ოპოზიციას არც გამარჯვების გეგმა აქვს და არც სიკვდილის - კვირის პალიტრა

ოპოზიციას არც გამარჯვების გეგმა აქვს და არც სიკვდილის

ამ ბოლო დროს პრეზიდენტის ხშირმა გამოსვლებმა ბევრ ქართველს საბჭოთა კავშირი და მისი მიღწევები გაახსენა თავისი დიადი ქარხნებით, გადაჭარბებული გეგმებით, გარდამავალი დროშებითა და სანიმუშო კომუნისტებით.

თუმცა მაშინდელ დროს იყო ხალხი, რომლებიც ტელევიზორში ნანახის საპირისპიროში არწმუნებდნენ ადამიანებს. მათ შორის, მამაკაცებს გვერდით, ვით "ფოლადის ფარები," ქალებიც ედგნენ და როგორც მაშინ იტყოდნენ ხოლმე, დისიდენტობდნენ. სუსტი სქესის დისიდენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წონიანი, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი გაგებით, ქალბატონი ნანა კაკაბაძე გახლავთ.

ჩვენც ამ კომუნიზმის ეპოქასავით ამოუცნობ დროში მასთან გასაუბრება გადავწყვიტეთ, ინტერვიუს დასაწყისისთანავე ქალბატონ ნანას მოახლოებულ მიტინგებზე ვკითხეთ.

- ქალბატონო ნანა, 25-ში იწყება, უერთდებით?

- რა თქმა უნდა.

- და თქვენც იმ განწყობით გადიხართ, როგორც სხვები - ან გამარჯვება, ან სიკვდილი?

- ეჰ, ნეტავ ასე იდგეს საკითხი. მაგრამ სამწუხაროდ, არ ჩანს არც გამარჯვების და არც სიკვდილის გეგმა. მე უფრო სერიოზული მოლოდინები მქონდა, ვფიქრობდი, რომ იქნებოდა რაღაც პროგრამა, რომლის ირგვლივ მოხდებოდა კონსოლიდაცია. თუმცა დღემდე ეს პროგრამა არ ჩანს. ოპოზიციონერობა სამსახურივით აქვთ.

- ვერ წერენ ამ პროგრამას და რა ქნან?

- ვერ წერენ კი არა, ხანდახან მგონია, რომ რაც ქვეყანაში ხდება, არის ერთი თამაშის ორი მხარე, ჯერ ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მერე კი მიდიან მოლაპარაკებაზე არჩევნებთან დაკავშირებით. ხელისუფლება კი დასავლეთთან თავს იმართლებს, აი, ბატონო, დიალოგი გვაქვს და რაღაცებს ვთმობთო. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ვხვდები, რომ დღეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო სალომე ზურაბიშვილმა.

- როგორ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თავი დაანებოს პოლიტიკას და დავრჩეთ ოპოზიციის გარეშე?

- აბა რა, უნდა განაცხადო, რომ ქვეყანაში დამყარდა დიქტატურა, ვწყვეტთ დროებით მუშაობას და უარს ვაცხადებთ არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს იქნება მიშას გაშიშვლება მსოფლიოს წინაშე.

- გაშიშვლება აკლია მიშას, ქალბატონო ნანა?

- მართალია. ამათ რომ ვერაფერი მოუხერხეს, თავად გაშიშვლდა.

- გარედან ვერაფერი ქნეს და შესულიყვნენ პარლამენტში...

- ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ბევრს ეცადა მაშინ სააკაშვილი, მაგრამ ვერ შეიტყუა. შევარდნაძე გამახსენდა, როცა ერთ-ერთ შეხვედრაზე თამრიკო ჩხეიძეს "ურჩია", თუ ასე გინდა კომკავშირის დაშლა, შედი კომკავშირში და შიგნიდან დაშალეო.

- ანუ, სკოლა გავლილი ჰქონია.

