ძარცვა სვანურად - კვირის პალიტრა

ძარცვა სვანურად

ეს ამბავი რამდენიმე ხნის წინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, როგორც კრიმინალური ფაქტი. არადა, ნამდვილი კურიოზია და ჩემს ახლობლებს შეემთხვათ.

ერეკლე და ჯიმშერი სვანები არიან და როგორც ბევრი ქართველი, ისინიც წავიდნენ უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნელად. კანადაში რამდენიმე დღის ჩასულები იყვნენ.

ინგლისური არ იცოდნენ, სამსახური ვერ იშოვეს და წვრილ-წვრილი ქურდობით ირჩენდნენ თავს. ერთ დღესაც, ქალაქში ხეტიალისას, ერთ-ერთი მაღაზია შეათვალიერეს, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით, დაცვა არ ჰყავდა. კი გაუკვირდათ, მაგრამ უფრო გაუხარდათ და გეგმაც დასახეს, ოღონდ ამჯერად გაცილებით სერიოზული, - მაღაზიის გაძარცვა მოინდომეს. მეორე დღეს, შებინდებისას, სათამაშო იარაღი და ნიღბები მოიმარჯვეს და მაღაზიას მიადგნენ.

ერეკლე გამყიდველ გოგონას მივარდა და სვანურად უყვიროდა, არ გაინძრეო. ხოლო ჯიმშერი დახლებს მიადგა. გოგონა რაღაცას ინგლისურად კი ამბობდა და იღიმებოდა, მაგრამ ერეკლე რას გაიგებდა... ათიოდ წუთში ყველაფერი მორჩა და ბიჭებიც ხელდამშვენებული დაბრუნდნენ თავიანთ ბინაში. აქ თითქოს კურიოზული არაფერია, რომ არა მაღაზიის წინ გამოკრული აბრა, სადაც ინგლისურად ეწერა: "უპოვართა მაღაზია, ყველაფერი უფასოდ", გოგონა კი ერეკლეს ეუბნებოდა: - რატომ გვძარცვავთ, მიბრძანდით და აიღეთ უფასოდ, რაც გნებავთო.

გიორგი ბაღდავაძე, ქუთაისი.