ფელეტონი - კვირის პალიტრა

ფელეტონი

- მთას თავი უნდა მოვაჭრათ აჭარაში, - მითხრა ჩემმა უფროსმა და ოდნავ დარცხვენილმა შემომხედა, - სულ ზევიდანაა ბრძანება...

ჯერ ვიფიქრე, რომ მომეჩვენა, მერე ვიფიქრე, რომ თმა მითხრა და არა მთა და ამ იმედს ჩავებღაუჭე.

- რას მიყურებ, ვერ გაიგე? მთა უნდა მოჭრა! - გადამიწურა იმედი უფროსმა. თუმცა მე ჩემსას არ ვიშლიდი და ამჯერად ყურები  მოვისინჯე, მაგრამ ამაოდ, - ორივე ყური ადგილზე მქონდა და სრული დატვირთვით მუშაობდა.

- როგორ უნდა მოვჭრა მთა? - მოვისაწყლე თავი და უფროსს საცოდავად შევაჩერდი.

- როგორც ზემოდან მითხრეს, უნდა გააკეთოთ დიდი ბირდაბირი და იმით... თურმე ბათუმის თავზე ღრუბლებმა რომ არ მოიყარონ თავი და წვიმამ დამსვენებლები არ გააქციოს, ამისთვის ყოფილა საჭირო - მიპასუხა ზემდგომმა, ამოიოხრა და თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა.

უფროსის მდგომარეობაში შევედი და გამხნევების ნიშნად მხარზე ხელი მოვუთათუნე.

- მაგრამ ეს ყველაფერი არაა... - დაიწყო ისევ უფროსმა.

საშინელების მოლოდინში წარბებიც კი ყალყზე დამიდგა.

- აბა, კიდევ რა უნდა ვქნა? - ვიკითხე სულ მთლად მომჩვარულმა.

- რა უნდა ქნა და სვანეთში მწვერვალი უნდა გაანათო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერა არც შენ აგცდება და არც მე!

ზემდგომს წინადადება არც კი ჰქონდა დამთავრებული, რომ გული წამივიდა. ჩემს უფროსს რომ არ ემარჯვა და წყალი არ ესხურებინა, სამუდამოდ დავტოვებდი ოპოზიციის გარეშე ისედაც ეულად დარჩენილ საქართველოს.

- რა იყო, შე კაცო, - გამამხნევა მან, - აგერ ვართ ყველა და მოგეხმარებით!

მოგეხსენებათ, პროფესიით ინჟინერი ვარ, ხიდებს ვაშენებ, გვირაბები გამყავს, სახლების ფასადებს ვღებავ, მაგრამ მთის მოჭრა და განათება არსად გამიგია და წამიკითხავს, ამიტომ ოთახში ნახევრად გულწასული სავარძელზე დავჯექი და ფიქრი დავიწყე.

- რას შვრები, - შემომხედა უფროსმა ფიქრებში წასულს, - იდეა გაქვს, თუ შევუკვეთო ბირდაბირი?

- შეუკვეთე ბირდაბირი, - ვუთხარი მე და ფეხზე წამოვდექი.

გიგანტური ბირდაბირი უცხოეთში ჩამოვასხმევინეთ. მეფოლადემ ჯერ პროფილაქტიკის მიზნით შუბლზე მომადო ხელი, მერე, როცა დარწმუნდა, რომ ჩემი ტემპერატურა ნორმალური იყო, მკითხა:

- თქვენ რომელი ქვეყნის ხელისუფლებიდან ხართ?

- საქართველოდან! - ამაყად მივუგე.

მეფოლადემ ჩემი შუბლიდან ხელი აიღო, ააო, - თქვა და დამშვიდდა.

- გეთქვა მერე, კაცო, რას შემაშინე, ჩემი მეგობრის ფირმიდან შენმა კოლეგებმა მთის გასანათებელი ტექნიკა შეიძინეს.

5 დღეში უზარმაზარი ბირდაბირი მზად იყო! მისი დამზადება და ტრანსპორტირება ჩემი უწყების საკმაოდ დიდი ბიუჯეტის 35 პროცენტი დაჯდა. რამდენიმე თვე მე და ჩემი თანამშრომლები ვხერხავდით მთას, თუმცა მუშები ნელ-ნელა გვტოვებდნენ და სახლებში მიდიოდნენ; ერთმა მუშამ წასვლისას ისიც კი მითხრა, შენ რომ უფროსი ხარ და მე - მუშა, იმ სახელმწიფოს რა ვუთხარიო. მერე უზარმაზარ ბირდაბირს კიდევ ერთხელ შეხედა დამცინავად და კაცობრიობისათვის დღემდე უცნობი გინებით დატოვა მთის ტერიტორია.

