ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ელიავაზე

ჩემი მეგობარი სანტექნიკოსი  მიამბობს: - ერთხელ ვდგავარ ელიავაზე და ვხედავ, შავი ჯიპი გაჩერდა, იქიდან შუახნის კაცი გადმოვიდა და იქ შეკრებილ მუშებს დაუწყო თვალიერება. ბოლოს, ერთ ადგილას შეჯგუფებულ სამ მუშას დაუძახა. გახარებული მუშები სწრაფად გაემართნენ ჯიპისკენ. ამის შემხედვარე ყველა მუშა შემოვესიეთ შავი ჯიპის პატრონს, მაგრამ ის ჯიუტად მარტო იმ სამ მუშაზე იძახდა, ესენი მჭირდება, თქვენ არაო. რა უნდა გვექნა, დავბრუნდით ჩვენს ადგილებზე.

თუმცა ერთი მუშა  არ ეპუებოდა და ჯიპის პატრონს ეხვეწებოდა, მეც, რა, ბატონო, მეცო. ჯიპის პატრონი უარზე იყო, მაგრამ მუშა რომ აღარ მოეშვა, ვეღარ მოითმინა და უთხრა: - კარგი, შენც  დადექი ამათთან, არაა პრობლემა.

გახარებული მუშა იმ სამ მუშას გვერდით ამოუდგა და იქიდან ამაყად დაგვიწყო ყურება, აქაოდა, რომ არ მოვეშვი, მეც გავიჩალიჩე სამუშაოო. ჯიპის პატრონმა კი მუშებს თვალი შეავლო და უცებ ხმამაღლა დაიწყო:

- წაგიყვანეთ, გასვით, გაჭამეთ და ესაა რემონტი, თქვენი დედა...?!…

ლევან გ-ძე, თბილისი

KvirisPalitra.Geმანქანა გახუნდა

ჩემმა მეგობარმა, კარგმა კახელმა კაცმა სოფელში რთველზე დაგვპატიჟა. ჩვენც ჩემი მანქანით გავემართეთ  სოფელ კარდენახისკენ. მზიანი დღე იყო. კარგ გუნებაზეც ვიყავით და ღიღინ-ღიღინით მივდიოდით გზაზე. მართალია, ჩვენი ნაყიდი  საჭმელ-სასმელი ჩვენს მასპინძელს არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ ხელცარიელად მისვლა შეგვრცხვა და ერთ სოფელში ბირჟაზე გავაჩერეთ. ჩემი მეგობარი მანქანიდან გადმოვიდა, ბირჟაზე შეკრებილ კახელებს მიუახლოვდა და ჰკითხა:

- უკაცრავად, ბიჭებო, აქ მაღაზია სად არის? ერთმა კახელმა დინჯად გადმოხედა და უთხრა:

- ეგერ რომ წითელი მანქანაა, ხედავ? ჰოდა, იმ მანქანის წინაა მაღაზია.

მეგობარი მანქანასთან მივიდა, მაგრამ მანქანა წითელი კი არა, ყვითელი იყო და თან მაღაზიასაც ვერ მოჰკრა თვალი და გაბრაზებული დაბრუნდა კახელებთან:

- სადაა იქ წითელი მანქანა, რას მატყუებთ ამხელა ხალხი? - დაიყვირა მან და საჩხუბრად მოემზადა.

დინჯ კახელს ჩემი მეგობრის ყვირილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ნახევრად დახუჭული თვალი გაახილა და უთხრა:

- წითელი იყო ის მანქანა, ეტყობა, მზისგან გახუნდა.  კახურმა იუმორმა ვითარება განმუხტა, მერე თვითონ ჩაგვიჯდა ის კახელი მანქანაში და მაღაზიასთან მიგვიყვანა.

კოტე ბანძელაძე, თბილისი