სააკაშვილმა გამარჯობა რომ მითხრა, მაშინვე მივხვდი, ვინ იყო - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა გამარჯობა რომ მითხრა, მაშინვე მივხვდი, ვინ იყო

ძალიან რთული პოლიტიკური ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციამ ისევ ვერ მოახერხა ხალხის მობილიზება და კრებაზე მისული ადამიანების სიმცირის გამო რუსთაველის პროსპექტი დატოვა.

თუმცა ამბობენ, რომ ბრძოლას მაინც გააგრძელებენ. ხელისუფლებამ კი თავის მხრივ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და გადასახადების მომატება დაიწყო. საზოგადოება გაბრაზებულია როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე. ჩვენც ამ საზოგადოებას ვეკუთვნით და რუბრიკის დღევანდელი სტუმარი საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან შევარჩიეთ.

ბატონ ბაკურ ბაკურაძეს კარგ დიზაინერად ვიცნობდით ყველა, მაგრამ ახლა ამპლუა შეიცვალა და არასამთავრობო ორგანიზაციას უდგას სათავეში.

- ბატონო ბაკურ, რა ჰქვია თქვენს ორგანიზაციას?

- ორგანიზაციას ჰქვია "თავისუფალი აზრის სახლი". თუმცა ამაში საამაყო არაფერია, რადგან დემოკრატიულ ქვეყანაში აზრად არავის მოუვა, გახსნას ისეთი ორგანიზაცია, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი.

- თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს საქართველოში თავისუფალ აზრს ვერ გამოხატავ?

- კი არ ვფიქრობ, ნამდვილად ასეა.

- თავისუფალი აზრის გამოხატვის გარდა, კიდევ რას საქმიანობთ?

- ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, გვაქვს სხვადასხვა პროექტი.

- მაგას ყველა არასამთავრობო აკეთებს.

- მაშინ გეტყვით, ჩვენ რომ დავუკაკუნეთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რამდენიმე არასამთავრობო აგვყვა და გამოცოცხლდა.

- ბატონო ბაკურ, ცოტა უცნაურია თქვენი დიდ პოლიტიკაში გამოჩენა. მიზეზი გვაინტერესებს.

- მე პოლიტიკაში ვარ დიდი ხანია. 95 წლიდან მოყოლებული, 2003 ის ჩათვლით, სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო პიარჯგუფის უფროსი ვიყავი.

- 2003 წელს ორი სახელისუფლებო ბლოკი იყო, თქვენ რომლის პიარს აკეთებდით?

- მაშინ რომ ცუდი იყო და ახლა რომ კარგად ეჩვენება ხალხს, იმ ბლოკის პიარმენეჯერი გახლდით. ანუ, შევარდნაძის.

- როგორ ფიქრობთ, შეცდომა იყო რევოლუცია?

- რა რევოლუცია, ხალხო, მინისტრები და დეპუტატები შეცვივდნენ პარლამენტში და მოითხოვეს შევარდნაძის გადადგომა... პირდაპირ გადაეყენებინათ, ვინ უშლიდათ? ცხრა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები თუ პრეზიდენტის წინააღმდეგი არიან, მოაწყვე იმპიჩმენტი.

- მართლა გულწრფელად გვაინტერესებს, რას ერჩით ხელისუფლებას?

- ისეთი ადამიანი მოვიდა ხელისუფლებაში, რომელიც იტყუებოდა და ამბობდა, ოპოზიციონერი ვარო. როგორ შეიძლება პრეზიდენტის დანიშნული მინისტრი იყოს ოპოზიციონერი? მერე მოიტყუა, სამგზავრო თვითმფრინავით ვისარგებლებო და 60-მილიონიანი თვითმფრინავი იყიდა. მერე მოიტყუა, ქვეყანას ავაშენებო, გავაგრძელო?- არ გვეყოფა თქვენი გაზეთი.

- მაშინ ოპოზიციის ტყუილები ჩამოგვითვალე.

- მაგას კი ეყოფა თქვენი გაზეთი, მაგრამ სხვა მასალებიც ხომ უნდა დაბეჭდოთ?

- პირადად იცნობთ მიშას?

- კი, რამდენჯერმე შევხვდი, გამარჯობის დასრულებისთანავე მივხვდი, ვინ არის.

- გამარჯობასაც იტყუება?

- ეგეთი ფსიქიკის ადამიანთან გამარჯობაც და ნაცნობობაც აუტანელია.

- ბაკურ, თქვენ ახალგაზრდა ხელოვანი კაცი ხართ, ხელოვანთა უმრავლესობა, ვინც "იჭკვიანა", დღეს კარგ კაბინეტში ზის...

- "მიშა მაგარია" ვინც იმღერა, ხომ? კი დაუფასდათ "ამაგი". ეგ კიდევ არაფერი, სააკაშვილის სტილისტები, გრიმიორები, მზარეულები ზოგი პარლამენტშია, ზოგი სამინისტროში.

- ახლა როგორც დიზაინერს, ისე გკითხავთ, პოლიტიკოსების ჩაცმულობა როგორ მოგწონთ?

- სხვათა შორის, ამ მხრივ "ცუდად" ნამდვილად არ გვაქვს საქმე. მინდა გამოვყო ქალბატონი ნინო კალანდაძე, შესანიშნავად იმოსება, ვერა ქობალიაც გადასარევად იცვამს, ისე ძალიან მინდა, კიდევ ბევრი იყოს ასეთი მინისტრი.

- სილამაზის ტრფიალი ხართ, ხომ?

- არა, მალე მინდა დამთავრდეს ეს ხელისუფლება.

- ნამეტანი ხმამაღლა ლაპარაკობთ, ბაკურ ბატონო, არ გეშინიათ?

- რისი უნდა მეშინოდეს? ვიცი, რომ ოფისის ქვემოთ 24 საათი დგას მანქანა, ვიცი, რომ "შტეფსელიდან" მისმენენ, ამას წინათ ჩავედი, მივადექი მანქანას და შიგ მჯდომს ვთხოვე, შტეფსელში აპარატურას ცოტათი დაუწიეთ, რადგან მობილური რომ რეკავს, შუილის ხმა გამოდის-მეთქი.

- მერე რაო, რა გითხრეს?

- არაფერი, გაითვალისწინეს და დაუწიეს. ეგაა ოღონდ, ამ ბოლო დროს ცოტათი გაბრაზებული ვარ მაგათზე... თავიდან ჩ კლასის "მერსედესებით" დამყვებოდნენ, მერე "აუდიზე" გადავიდნენ, ახლა "ოპელზე" ჩამომაქვეითეს. მთლად ამიგდეს, რა...