"ამ დროს შევნიშნე, რომ მოდის. ვეძებ ფეხსაცმელს, ვერ ვპოულობ, რა ვქნა?" - "პირველი პაემანი" - კვირის პალიტრა

"ამ დროს შევნიშნე, რომ მოდის. ვეძებ ფეხსაცმელს, ვერ ვპოულობ, რა ვქნა?" - "პირველი პაემანი"

მსახიობ ჯემალ ღაღანიძის მოგონება:

გამოცდები

- თეატრალურ ინსტიტუტში მსახიობის ოსტატობაში მისაღებ გამოცდას იბარებდა ბატონი დიმიტრი (დოდო) ალექსიძე - შესანიშნავი რეჟისორი, პედაგოგი და არაჩვეულებრივი პიროვნება, სასცენო მეტყველებაში კი ქალბატონი მალიკო მრევლიშვილი. ვიცოდი, ითხოვდნენ ლექსს, იგავ-არაკს, პროზას. ასე თუ ისე, მომზადებული ვიყავი. ვკითხულობდი რევაზ მარგიანის ლექსს მშვიდობაზე, კრილოვის იგავ-არაკს "ბატები" და აკაკი ბელიაშვილის ნოველას "ბედის უკუღმართობა". რაც შეეხება ეტიუდებს, ცოტა დავიბენი. წინასწარ მომზადებას აზრი არ ჰქონდა. გამომცდელი რასაც მოიფიქრებდა, იმ ამოცანას მოგცემდა. პირველი გამოცდა მსახიობის ოსტატობაში გვქონდა. გამომიძახეს და შემიყვანეს აუდიტორიაში, სადაც კომისიის ათამდე წევრი იყო. - შენი სახელი, ყმაწვილო? - მკითხა ბატონმა დოდო ალექსიძემ. - ჯემალი, - ამოვილუღლუღე. - ჯემუკი, შეყვარებული თუ გყოლია, პაემანზე თუ ყოფილხარ? - მხრები ავიჩეჩე. - მაშინ, გაგგზავნი პაემანზე... და დაიწყო ამოცანა: გოგო დაიბარე პაემანზე, ბაღში ელოდები. ის იგვიანებს, ნერვიულობ, აქეთ-იქით დადიხარ. თან, ახალი ფეხსაცმელები გიჭერს, იტანჯები. სკამზე ჩამოჯექი და ერთი ფეხსაცმელი გაიხადე. ის იყო, შვებით ამოისუნთქე, რომ დაინახე შენი შეყვარებული მოდის. ფეხსაცმლის ჩაცმა მოინდომე, მაგრამ ვერ იპოვე, რას მოიმოქმედებ? ხუთი წუთი ვიფიქრე და მოქმედება დავიწყე. ბაღში ვითომ ყვავილებს ვწყვეტ და შიგადაშიგ საათს დავცქერი. ის კი არ მოდის. აქეთ-იქით კოჭლობით დავდიოდი. რაც დრო გადიოდა, სიარულს ვუმატებდი და უფრო ვკოჭლობდი. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე, სკამზე ჩამოვჯექი, მარჯვენა ფეხზე ფეხსაცმელი გავიხადე და შვებით ამოვისუნთქე, თან საათს დავაცქერდი. ყვავილების თაიგული ავიღე, გვირილის ფოთოლი მოვწიწკნე: "ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ..." ამ დროს შევნიშნე, რომ მოდის. ვეძებ ფეხსაცმელს, ვერ ვპოულობ, რა ვქნა? არადა, გოგო მიახლოვდება. უცებ გავჩერდი, ჰალსტუხი მოვიხსენი, მარჯვენა ფეხზე გადავიხვიე, შეწუხებული სახე მივიღე, ვითომ ფეხი მტკივა და შეყვარებულს კოჭლობით შევხვდი. - ყოჩაღ! - მომესმა ბატონი დოდოს ხმა: - ჯემუკი, თავისუფალი ხარ! ოფლში გაწურულმა აუდიტორია დავტოვე.

მეორე გამოცდა სასცენო მეტყველებაში მქონდა. ასე ამბობდნენ, ქალბატონი მალიკო მრევლიშვილი ძალიან მკაცრი და მომთხოვნიაო. - ყმაწვილო, აბა, წაგვიკითხე ლექსიო! - დავიწყე და... დავამთავრე. - ყმაწვილო, მოგწონს ეგ ლექსი? - მკითხა ქალბატონმა მალიკომ. სანამ პასუხს გავცემდი, თვალი ლამაზი, ნაწნავიანი ქალისკენ გაექცა. ის მალიკოს უკან იჯდა. ამ ლამაზმა ქალმა ხელით მანიშნა, - არაო! მეც, მექანიკურად ვუპასუხე, არა-მეთქი. - მაშინ, რატომ შეჩერდი ამ ლექსზე? - სკოლა საინგილოში დავამთავრე, ქართული ლიტერატურის არჩევის საშუალება არ იყო. ეს ლექსი კი გაზეთიდან ამოვიწერე, თან მშვიდობაზეა, - ვიმართლე თავი. - ჰოო, თქვეს და აღარ გააგრძელეს. წამაკითხეს იგავ-არაკი და ნოველა, ნოველაზე ბევრი იცინეს. მივხვდი, საქმე კარგად იყო. აუდიტორია გახარებულმა დავტოვე. ის ლამაზი ქალი ქალბატონი თათია ხაინდარავა აღმოჩნდა. იხილეთ სრულად