- ჰო, მეთოდები არ იცვლება. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ყველასგან განსხვავებით, მიშა ენერგიულია. როცა ვაკის მაჟორიტარი იყო, მჭიდრო კავშირი მქონდა მასთან. მახსოვს, როგორ შურდულივით დარბოდა პარლამენტში. ზოგიერთივით მხარ-თეძოზე კი არ იყო წამოწოლილი. ჩვენი ოპოზიციონერები კი შარშან, მიტინგების დროს, "მარიოტიდან" გამოწკეპილები გამოდიოდნენ და ჩაუვლიდნენ კარვებში ღამენათევ ხალხს. ასე ვერაფერს მიაღწევ!

- მიშას მაშინ დასავლეთი ეხმარებოდა.

- მაგაშიც აჯობა ოპოზიციას. მიშამ ტყუილი დააჯერა დასავლეთს, ესენი კი სიმართლეში ვერ არწმუნებენ.

- დასავლეთი აქეთ გვატყუებს მგონი, პირველ ადგილზე ხართ ბიზნესის კეთებითო.

- ეგ არაა ტყუილი, მართალია. აქ ბიზნესით მხოლოდ "ნაციონალები" არიან დაკავებული და თავიანთ თავს გაუადვილებენ ბიზნესგარემოს, აბა რას იზამენ?

- ქალბატონო ნანა, თქვენ იჯექით "კა-გე-ბეს" ციხეში და კარგადაც იცნობდით ამ სტრუქტურის ხრიკებს, ვანომ ხომ არ აჯობა მათ?

- არანაირად. "კა-გე-ბე" იყო მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს უშიშროების სამსახური და აქედან გამომდინარე, იმდენად სერიოზული ორგანიზაცია იყო, ისეთ არასერიოზულ ქმედებებს, როგორსაც დღეს ვანოს უწყება ახორციელებს, უბრალოდ არ იკადრებდა. მტკიცებულების გარეშე ვინმეს რომ დაეჭირე, გამორიცხული იყო.

მართალია, ბრალდებებს ისინიც თითხნიდნენ, მაგრამ ამას დახვეწილად აკეთებდნენ და არა ისე, როგორც დღეს აკეთებენ. მახსოვს, ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც წაგვიყენეს მე, თამრიკო ჩხეიძესა და მარიკა ბაღდავაძეს, იყო 120 მილიციელის ცემა. ხომ აბსუდია? კარგი, მე და მარიკა რომ გამოვირიცხოთ, წარმოიდგინეთ გაწრიპული თამრიკო ჩხეიძე როგორ სცემს თავის წილ 40 მილიციელს.

მაგრამ სასამართლოზე ისეთი მტკიცებულებები წარმოადგინეს, გაოგნებული დავრჩი. მოიტანეს დახეული ფორმები, დაგლეჯილი "პაგონები". დღეს კი ეს მტკიცებულებები აღარავის აინტერესებს.

- გინდათ თქვათ, რომ სასამართლო არ გვაქვს?

- სასამართლო ან არსებობს, ან არ არსებობს. ესენი კი ამბობენ, შუაში ვართო. შუალედი არ არსებობს.

- მოდით, თქვენს უშუალო პროფესიაზეც ვთქვათ, რამდენი პოლიტპატიმარი გვყავს დღეისათვის?

- 60. ოღონდ ეს რა ხალხია, იცით? ჩვენ გამოვყავით მხოლოდ ისეთები, რომლებიც განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო იხდიან სასჯელს. მაგრამ ისეთები, რომლებიც სისტემის უსამართლობის გამო ისჯებიან, გაცილებით ბევრნი არიან.

- სამოცი ცოტაა თუ ბევრი?

- ჩვენთვის ბევრია, მაგრამ ამათთვის ცოტაა. თუმცა მალე კიდევ ერთ ციხეს ააშენებენ და "იმედია," ეს ციფრი გაიზრდება, რადგან როგორც წესი, უსამართლობას დიდხანს ვერ ეგუება ხალხი და გამოთქვამს პროტესტს. პროტესტი და განსხვავებულ აზრს კი ხელისუფლებას ვერ იტანს!