ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

უებარი წამალი

ეს ამბავი ცოტა ხნის წინ მოხდა კახეთის ერთ-ერთ რაიონში. ჩემი შორეული ნათესავი მიხა ნაცნობ ექიმთან მივიდა თხოვნით, რამე წამალი მასწავლე, არ მინდა, ცოლი დაფეხმძიმდესო. ნაცნობმა ექიმმა ფურცელზე რაღაც დაუწერა და აფთიაქში შეიძინეო, უთხრა. გავიდა რამდენიმე დღე და მიხა ისევ მივიდა ექიმთან:

- რა იყო მიხა, ფეხმძიმედაა ცოლი?

- არა, ექიმო, ფეხმძიმედ არა, მაგრამ რაც ის წამალი გამომიწერე, ლობიოც რომ ვჭამო, კუჭიდან მაინც კუპატებს გავდივარ.

გაირკვა, რომ მიხა ჩვეულებრივ პრეზერვატივებს ყლაპავდა.

ნოდარ კაჭარავა

KvirisPalitra.Geგერმანელი ტურისტი

ეს ამბავი გასული საუკუნის 80-იან წლებში მოხდა. სოხუმში ავტოინსპექტორად მუშაობდა ერთი კარგი მეგრელი კაცი, სახელად ვასკა. ვასკა ცნობილი იყო სამართლიანობითა და პატიოსნებით. მართალია, ამის გამო "ზემოთ"არ სწყალობდნენ, მაგრამ ხალხს ძალიან უყვარდა. ვასკა შესანიშნავი იუმორითაც გამოირჩეოდა.

ერთხელ "პოსტზე" ყოფნისას მანქანა გაჩერდა, საიდანაც მოხუცი უცხოელი გადმოვიდა. იერზევე შეეტყო, რომ გერმანელი იყო.

- მოსკოვის გზას ხომ ვერ მასწავლით? - იკითხა დამტვრეული რუსულით მოხუცმა გერმანელმა.

- ახლა დაგავიწყდა, არა? ორმოცდაერთში მშვენივრად იცოდი! - მიაძახა მეგრულად ვასკამ.

გიორგი ბერაია, სოხუმი.