ახალი წელი სამეზობლოში - კვირის პალიტრა

ახალი წელი სამეზობლოში

ძალიან მიყვარს ახალი წელი. მეცხრე სართულიდან რომ დავიწყებ მეზობლებთან სტუმრობას, პირველამდე სულ ქეიფ-ქეიფით ჩამოვდივარ. არც ამ ახალ წელს დამირღვევია ტრადიცია და კანფეტებით დატვირთული მერვე სართულზე ჩავედი მეზობელთან, რომელიც პოლიტიკურად ოპოზიციონერი იყო და სტუმრებიც პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ჰყავდა მიწვეული.

- გწყალობდეთ ღმერთი! დავიძახე მე და ოთახში კანფეტები შევყარე.

ჩემს გამოჩენას ყიჟინით შეხვდნენ და ქეიფიც გახურდა. თამადა რატომღაც მალე დათვრა და ერთ-ერთი განსხვავებულის დალევის დროს მის წინ მჯდომ კაცს აუხირდა:

- ბატონო, თქვენ არ დაგილევიათ, - უყვირა და თვალები დაუბრიალა.

- დავლიე, ბატონო, - ფეხზე წამოდგა თამადისგან ბრალდადებული. - დავლიე და აგერ შალვას გადავაწოდე.

- რომ გეუბნები, არ დაგილევია, - აყვირდა თამადა, - მე მაქვს ფაქტები, რომ არ დაგილევია.

- დადე მერე, თუ გაქვს ფაქტები, - აყვირდა ის კაციც და მალე ისეთი ჩხუბი ატყდა, რომ იძულებული გავხდი, ჩავრეულიყავი.

- რა გაჩხუბებთ, ხალხო?! - ვთქვი მე და ჭიქას ხელი მოვკიდე, - მეგობრები არა ხართ? - მოკლედ, მე ახლა წავედი და მინდა დაგიბაროთ, რომ მომავალ წელს გესვათ, გეჭამოთ, ერთმანეთი არ შეგეჭამოთ!

ღვინის დალევისთანავე ოჯახი დავტოვე, მაგრამ იქ იმნაირი მტვრევის ხმა ისმოდა, რომ აშკარად ეტყობოდა, ჩემი სადღეგრძელო არ გაუთვალისწინებიათ. მე კი მეექვსე სართულის მეზობელთან ჩავედი, რადგან მეშვიდეზე მცხოვრებმა ბიზნესმენმა კარი არ გამიღო, აქაოდა, შენ მეზობელი კი არა, საგადასახადოს თანამშრომელი ხარო. მეექვსეზე სიყვარულითა და მიმტევებლობით ცნობილი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.

- გწყალობდეთ ღმერთი! – დავიძახე მე და ოთახში კანფეტი შევაგდე.

- რა ღმერთი? - დამიღრიალა ოჯახის უფროსმა, რომელსაც ნოდარი ერქვა, - იქნებ ზოგიერთი მეზობელი სხვა რელიგიის წარმომადგენელია, ან ათეისტია, როგორ ბედავთ ადამიანის უფლებების დარღვევას?

- აბა როგორ უნდა მეთქვა, ბატონო? - გამიკვირდა მე.

- როგორ და, - ჩაფიქრდა ნოდარი, - როგორ და, აი ასე - გწყალობდეთ ის, რისიც გწამთ.

რა უნდა მექნა, შევბრუნდი კარებისკენ და ბატონი ნოდარის ტექსტი გამოვიყენე, თუმცა ახლა მისი ცოლი ამიყვირდა.

- რაებს იძახით და როგორ ბედავთ აქ მოსვლას და ასეთი ტექსტის თქმას?!

- ნოდარმა მითხრა, ასე უნდა თქვა, თუ გვინდა დემოკრატიაო, - დავიბენი მე.

- ვინ ნოდარმა? -  დაიღრიალა სათნოებით ცნობილმა ქალმა და ასევე სათნოებით ცნობილ მეუღლეს თავზე ნაძვის ხე გადაამტვრია. ახლა უკვე ნოდარი ყვიროდა გამწარებული:

- როგორ ბედავ, ქალბატონო, როგორ ბედავ და ლახავ ჩემს უფლებას! მაგრამ ქალბატონი ნოდარის სიტყვებს არად დაგიდევდათ და ახლა უკვე დიდი "პოლისჯოხით" განაგრძობდა ნოდარის უფლებების შელახვას. როგორც იქნა, გავაშველე და სუფრასთან დავსხედით. შეყვარებულმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს სიყვარულით აკოცა, მერე მე დამარიგეს, რომ მთავარია სიკეთე და მიმტევებლობა, ერთმანეთის აზრის პატივისცემაო.

