ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ჩინელი მონტიორი

გამარჯობა, პალიტრა, მინდა ერთი კურიოზი მოგიყვეთ, რომელიც სამსახურებრივი საქმიანობის დროს მოხდა. ელექტროკავშირის თანამშრომელი ვარ და ხშირად გვიხდება დაზიანებული ელექტროკაბელების შეკეთება. ერთხელ სასწრაფო გამოძახება გვქონდა და მთელი ჯგუფი გავედით შემთხვევის ადგილზე, მაღალ ბოძზე იყო კაბელი დაზიანებული, თუმცა ამ საქმის სპეციალისტი, ელექტრიკოსი ვალერი იგვიანებდა, ბოძზე კი მხოლოდ მას შეეძლო ასვლა.

ვჩქარობდით და უფროსმა საქენერგოდან მოიყვანა სხვა სპეციალისტი, ტანად პატარა კაცი, რომელიც ელვის სისწრაფით შეფრინდა 6-მეტრიან ბოძზე. ამასობაში ჩვენი ვალერაც მოვიდა. თავის ადგილზე ვიღაც კაცი რომ დაინახა, არ ესიამოვნა და გვკითხა, - ვინ არისო. უფროსმა თვალი ჩაგვიკრა და უთხრა:

- სულ რომ აგვიანებ, გაიგო უფროსობამ და ახალი თანამშრომელი გამოგვიგზავნა, ჩინელი სუნ ჯი.

- ხო, აბა რას იზამდნენ, ჩინელებისაა ეს ქვეყანა! - ჩაილაპარაკა ლეიბორისტული ფრაზა ვალერამ. ამ დროს ბოძიდან ხმა გაისმა:

- ერთი, ძმურად, "ატვიორკა" ამომიგდეთ ვინმემ. თვალები გაუფართოვდა ვალერას. დახეთ, როგორ კარგად უსწავლია ქართული ამ დედა... -სო, ხმამაღლა დაიყვირა. ელვის სისწრაფით ჩამოფრინდა ბოძიდან "ჩინელი", ძლივს დავაშოშმინეთ.

ვიტალი ბაღდავაძე, ქუთაისი

KvirisPalitra.Geბრაკონიერი

ეს ამბავი ერთმა ჩემმა მეგობარმა მიამბო, რომელიც წლებია გარემოს დაცვის ინსპექტორად მუშაობს:

ერთხელ მე და ჩემი მეწყვილე მორიგ შემოვლას ვატარებთ ჩვენი საპატრულო ტერიტორიის ირგვლივ, უცებ ტყის პირას გაჩერებული ჯიპი შევნიშნეთ, აი, კიდევ ერთი ბრაკონიერიო, თქვა ჩემმა მეწყვილემ.

ეჭვი შემეპარა, რადგან ასე აშკარად ბრაკონიერები არ მოქმედებენ და კოლეგას ვურჩიე, გზა გაგვეგრძელებინა, მან კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - რას ამბობ, პრემიას დავირტყამთ. შენ თუ არ გინდა, მარტო წავალ, ასე მსუყე ნაჭერს ხელიდან როგორ გავუშვებო და ჯიპისკენ აიღო გეზი, რამდენიმე წუთში დამწუხრებული სახით დაბრუნდა:

- რა მოხდა? - ვკითხე მე.

- რა მოხდა და, მივედი, მინაზე მივაკაკუნე, კაცმა გამოიხედა, - რა გნებავსო, მე ვუთხარი, გარემოს დაცვის ინსპექციიდან ვარ-მეთქი, მან კი უცებ მომიგო, მერე რა გინდა, კაცო, ქალთან ვარ, ირემთან ხომ არაო.

გიგა ბუბუტეიშვილი, თბილისი.