საახალწლო სურვილები მსოფლიო ლიდერებს! - კვირის პალიტრა

საახალწლო სურვილები მსოფლიო ლიდერებს!

ვლადიმირ პუტინს!

-ბატონო ვლადიმირ! სიმართლე გითხრათ, გულზე ძალიან არ მეხატებით, მაგრამ ერთი თხოვნა მაინც მაქვს; - მოგეხსენებათ, ჩვენი პრეზიდენტი თქვენ გეჯიბრებათ (ისე, აჯობებდა, ვინმე ევროპული დემოკრატიის ლიდერს ეჯიბრებოდეს). ჰოდა, გეხვეწებით, ერთხელ მგზავრობის, დენის, წყლის გადასახადები ოდნავ დასწიეთ, მერე ცოტა ხნით სასამართლო დამოუკიდებელი გახადეთ, მერე საარჩევნო გარემო გააუმჯობესეთ, სულ ცოტა ხნით.

იქნებ, თქვენს ჯინაზე ჩვენმა მიშამაც იგივე გაიმეოროს და გვეშველოს.  ხო, ისა კიდე, ერთი ტენდერი ნემცოვს მოაგებინე. წინასწარ დიდი მადლობა.

ნატოს გენერალურ მდივანს!

- ბატონო რასმუსენ! მომისმინეთ კარგად, თქვენთან მხოლოდ ერთი საახალწლო სურვილი გვაქვს, - ან მიგვიღეთ ნატოში, ან - არა, ესაა სულ. დავიღალეთ  რა, მურმანის ეკალივით ნატოში მიღებასა და "ნატოში მიღების შანსი არა გაქვთს" შორის რომ ვართ გაკვეხებული.

ბარაქ ჰუსეინ ობამას!

- თქვენთან ბევრი თხოვნა გვაქვს, ბატონო ბარაქ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს გეტყვით. ყველაზე მეტად გვინდა, ცოტა ფული გამოუგზავნოთ საახალწლოდ ჩვენს მთავრობას, თორემ, დაერივნენ და მცირე აქვთ ბიზნესი, საშუალო, ოდნავ საშუალო თუ დიდი, არ ინდობენ არავის. გამოუგზავნეთ რა, ბარაქ, ცოტა ფული ამათ და დაგვანებონ იქნებ თავი. კიდევ, ისეთი მოწყობილობა არ გაქვთ, რომ გამოიცნოს, კანონი დემოკრატიულია თუ არა?

ან ისეთი მოწყობილობა მაინც მოგვეცით, ნამდვილი ოპოზიციონერი რომ ამოიცნოს, თორემ ამ ჩვენი ოპოზიციის წყალობით, მთელი ქვეყანა მიშას მომხრე ან მასთან შეკრული გვგონია. და კიდევ, ერთი გაგვაგებინეთ, ბატონო ბარაქ, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი რომ ეცემა, თქვენთანაც მაინც იწევს ფასი თუ ჩვენ ვართ ყველაზე ორიგინალურები?!

ევროკავშირის ლიდერებს!

- ბატონებო! თქვენთან სურვილზე მეტად გვაქვს კითხვა, მაპატიეთ, მაგრამ ხანდახან ჩვენი ოპოზიციონერებივით მაკვირვებთ რა. გამაგებინეთ, ხალხო, ნატოს სამიტია თუ ევროკავშირის, ამ რუსეთს ოკუპანტს და ქვეყნის ამომგდებს ეძახით და მერე როგორც დემოკრატიული და უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატი იქ ჩავატაროთო, ამბობთ. ამას ჩვენთან ყველაზე ჩამოუყალიბებელი ოპოზიციონერიც არ იზამს.

ირანის პრეზიდენტ აჰმადინეჯადს!

- ჩვენო ისტორიულო ძმაო! ძალიან მინდა  აქ ჩამობრძანდეთ და ვისაუბროთ წარსულზე, გავიხსენოთ კრწანისი, მარაბდა, მარტყოფი, გასახსენებლის მეტი რა გვაქვს. დავსხდეთ და ვიჭუკჭუკოთ, ოღონდ ერთი თხოვნა გვაქვს, მოდი, ჩვენი ამ ისტორიული მეგობრობის განსამტკიცებლად ირანში ერთ-ერთ ქუჩას გიორგი სააკაძის ქუჩა დაარქვით. ჩვენ კიდევ კახეთში შაჰ-აბასის ქუჩას გავხსნით.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს!

- ბატონო პრეზიდენტო! გილოცავთ ირანის პრეზიდენტთან დამეგობრებას, ძალიან გამოგადგათ მასთან ურთიერთობა. ახლა არც თქვენ გყავთ ოპოზიცია და არც იმას. ისე, 2013 წელს რას შვრებით? ეს აინტერესებს მთელ საქართველოს, ანუ ვისთან უფრო იმეგობრებთ, ბატონ აჰმადთან,  ბარაქ ობამასთან თუ ევროპის ქვეყნის რომელიმე ლიდერთან? არის კიდევ მეგობრობის ერთი ვარიანტი -  ალექსანდრე ლუკაშენკო, მაგრამ მე რომ ვაკვირდები, რომ არ გეჩხუბათ, მეგობრობა ყველაზე კარგად ვლადიმირ ვლადიმიროვიჩთან გამოგივიდოდათ.