ბანკის ბარათი - კვირის პალიტრა

ბანკის ბარათი

- მამი, ტელევიზორი მიყიდე, რა, - მითხრა ჩემმა უმცროსმა შვილმა, როცა კიდევ ერთხელ, ტელევიზორის ყიდვის ნაცვლად, ჩემი ბავშვობის ალბომი დავათვალიერებინე. ბავშვის ცრემლიან თვალებს შევხედე, მერე ნიკო ლორთქიფანიძის ფრაზა, - ”დედა ხომ არ იზამდა ამას?!” ამეკვიატა და სასწრაფოდ გავედი სახლიდან ურყევი მიზნით, ფული მეშოვა და ბავშვისთვის ტელევიზორი მეყიდა. პირველი, რაც თავში მომივიდა, ბანკი იყო, მივალ და სესხს გამოვიტან, - გავიფიქრე სწრაფად და იმ ქუჩისკენ ავიღე გეზი, სადაც ბანკები მხარდამხარ იყო განლაგებული. "სპეტაკბანკი" შევარჩიე და შევედი.

- გამარჯობა, - მითხრა ოპერატორმა გოგონამ და გამიღიმა.

- ფული მინდა, - არ ვუპასუხე გამარჯობაზე მე.

- რამდენი? -  მკითხა გოგონამ და ისევ გამიღიმა.

- 300 ლარი, ტელევიზორი მინდა ვიყიდო, - ავუხსენი ჩემი მდგომარეობა.

- მაშინ, აგერ სესხების ბუკლეტია, გადახედეთ და აირჩიეთ. რა თქმა უნდა, დავათვალიერე ბუკლეტი და რა თქმა უნდა, ის სესხი ავირჩიე, რომლის გასწვრივ ფერადი ასოებით ეწერა: "კრედიტი მხოლოდ თქვენთვის, ყოველგვარი პროცენტის გარეშე".

- ხელფასი გაქვთ? - მკითხა გოგონამ და ისევ გამიღიმა.

- ხელზე მაძლევენ, - ვუთხარი მე.

- მაშინ სესხს ვერ მოგცემთ, - მითხრა და ისევ გამიღიმა.

გოგონას აშკარად ეტყობოდა, რომ ზედმეტი ტრენინგები ჰქონდა გავლილი, რაზეც ნერვები მომეშალა და ვკითხე:

- რა გაცინებთ?

გოგონას დაავიწყდა ტრენინგები და ყვირილით ამიხსნა, რომ სიცილი მისი იურიდიული უფლებაა და კონსტიტუციით მე არ მქონდა მისი აკრძალვის უფლება.

სიტუაციის გამწვავებას მოვერიდე და დავეთანხმე. ჩემი მორჩილებით გახარებულმა გოგონამ მითხრა, რომ იყო შანსი, სესხი ამეღო და ისევ გამიღიმა.

- რა შანსია? - გამიხარდა მე.

- ეს არის საკრედიტო ბარათი, სადაც დაგერიცხებათ ფული.

- უპროცენტოდ? - ვკითხე მე.

- უპროცენტოდ, - ისევ გამიღიმა გოგონამ.

სიკეთე ისევ ზეიმობს დედამიწაზე, მასონები ვერაფერს გვიზამენ, - გავიფიქრე, მაგრამ ჯერ კიდევ გაღიმებულ გოგონას მაინც ვკითხე:

- სულ არაფერი მიგაქვთ?

- სულ არაფერი, ბატონო, თუ არ ჩავთვლით ამ უმნიშვნელო ფორმულას, რომელიც გულისხმობს იმ მცირე გადასახადს, რომელიც ბანკის მომსახურებაში მიდის. აგერ ფორმულაც წაიკითხეთ - მითხრა გოგონამ და ფორმულა მაჩვენა: კ+2-3/ლოგ4-ლოგ2=0

- ესაა? - შემეშინდა მე.

- ჰო, რა იყო, მესამე კლასის მათემატიკაა, ვერ გაიგეთ? - დამცინა მან.

- რას ჰქვია, ვერ გავიგე, - ვთქვი და ნიუტონსა და აინშტაინს შორის მდგომი მეცნიერის სახე მივიღე. მერე ბარათი ჯიბეში ჩავიდე და ბანკი დავტოვე.

გარეთ გამოსული იქვე მდგარ "სპეტაკბანკის" ბანკომატს მივადექი, მაგრამ მან 300 ლარის ნაცვლად  მხოლოდ 280 გამოყო, რისთვისაც მადლობაც კი გადამიხადა. ბანკში დავბრუნდი და მოღიმარმა გოგონამ 20 ლარის დაკავება ასე ამიხსნა:

- ბანკომატიც ჩვეულებრივი არსებაა, რომელსაც სიცოცხლისთვის (ამ შემთხვევაში მუშაობისთვის) ფული სჭირდება. თქვენი აზრით, საიდან იშოვოს ფული 24-საათიან რეჟიმში მომუშავე საწყალმა ბანკომატმა, თუ არა თქვენგან? - მინდოდა მეკითხა, ძალიან ბევრი ხომ არ მიაქვს-მეთქი, მაგრამ მოღიმარი გოგონას აცრემლებულ თვალებს ვეღარ გავუძელი და სახლში ტელევიზორითურთ დავბრუნდი.

განვლო ზუსტად ერთმა თვემ და პროცენტის გადასახდელად მარად მოღიმარ გოგოს მივაკითხე.

- თქვენ მინიმუმ 25 ლარი უნდა გადაიხადოთ, - გამიღიმა მან.

- კი ბატონო, - ვუთხარი მე.

- აქედან 20 ლარი მიაქვს ბანკს და 5 ლარი დაგერიცხებათ ანგარიშზე, - გამიღიმა ისევ გოგონამ.

არა, მასონები არსებობენ, გამიელვა ისევ თავში და გულმოსულმა ფული გადავიხადე.

აღარ შეგაწყენთ თავს, ძვირფასო მკითხველო, იმ სიტყვების ჩამოწერით, რასაც მეძახის ცოლი ყოველი თვის ბოლოს, გეტყვით მხოლოდ, რომ 280-ლარიანი ტელევიზორი საბოლოოდ 1.590 ლარი დამიჯდა.

სამაგიეროდ, მათემატიკა ისე კარგად ვისწავლე, რომ შვილი მასწავლებელთან აღარ დამყავს და ცოტაოდენი ფულიც კი დავზოგე.