მე თოვლის ბაბუ ვარ... - კვირის პალიტრა

მე თოვლის ბაბუ ვარ...

- კარგი ფული იშოვება ამ საქმეში, - მითხრა ჩემმა ნაცნობმა ორდიპლომიანმა ინჟინერმა დეკემბრის ერთ დილას.

- რა საქმეში? - ყურები დავცქვიტე მე.

- აი, ამაში, - დააზუსტა ინჟინერმა და თოვლის ბაბუის სრული ატრიბუტიკა (წვერი, ნაბადი და ხურჯინი) დამანახა, შარშან 1.500 ლარზე მეტი დამრჩა. ჰა, ჩაიცვი და იმუშავე. მე კიდევ მაქვს. სიხარულისგან გული გეომეტრიული პროგრესიით ამიჩქროლდა. გაზეთში ჩემი თავი დავარეკლამე და 31 დეკემბერს დაველოდე.

პირველი შეკვეთა ექიმის ოჯახისგან მქონდა. მეც ხურჯინგადაკიდებული მივადექი სახლს და ფრთხილდ დავაკაკუნე.

- ლომელი ხალ? - მომესმა პატარა ბავშვის ხმა.

- თოვლის ბაბუა ვალ, კანფეტები მოგიტანე, - ენა მოვიჩლიქე მეც.

Kკარი გამიღეს. მე ოთახში შევვარდი და ცეკვა დავიწყე, თან პატარა ბიჭუნას კანფეტებს ვაძლევდი. ბიჭუნას მამა, ცნობილი ექიმიც აგვყვა მხიარულებაში.

- ახალ წელს გილოცააავთ! - დავიძახე ბოლოს და სკამზე ჩამოვჯექი.

- რამდენია ჩვენზე? - მკითხა ექიმმა და ჯიბისკენ ხელი წაიღო.

- 20 ლარი, - ვუთხარი მე და ის იყო ჩემი ჰონორარი უნდა მიმეღო, რომ პატარა ბავშვი მომიახლოვდა, მაჯაზე ხელი მომკიდა, მერე ფიქრიანი მზერა მომაპყრო და ხმადაბლა თქვა:

- მამა, ამ თოვლის ბაბუის ფერი არ მომწონს, გასინჯე, რა...

ექიმმა შუბლზე ხელი მომადო, მერე წნევა გამისინჯა, მერე სიცხე, მერე რაღაც წამლები გამომიწერა და მითხრა:

- ესე იგი, 20 ლარი ჩემგან გეკუთვნით, 50-ს გამოვაკლოთ ოცი... ჰო, 30 ლარია თქვენზე.

რა უნდა მექნა? ფული მივეცი და მეორე კლიენტთან წავედი, რომელიც ცნობილი პოლიტიკოსი იყო. ვიფიქრე ფულის მეტი რა ექნება, ამჯერად მეტს მოვითხოვ-მეთქი. კარი იქაც პატარა ბიჭუნამ გამიღო.

- ჩემს ფერს ნუ მიაქცევ ყურადღებას, კარგად ვარ, - ვუთხარი ბავშვს და შეშინებული სახით შევყარე კანფეტები ოთახში.

ბავშვს ჩემი დანახვა გაუხარდა და მითხრა იცეკვეო, მეც ვიცეკვე, ბავშვს ესიამოვნა და ახალი ბრძანება მომცა, იმღერეო, ესეც შევუსრულე. პატარას სახე უფრო გაებადრა და მამას გასძახა:

- მამი, შენ რომ ტელევიზიიდან გყავდა თანამშრომლები, ზუსტად ასე არ შვრებოდნენ?

ცნობილ პოლიტიკოსს გაუხარდა, შვილი რომ მას ჰგავდა. ბავშვს თმაზე ხელი გადაუსვა და ღიმილით უთხრა:

- ჰო, შვილო, მაგრამ მაშინ მე ვუკრავდი და ისინი ცეკვავდნენ... ნუ გეშინია, დაკვრასაც გასწავლი.

