როგორ იყენებენ ერთ ფაქტს საქართველოში სხვადასხვანაირად - კვირის პალიტრა

როგორ იყენებენ ერთ ფაქტს საქართველოში სხვადასხვანაირად

ბოლო დროს დავაკვირდით და საქართველოში ისეთი რაღაცები ხდება, უცხოელს კი არა, მარსელს არ დაესიზმრება. მხოლოდ ჩვენთანაა შესაძლებელი,  კონკრეტული ფაქტი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ, მთავრობამ თუ ოპოზიციამ, სამოქალაქო და არასამოქალაქო საზოგადოებამ სათავისოდ გამოიყენოს, ამიტომაც ხალხის აზრი ხან ორად, ხან ოთხად და ხანაც თოთხმეტად იყოფა.

მაშ ასე, ავიღოთ რომელიმე გამოგონილი ამბავი და ვნახოთ როგორ ”დაამუშავებენ” ამ ინფორმაციას:

მაგალითად: ლაპლანდიიდან საქართველოს ეწვია ნამდვილი სანტა-კლაუსი.

"ინტერპრესნიუსი": - ლაპლანდიიდან საქართველოს ესტუმრა ნამდვილი სანტა-კლაუსი. ოფიციალურ თბილისს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

"კურიერის" სპეცგამოშვება: - სანტა-კლაუსი საქართველოშია, ნამდვილი სანტა-კლაუსი, რომლის ჩამოსვლას უკვე მიესალმა დასავლეთი და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიის ხარისხის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

ტ/კ ”კავკასია", გადაცემა "სპექტრი": რა არის ახლა ეს, რა ამბავი ატეხეს, ბატონო გუბაზ, თითქოს სხვა ქვეყანაში არ დადიოდეს სანტა. სირცხვილია უბრალოდ ამხელა აჟიოტაჟი.

გუბაზ სანიკიძე: - ჯალალედინებს, ილღაზებს და ბუღა თურქებს ყოველთვის ესტუმრებოდნენ ხოლმე დასავლეთიდან მოგზაურები, რადგან აინტერესებდათ როგორები არიან ცოცხალი პირსისხლიანი მმართველები.

ლეიბორისტები: - ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართველი ხალხის ფული ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია. როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია, ჩვენს ჯიბეებში ხელს ყოფენ და მილიონებს ხარჯავენ უაზრო შოუებში. ჩვენ გპირდებით, რომ ეს მტარვალები ამ და კიდევ ბევრი ფაქტის გამო, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

ექსპერტი: - მისი ჩამოსვლა უკავშირდება დასავლეთის გააქტიურებას აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩინეთი, რომლის გავლენა უფრო და უფრო თვალში საცემი ხდება.

"ქრისტიან-დემოკრატები": - რა თქმა უნდა მივესალმებით ყველა იმ მოვლენას, რომელიც საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე წარმატებას მოუტანს, მაგრამ არის შეკითხვები, რომელზეც ხელისუფლებას ჯერ პასუხი არ გაუცია და თუ ამ პასუხებს ვერ მივიღებთ, იძულებული ვიქნებით, ჩვენი მოსაზრება ვაცნობოთ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ ელჩებს.

"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის": - დიახ, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში, დიახ, მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ”დედ მოროზთან" მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ზვიად ძიძიგური: - კარგია ლაპლანდიელი სანტა-კლაუსი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სვანეთიდან ჩამოსული თოვლის ბაბუა.

არასამთავრობოები: - ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ დაირღვა თუ არა ადგილობრივი სანტა-კლაუსების უფლებები ამ ფაქტის გამო და ამისათვის მოვითხოვეთ გრანტი, რომლის მიღების შემდეგ ინფორმაციას მივაწოდებთ მოსახლეობას.

"პოსტსკრიპტუმი": - ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლაპლანდიაში, ეს არის სახლი, სადაც დაიბადა და გაიზარდა სანტა-კლაუსი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მის მუსიკალურ კოლექციაში აღმოჩნდა სუხიშვილების დისკი, რაც იმის მაუწყებელია, რომ სანტა დიდი ხანია იცნობს საქართველოს და მის კულტურას.

პრეზიდენტი: - ჩემო ქართველო ხალხო, ნამდვილი სანტა-კლაუსის საქართველოში ჩამოსვლა არის უდიდესი მოვლენა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი კავკასიისათვის. მინდა გითხრათ, რომ ლაპლანდია, რომელიც ისტორიულად არის ჩვენი სამშობლოს მეგობარი, ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.

როცა მე პირველად შევხვდი სანტას, მან მკითხა, სვანეთი მართლა ისეთი ლამაზია, როგორც თქვენი თოვლის ბაბუა მეუბნებაო? მე ვუთხარი, ჩამობრძანდით და თავად დარწმუნდით-მეთქი. მინდა მადლობა გადავუხადო მას ჩამობრძანებისთვის. ზოგიერთს ეგონა, რომ საქართველო წინ ვერ წავიდოდა და მხოლოდ ”დედ მოროზების" ამარა დარჩებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ჩვენ არ ჩამოვიშალეთ და შევძელით ნამდვილი სანტა-კლაუსის ჩამოყვანა, ხოლო ”დედ მოროზი" ვერასოდეს დაადგამს ფეხს ჩვენს მიწაზე.

სანტა-კლაუსი: - არავის ჩამოვუყვანივარ. უბრალოდ, თურქეთში მივდიოდი და მირჩიეს, ყველაზე მოკლე გზააო. არ ვიცნობდი ამ ქვეყანას, პირველად ვარ. სააკაშვილი გამიგონია. მითხრეს, რომ გიჭირთ. ყYველაფერი კარგად იქნება!