"ნაციონალური" ბედნიერება - კვირის პალიტრა

"ნაციონალური" ბედნიერება

უბანში ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც დიდი ყურადღებით ვუსმენ ხოლმე. ყოველთვის კარგ რჩევებს იძლევა. გასაკვირი არცაა, ის ხომ ჩვენი უბნის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა, ხმაც მისი პატივისცემით მივეცი "ნაციონალებს" და ყოველთვის, როცა რამე მაწუხებს, მას მივმართავ. არჩევნებამდე უფულობა, წამლების სიძვირე და მსგავსი პრობლემები მაწუხებდა და ჩვეულებისამებრ, მას შევჩივლე. - ნუ გეშინია, დამამშვიდა, - გზას დავაგებთო.

მართალია, უგზობა ძალიან არ მაწუხებდა, მაგრამ მაინც დავმშვიდდი და ხმა "ნაციონალებს" მივეცი. ამ არჩევნების შემდეგ ჩემი მეზობელი მერიაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს.

სულ ახლახან ჩემნაირი მწირშემოსავლიანი კაცისთვის ძალიან ცუდი ამბავი გავიგე, - ავტობუსები შემცირდაო. თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ როცა სამსახურამდე მისასვლელად სამი ავტობუსი დამჭირდა, ცოტა გავმწარდი და ჩემს მეგობარ "ნაციონალს" მივაკითხე მერიაში.

- შენ არ მარწმუნებდი, ყველაფერი ხალხის სასარგებლოდ კეთდებაო, - შევძახე გაბრაზებულმა, -  რა არის აქ სასიკეთო?

უბნის მეგობარი უაღრესად დამამცირებელი ღიმილით შეეგება ჩემს კრიტიკულ წინადადებას, მერე სკამიდან მარდად წამოდგა და დამიყვირა:

- იცი, რა ჩავდეთ ამ იდეაში?

- არა, არ ვიცი, - ვუთხარი გაოგნებულმა, თან მივხვდი, მერიის მოხელეს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა:

- ერთ ავტობუსში რომ ჩაჯდები, მეორე ავტობუსში აღარ უნდა ჩაჯდე და მესამე ავტობუსამდე ფეხით უნდა მიხვიდე. ჩვენ ვზრუნავთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და სწორედ ამაზეა ეს პროექტი გათვლილი. აგერ მაქვს ენციკლოპედია, სადაც წერია, რამდენად სასარგებლოა ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის.

- ასეც ვიცოდი, - გამიხარდა მე და მეგობარს გადავეხვიე. - მაპატიე, რომ ჩვენი მერიის კომპეტენციაში და ხალხისადმი სიყვარულში ეჭვი შევიტანე.

უბნელმა ჩემი ბოდიში დიდსულოვნად მიიღო და მაპატია. მეც სახლში წამოვედი. წარმოვიდგინე, მერიის ამ ჯანმრთელობისთვის გამიზნული გადაწყვეტილებით, როგორ არ დამჭირდებოდა ექიმთან მისვლა კუჭის წყლულის, მარილებისა და გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის გამო. მივხვდი, რაოდენ დიდი თანხის ეკონომიას გავაკეთებდი ექიმთან მიუსვლელობით და ბედნიერებისგან ცრემლები მცვიოდა.

ასე ბედნიერად გავატარე ორი კვირა. ერთხელაც, ცნობილი გახდა, რომ წყლის გადასახადი გაიზარდა და გადაუხდელობის შემთხვევაში დენს ჩამიჭრიდნენ. გულმა კი მიგრძნო, რომ ესეც ჩვენს სასიკეთოდ კეთდებოდა, მაგრამ რა იყო ამაში სასიკეთო, რომ ვერ მივხვდი, ისევ ჩემს მეგობართან წავედი კონსულტაციისთვის.

- ვერ მიხვდი, ხომ? - მიმიხვდა მისვლის მიზეზს მერიის თანამშრომელი და სინანულით შემომხედა.

- გამოგიტყდები და ვერა, - ჩავღუნე უმწეოდ  თავი.

