირველად პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჭიშკართან შევნიშნე. ძალიან მომეწონა, მაგრამ გამოლაპარაკება ვერ გავბედე. მას უკან გავყევი და გავიგე, რომელ ფაკულტეტზე სწავლობდა. მოგვიანებით ჟენიას სახელი, გვარი და მისამართიც დავადგინე და გაცნობაც მოვახერხე. მაგრამ ისეთი მორიდებული ვიყავი, გასაცნობად რომ წარვუდექი, სახელის გარდა, სხვა ვერაფერი ვუთხარი. არადა, ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა. ბოლოს ჩემი თანაკურსელი, რომელიც მისი შორეული ნათესავი აღმოჩნდა, დამპირდა, რომ დამეხმარებოდა - მასთან ოჯახში მივიდოდა და მამამისს დაელაპარაკებოდა.

- ცოტა მძიმე კაცი კია, მაგრამ ვეცდები, ქალიშვილის გათხოვებაზე დავითანხმო, - მითხრა მან. მაგრამ "მაჭანკალმა" ცუდი ამბავი მომიტანა:

- მამა კი დავითანხმე, მაგრამ ძმამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: უსახლკარო ისტორიკოსს ჩემს დას არ გავატან, თანაც ჟენიაზე უფროსი 2 და მყავს გასათხოვარიო.

აღარ ვიცოდი, რა მექნა, სწავლას გულს ვეღარ ვუდებდი... ჩემი მომავალი ცოლისძმა ახოვანი აღნაგობის მქონე, ქეიფის მოყვარული და ქალაქში ცნობილი თამადა გახლდათ... ერთი კი ვიფიქრე, მოდი, შევხვდები, გავიცნობ-მეთქი, მაგრამ თუ ახოვანი ვაჟკაცია, ჩემს დანახვაზე, სულ რაღაც მეტრი და 70 სმ ვარ, მთლად არ გავაფუჭო საქმე-მეთქი და უკან დავიხიე. სევდა მომეძალა და თანდათან ქალაქის დუქნების ხშირი სტუმარი გავხდი. ერთხელაც, "სევდის ჩასახშობად" ერთ-ერთ დუქანს მივაშურე. ბოთლი ღვინო, კიტრის მწნილი ავიღე და პატარა მაგიდას მარტო მივუჯექი. იქვე, დუქნის მეორე კუთხეში, მაგიდასთან 3 კაცი ქეიფობდა. თამადა ლამაზ სადღეგრძელოებს ამბობდა, მე მის ნათქვამს გულში ვიმეორებდი და ჩემთვის ვსვამდი. ერთ-ერთი სადღეგრძელოც სიყვარულისა შესვა, ვეღარ მოვითმინე და ღვინით გათამამებულმა, მის ნათქვამს ხმამაღლა შევუერთდი, თან, პატარა ლექსიც დავურთე. თამადამ გაკვირვებით შემომხედა და თავის მაგიდასთან მიმიწვია. როგორც შემატებულ სტუმარს, განსხვავებული სასმისი - საკმაოდ მოზრდილი ყანწი - მაჯახეს. სადღეგრძელო ვთქვი და სასმისი მაშინვე დავცალე.

- გენაცვალოს გიორგი, - მითხრა თამადამ და გადამკოცნა. ადგილზე გავქვავდი, რადგანაც სახელი, გვარი და მისი გარეგნული მონაცემები სრულად ემთხვეოდა ჟენიას ძმისას... რაღას ვიზამდი, ქეიფი გავაგრძელე... გიორგიმ რატომღაც მიზანში ამომიღო და ყველა სადღეგრძელოზე ალავერდს ჩემთან გადმოდიოდა. თავს შევუძახე, - არ უნდა წაიქცე, თორემ ყველაფერი მართლა დამთავრდება-მეთქი და ყანწებსა თუ ფიალებს თვალის დაუხამხამებლად ვცლიდი. ჩვენმა თანამეინახეებმა სმა შეწყვიტეს, გიორგი კი ახალ-ახალ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა. თითოეულს 5-5 ლიტრი ღვინო გვქონდა დალეული, როცა თამადამ აღშფოთება ვეღარ დამალა:

- ამ პატარა კაცმა თუ დამათრო, აქედან პირდაპირ რიონში გადავხტები, - დაიღრიალა და მედუქნეს ვედროს მოტანა უბრძანა! გიორგიმ 3-ლიტრიანი ჭურჭელი ბოლომდე დაცალა და შებარბაცდა კიდეც. ვედრო მეც დავცალე, ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ მე ფეხზე მყარად ვიდექი.

- კაცო, ვინ ხარ შენ, ეშმაკი?! - მითხრა ენის ბორძიკით.

- ვინ ვარ და სიძეობაზე უარი რომ განმიცხადე, ის კაცი გახლავარ, - მივუგე გათამამებულმა.

- სამი და მყავს, ჩემო ძმაო, ახლავე წავიდეთ და რომელიც მოგეწონება, ის წაიყვანე. თუ გინდა, სამივეს გაგატან, - სრული სერიოზულობით მითხრა.

- სამი რად მინდა?! მე ჟენია მიყვარს და უარს თუ არ მეტყვი, გპირდები, არაფერს მოვაკლებ, - ძლივს ამოვილუღლუღე.

- იყოს ჟენია! ხვალ გელოდები ჩემთან - სახლში. ჟენიას გამოგატან და თანაც რევანშისთვისაც მოემზადე.

ასე მოგვარდა პრობლემა. ჟენია ჩემი ცოლი მეორე დღესვე გახდა. ცოლისძმამ კი რევანში დღემდე ვერ აიღო...

გელა კორძაძე