ბავშვი ქებისგან გაიბადრა, მერე მამას თვალი ჩაუკრა და მითხრა:

- თქვენ გექნებათ გალამაზებული ქუჩები, დენი, გაზი, დაგიგებთ ასფალტს... გექნებათ ფული.

- მომეცით მერე, - დავიკვნესე მე.

- მოგცემთ, მოგცემთ, გვაცალეთ ჯერ, - მითხრა ბავშვმა და კარებთან მიმაცილა.

სიმწრისაგან ტუჩები მოვიკვნიტე და კიბეებზე დავეშვი. ყურში ბავშვის მამის კმაყოფილი შეძახილი ჩამესმა, ყოჩაღ, შვილო!

ახლა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ფული წინასწარ ამეღო და ამ მყარი გადაწყვეტილებით მივედი მომდევნო კლიენტთან.

- შემოვდგი... - ვთქვი მე და კანფეტები მოვიმარჯვე.

- რა შემოდგი? - გაოცდა კარის გამღები პატარა გოგონა და კანფეტებს შოტლანდიური სეტერივით მიაჩერდა.

- მომეცი ფული და გეტყვი, - ამაყად ვთქვი მე.

ბავშვის დედამ ფული მომცა. "ასე უნდა მექნა თავიდანვე", გავიფიქრე გახარებულმა და - გწყალობდეთ ღმერთი, - დავასრულე დაწყებული სიტყვა. მერე კი პირველი ჰონორარით გახარებულმა ისეთი ცეკვა და სიმღერა დავიწყე, რომ ბავშვის დედამ მკითხა, თოვლის ბაბუა ხარ თუ სუხიშვილიო?

როგორც იქნა, მოვრჩი ყველაფერს და კარისკენ წავედი.

- ერთი წუთით დაიცადეთ, ეს გრჩებათ, - დამიძახა ქალმა და ფურცელი მომაწოდა.

- ეს რა არის? - გამიკვირდა მე.

- ეს ჯარიმის ქვითარია. ფული რომ მოგეცით და თქვენ ჩეკი არ გამომიწერეთ! მე საგადასახადოდან ვარ, - მითხრა ქალმა და მონა ლიზასავით შეუცნობლად გამიღიმა.

ახლა უკვე მართლა ცუდად გავხდი და პირველ კლიენტ ექიმთან მივბრუნდი. ექიმს ფირმის, - "ტორტი სახლში მიტანით", მომსახურე ბიჭი გაეტიტვლებინა, მუცელზე ფონენდოსკოპი დაედო და ნაღვლის ბუშტის ამოჭრის აუცილებლობას უმტკიცებდა. მე რომ დამინახა, ყველაფერს მიხვდა, ისევ გამსინჯა, ახალი წამლები გამომიწერა, რაც ფული მქონდა, გამომართვა  და გამომიშვა.

აღარ მოვყვები, მერე  როგორ დამაჯარიმა გარემოს დაცვის ინსპექტორმა მის სახლთან კანფეტების დაყრისთვის, როგორ ჩამომართვა მერიის თოვლის ბაბუების ფედერაციის წარმომადგენელმა ლიცენზია. მოკლედ, დილით ჩემი დავალიანება 1.000 ლარზე მეტი იყო. ამ ფიქრებით დანაღვლიანებული დავჯექი ერთი ღარიბული სახლის წინ და მწარედ ავტირდი.

უცებ ნაბიჯების ხმა შემომესმა. ღარიბული სახლიდან პატარა ბიჭი გამოვიდა, ჩემს დანახვაზე თვალები სიხარულით აუცრემლიანდა, მერე მოვიდა, მაკოცა, ხელში ხილი და კანფეტები ჩამიყარა და მითხრა:

- გილოცავ ახალ წელს, თოვლის ბაბუა, მადლობა, რომ მოხვედი და ნატვრა ამიხდინე!..