მეგობარი მომიახლოვდა, თავზე ხელი გადამისვა, დამამშვიდა და მითხრა:

- ჩვენ სიკეთეს არ ვამხელთ. სიკეთე უხმოდ უნდა აკეთოს კაცმა.

- ანუ? - ჩავეძიე მე.

- ანუ, წყალს ვამატებთ ა, ბ, ც და დ ვიტამინებს. როცა ადამიანი ამ წყალს სვამს, ჯანმრთელი და ბედნიერი ხდება.

- ღმერთო ჩემო, -  აღმომხდა მე, - სანამდე შეიძლება მივიდეს თქვენი კეთილშობილება? ეს რაც შეეხება ტარიფის მომატებას, ბარემ ისიც ამიხსენი, იმაში რა არის ბედნიერება, სამივე ტარიფი რომ ერთად უნდა გადავიხადოთ და ერთ-ერთის გადაუხდელობის შემთხვევაში სამივეს რომ გვითიშავენ?

- შენ ცოლი და ორი შვილი გყავს, ხომ?

- დიახ, - დავეთანხმე  და მივხვდი, სადღაც აქვე იყო სამივე ტარიფის ერთად გადახდის ბედნიერება.

- მერე? საჭმელი რომ მიგაქვს სახლში, სამივეს არ აჭმევ?

- დამისვა უაღრესად რთული შეკითხვა მეგობარმა და მკაცრად გადმომხედა.

ოთახიდან გამოვიპარე. ქუჩაში გამოვედი და რუსთაველის გამზირისკენ ავიღე გეზი. პარლამენტთან უამრავი ხალხი შეკრებილიყო, ის იყო, მათთან უნდა მივსულიყავი, რომ ჩემი მეგობარი წამომეწია მანქანით და წაგიყვანო, შემომთავაზა, ხოლო ჩემს შეკითხვაზე, ეს ხალხი რატომ იყო შეკრებილი, უცნაური პასუხი გამცა:

- ესენი უბედური და გაუგებარი ხალხია. ყველას შენსავით კი არ შეუძლია ჩასწვდეს დიად იდეებს. ვერ გრძნობენ ბედნიერებას და ამიტომაც გვაკრიტიკებენ.

- არც არიან ღირსები, - ამრეზით შევხედე შეკრებილ ხალხს და მეგობარს კიდევ ერთხელ სიყვარულით გავუღიმე.

დრო გადიოდა, მე ახალ-ახალ ბედნიერებებს ვიგებდი ტელევიზიიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან. ერთხელ კი, როცა მორიგი ბედნიერებისაგან გახარებული უბანში გავედი, ჩემი მეგობარი "ნაციონალი" უცნაურ ფორმაში შევნიშნე. ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით: -"სისხლისმსმელებო!" - ვერაფერს მივხვდი, ძველებურად გავუღიმე და ვკითხე:

- გაიგე, ძმაო, გუშინ რა ბედნიერება მოხდა? ბენზინი და ნიორი გაძვირდა. ხოლო ერთი კვირის წამლები რომ შევიძინო, ჩემი ორი თვის ხელფასი არ მყოფნის...

- მერე, რა გიხარია, შე უბედურო, წამოდი მიტინგზე! - უგულოდ მომიგო მან.

- სად წამოვიდე, იმ უმადურებთან და გაუგებრებთან? - გამიკვირდა მე.

- ვინ არიან უმადურები?! - აყვირდა მეგობარი, ამ დამპლებმა სიცოცხლე გაგვიმწარეს, ყველაფერი გაგვიძვირეს, როგორ უნდა ვიცხოვროთ? ჩვენ ვიკითხოთ, თორემ, თვითონ რა ენაღვლებათ, გულაობენ ბიუჯეტის ფულებით!.. ყველაფერს მივხვდი:

- მოგხსნეს, ხომ? - ვკითხე დაბალი ხმით.

მეგობარმა თავი ჩაღუნა და ჩუმი ხმითვე დამეთანხმა.

- წავედით მიტინგზე, - ვუთხარი მე.

- აჰა, შენ, ეს პლაკატი, მე კიდევ მაქვს, - მითხრა მან.