უკვე კარგა მთვრალი ვიყავი, მესამე სართულზე რომ ჩავედი, სადაც ჩემი კარგი მეგობარი, პოლიციის უფროსი ცხოვრობდა. სახლში შევედი თუ არა, პირველი, რაც თვალში მომხვდა, ის იყო, რომ სუფრას შსს-ს თანამშრომლების გარდა, წამყვანი ტელევიზიის მუშაკებიც უსხდნენ.

- აბა, დაილოცე, - მხიარულად მითხრა მეზობელმა. - ეს ხალხი დამილოცე, შინაურები ვართ აქ, ნუ მორცხვობ.

მეც ავდექი და სტუმარ Kჟურნალისტებს ობიექტურობა, სიმართლის სიყვარული და ხვავი და ბარაქა ვუსურვე, თუმცა მათ მხოლოდ ხვავი და ბარაქა მოეწონათ. ჭიქა სულმოუთქმელად დავლიე და ჟურნალისტებს გადავხედე, მეგონა, სამადლობელს მოიხდიდნენ, თუმცა ისინი ჯიუტად დუმდნენ და პოლიციელს შეჰყურებდნენ.

როგორც იქნა, სამართალდამცავმა ჟურნალისტებს რაღაც ანიშნა, რის შემდეგაც მასმედიის წარმომადგენლები ფეხზე წამოდგნენ და სამივემ ერთხმად მითხრა ერთი და იგივე სამადლობელი ტექსტი. მერე კი რატომღაც ისევ ჩემს მეზობელს მიაჩერდნენ, მან ისევ ანიშნა რაღაც ჟურნალისტებს და ისინიც დასხდნენ.

იმ ოჯახიდან გამოსული უკვე კარგა მთვრალი ვიყავი და მეორე სართულის მეზობელთან ჩავედი, რომელიც მერიაში მუშაობდა. კარი დაუკაკუნებლად შევაღე. მეზობელი სუფრასთან მარტო იჯდა. სუფრას თვალი გადავავლე, როგორც იტყვიან, ჩიტის რძე არ აკლდა.

- საიდან ასეთი შესაძლებლობა? - გამიკვირდა მე.

- ეს გოჭი მეექვსე სართულის მეზობელმა მომიტანა, აბა როგორ უნდა, თუ სადმე გასვენება და ქორწილია, მაგის მჟავე ღვინოს ვასაღებინებ და კარგი ღვინის ვაჭარს ყველანაირად ვუკეტავ გზას.

ჰოდა, ამას დაფასება უნდა. რაც შეეხება სხვა პროდუქტს, პირველი სართულის მეზობლებმა მოიტანეს. რას კითხულობ, მოდი, ჭამე, სვი და გაიხარე.

მეც რა მენაღვლებოდა, ვჭამე, ვსვი და გავიხარე. უკვე ისეთი მთვრალი ვიყავი, რომ ჩემი სახელის გასახსენებლად პასპორტში ვიყურებოდი. თუმცა პირველი სართულის მეზობლები მაინც არ დამვიწყებია. ვიფიქრე, მერიის თანამშრომელ მეზობელს თუ ძღვნად ასეთი პურმარილი მიუტანეს, თავად ხომ მთლად მაგარი ექნებათ-მეთქი და ერთ-ერთთან შევედი:

- გწყალობდეთ ღმერთი! - ვთქვი ენის ბორძიკით და უკანასკნელი კანფეტი ვისროლე, თუმცა უშედეგოდ. ოთახში არავინ დამხვდა.

შუაში დიდი ცარილი მაგიდა იდგა, ხოლო ირგვლივ ყველას ეძინა.

სუფრას მივუახლოვდი და თეფშებზე დაწყობილ რაღაც ფურცლებს მოვკარი თვალი. გადახდილი გადასახადების ქვითრები იყო!