"სიდედრის ძაღლმა მიკბინა, მგონი, ჩაწყობილი ამბავი იყო..." - კვირის პალიტრა

"სიდედრის ძაღლმა მიკბინა, მგონი, ჩაწყობილი ამბავი იყო..."

იუმორისტობა "მანსანკანიდან" დაიწყო. ქართულ გუნდებს, მათ შორის "ნამდვილ თამადებს" რუსეთში არაერთხელ წაუღიათ მისი ხუმრობები, რასაც წარმატება მოჰყოლია. სტუდენტობის დროინდელი მეტსახელი დღემდე შემორჩა: ერთხელ ანეკდოტი მოჰყვა "ჩაინიკზე" და თანაკურსელმა "ჩაინიკა" შეარქვა. კობა ბარათელი ამბობს, - სასაცილო ის იყო, თავად ამ თანაკურსელს ისეთი გვარი ჰქონდა, მის წარმოთქმაზე ლექტორები ენას იტეხდნენო. კობა ბარათელთან სახალისო ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

- ძაღლების ძალიან მეშინია. პირველად კოჭზე მიკბინა ისეთმა პატარა ფინიამ, ჩემი კოჭისხელა არ იყო, მიწაზე არც ჩანდა. მერე სიდედრის ძაღლმა მიკბინა, მაშინ აცრა დამჭირდა. მგონი, სიდედრის ჩაწყობილი ამბავი იყო... ერთი პერიოდი ქუთაისში ვრჩებოდი, სცენარებს ვწერდი. გვიან მიწევდა შინ მისვლა და ფეხით რაღაც მანძილის (დაახლოებით 300 მეტრი) გავლა. ჩემს მეგობარს დიდი ქოლგა ჰქონდა, იმას გამოვართმევდი ხოლმე, გავშლიდი და ქუჩის ძაღლებს ქოლგით ვაშინებდი.

თვითმფრინავით ფრენის შიში მაქვს, თუმცა სამჯერ მაინც ვიფრინე. ისრაელში მივფრინავდით, ნევროზი მქონდა და "კორვალოლს" ვსვამდი. რომ ჩავედით, წამლის ბოთლი ხელიდან გამივარდა და გატყდა. ოთხ დღეში უკან ვბრუნდებით, რა ვქნა? იქაურ პროდიუსერს ვთხოვე, "კორვალოლი" ეშოვა, მაგრამ ისრაელის აფთიაქებში არა აქვთ თურმე გაყიდვაში. ერთი ქართველი მანდილოსანი დამეხმარა, რომელიც იქ მუშაობდა და მას მოჰქონდა ხანდახან თბილისიდან, თორემ ემიგრანტად ვრჩებოდი. მანამდე ბიჭიკაშვილი მეუბნებოდა: ნუ გეშინია, იმდენი "კორსიზი" წამოვიღე, დავნაყოთ და წყალში გავხსნათ, იგივეაო.

კიდევ უცხო ენის კომპლექსი მაქვს. არც ერთი უცხო ენა არ ვიცი. უცხოეთში ყოფნისას, ასე მგონია, უეჭველად დავიკარგები, თან - იმ დღესვე. ასეთი შეგრძნება მაქვს, თუ ვინმე არ მახლავს. თუკი წავსულვარ სადმე, მეგობრების იმედად.

- ვინმეს უცნაური თხოვნით მოუმართავს?

- ორი წლის წინ ბაზარში ინდაური და გოჭი ძალიან ძვირად მომყიდეს. გამყიდველები ახლო-ახლო ისხდნენ და ერთ-ერთმა მითხრა: ბატონო კობა, ისე ნუ წახვალთ, გაგვაცინეთო. - ბიჭო, გოჭი 150 ლარად მომყიდეთ, ინდაური 120-ად და კიდევ მე გაგაცინოთ, საქმე სასაცილოდ მაქვს? ჯერ დამიკელით და მერე გაგაცინებთ-მეთქი.

- ბოლოს მოსმენილი ანეკდოტებიდან რომელი მოგეწონათ?

- შეიძლება ახალი ანეკდოტი არცაა. გურულს ეკითხებიან, როგორ ხარო? - ხომ ხარ ახლა ღირსი, რომ დაგაჯინო და მოგიყვეო (იცინის)! ვიცოდი ამ ანეკდოტის იგივე ვერსია, ქუთაისელი რომ პასუხობს: რაღა მაინცდამაინც მაგი მკითხე ახლაო?!. გურული ვარიანტი უფრო მომწონს. გარდა იმისა, რომ კარგი იუმორი აქვთ, ისინი უბრალო ფრაზას ენამოსწრებულად ამბობენ, თან გურული კილო ნათქვამს კიდევ უფრო ამშვენებს, მარა იმერული იუმორი და განსაკუთრებით - ქუთაისური, ჩემთვის ყველაზე ახლობელი და მშობლიურია. იხილეთ სრულად

ნანული ზოტიკიშვილი