"მთელმა საქართველომ ცოცხალი ჯაჭვი რომ გააკეთა, თელაველებმა გურჯაანის მხარეს ცალხელა კაცი დააყენეს, ერთმანეთისთვის ხელი რომ არ ჩაეკიდათო" - კვირის პალიტრა

"მთელმა საქართველომ ცოცხალი ჯაჭვი რომ გააკეთა, თელაველებმა გურჯაანის მხარეს ცალხელა კაცი დააყენეს, ერთმანეთისთვის ხელი რომ არ ჩაეკიდათო"

ბესო ბერულაშვილის იუმორი გამორჩეული და განსაკუთრებულია. მისი სახალისო ისტორიები, სხარტულები და ანეკდოტები საქართველოს ყველა კუთხეში ლამის ზეპირად იციან.

ბესო ბერულაშვილი: - საერთოდ არ მიყვარს წინასწარ დაზუთხული ისტორიები, ექსპრომტად გამოთქმული ხუმრობა ყველაზე კარგია. ამის ოსტატები არიან ვახო ტატიშვილი, ჯემალ ბაღაშვილი და სხვები. ვახო ტატიშვილის ერთ სკეტჩს მოგიყვებით: რა კარგი რამეა სკლეროზი, ყოველდღე ახალ-ახალ ამბებს იგებ და სულ გიხარია. მაგალითად, გუშინ გავიგე, თურმე იური გაგარინი კოსმოსში გაფრენილა და თქვენ არ იცით, რა გახარებული ვარო. მე და გეგე სულხანიშვილი სუფრასთან ხშირად ვართ ერთად. ერთხელაც, ვქეიფობთ მე, გეგე და მამუკა მესხი, რომელიც ჩემი მეგობარია. მამუკამ დალია, აღარ გვისმენდა და როგორც იტყვიან, თავისთვის "აჯაზებდა". გეგემ უყურა, უყურა ნასვამ თანამესუფრეს და მითხრა: პორტიდან გემი რომ გადის და ნაპირს შორდება, ზუსტად ასე შორდება სამი ჭიქის მერე სუფრას მამუკა მესხიო. სხვათა შორის, მე ბევრი მსახიობი ვიცი, რომელიც სცენაზე იუმორის ლომია, მაგრამ სცენიდან რომ ჩამოვა, ბაჭიაც არ უნდა იყოს. ამ მხრივ არაჩვეულებრივი იყო რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ყოველდღიურ ყოფაში და სუფრასთან ნამდვილ სპექტაკლებს დგამდა. მისი ნიჭიერება მხოლოდ სცენით არ შემოიფარგლებოდა.

ისევ ჩემს კახელებს დავუბრუნდები: თელაველებსა და გურჯაანელებს შორის არსებული პაექრობა იუმორში ყოველთვის აისახება. მაგალითად: 2008 წლის ომის დროს მთელმა საქართველომ პროტესტის ნიშნად ცოცხალი ჯაჭვი რომ გააკეთა, თელაველებმა გურჯაანის მხარეს ცალხელა კაცი დააყენეს, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ ჩაეკიდათ. მოგვიანებით, ამაზე ყველა ბევრს იცინოდა. გურჯაანელები ხუმრობენ: მართალია, გეგე თელავში ცხოვრობს, მაგრამ დედა ჰყავდა გურჯაანელი და ამიტომაც უყვარს ყველასო... მოკლედ, კახური იუმორი ამოუწურავი და განსაკუთრებულია.

ხათუნ აციგოგიძე

ჟურნალი "გზა"