2 თვის შემდეგ სამუშაოდ მხოლოდ მე და ჩემი უფროსი დავრჩით ხერხის და ღვთის ანაბარა, მთის წვერი კი ძველებურად იდგა... სწორედ ამ დროს სულ ზევიდან ზარი გაისმა! ნომერს დახედა თუ არა, ჩემს უფროსს მკვდარსა და თითქმის მკვდარს შორის რომ ფერია, ის ფერი დაედო სახეზე და გისმენთო, - ჩასძახა, შემდეგ კი ასეთი დიალოგი მოვისმინე:

- დიახ, ვჭრით, ბატონო!

- ...

-  დიახ, რა თქმა უნდა, ხერხით მშვენივრად იჭრება, კარგად მოგიფიქრებიათ.

- ...

- განათებაც ადვილია, დიახ, ჰესი ავაშენეთ მწვერვალთან და ახლა გავანათებთ.

- ...

- დიახ, ძალიან იაფი დაჯდა, თითქმის არაფერი, ჰესი და კიდევ რამდენიმე რაღაც... სულ ეგაა...

- ...

- ორ თვეში ჩამოხვალთ და გახსნით? გელოდებით, ნახვამდის!

ყურმილის დადებისთანავე ჩემს უფროსს მკვდრისფერი ჯერ მწვანეში გადაუვიდა, მერე - წითელში, მერე - ნარინჯისფერში, მერე - ავაჰმეო, - დაიძახა და ქარაფიდან გადახტომა დააპირა, მაგრამ მე განზრახვას მივუხვდი, თან წამის მეათასედში ისიც გავიფიქრე, რომ პირველ პირს მარტო უნდა დავხვედროდი და უფროსს ხელი ვტაცე.

- ნუ გეშინია, იდეა მაქვს, - ვუთხარი და წყალი შევასხურე.

ჩემი იდეით, მთის წვერისთვის მიწა უნდა მოგვეყარა და მერე კარგად დაგვეტკეპნა, ისე, რომ ბირდაბირით გადაჭრილს დამსგავსებოდა! უფროსმა ისეთი მოსიყვარულე თვალებით შემომხედა, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, გრძნობა ვნებაში არ გადასვლოდა, ამიტომ სწრაფად მოვკიდე ხელი და იდეის განხორციელებას შევუდექით.

მალე ყველაფერი მზად იყო! დარჩენილი იყო სვანეთში მწვერვალის განათება, სადაც ჩვენი ბიუჯეტის 45%-ის შემწირავი ჰესი დასასრულს უახლოვდებოდა, ეს პრობლემაც მალევე მოვაგვარეთ, მართალია ქარაფებზე ჩამოკიდებული მუშები კარგა ხანს აკანტურებდნენ თავებს და ჩემს დანახვაზე პირჯვარსაც იწერდნენ ხოლმე, მაგრამ ერთ-ერთ ქარაფზე მშვენიერი ჰესი მაინც ავაგეთ და მწვერვალი ისე გავანათეთ, რომ იქიდან აჭარაში გადაჭრილი მთაც მშვენივრად ჩანდა, სვანები, კახელები, აჭარლები გაოგნებულები შესცქეროდნენ უდიდეს საოცრებას - გადაჭრილ მთას და განათებულ მწვერვალს...

პრეზიდენტიც მოვიდა უკრაინულ დელეგაციასთან ერთად (ძირითადად - ქალებთან), ჩამრთველს ხელი დააჭირა და მთა გაანათა! ვგრძნობდი, ამის შემხედვარე ჩემს უფროსს სიყვარულიანი თვალები უკვე ვნებით უელავდა, მაგრამ რაღას დავეძებდი!..  ყველას გვიხაროდა და ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, ერთი კახელი სოფლის გამგებელი რომ არ მომახლოებოდა და არ ეთქვა:

- შენი ჭირიმე, შენ შემოგევლე, ჩემს სოფელს მთა ფარავს და ყურძენს სიტკბოს უკარგავს, ჰოდა, პრეზიდენტმა იმ მთის იმერეთში გადატანა დამავალა! იქნებ როგორმე დამეხმარო...