დავიცვათ და გადავარჩინოთ სამყარო - კვირის პალიტრა

დავიცვათ და გადავარჩინოთ სამყარო

- კიდევ ერთხელ მასესხე 50 ლარი და მეტს აღარ გთხოვ, - ვუთხარი მეგობარს მორცხვად.

მეგობარს ჩემი ნათქვამის მიმართ "გონივრული ეჭვი" კი გაუჩნდა, თუმცა ერთი ამოიოხრა და 50 ლარი მაინც მომცა.

ფული ჯიბისკენ როგორც შემეძლო, ისე სწრაფად გავაქანე და წასვლა დავაპირე, მაგრამ მეგობარმა მხარზე ხელი გადამხვია და მკითხა:

- ჩემ გარდა რამდენი მეგობარი გყავს?

- ასე, ათამდე... - ვუპასუხე გაკვირვებულმა.

- ანუ, მაქსიმუმ ერთ თვეში ფულის მასესხებელი მეგობრების რაოდენობა ამოგეწურება... ხომ არ ჯობია, საქმეს მოჰკიდო ხელი?

- რა საქმეს, სადაა საქმე... - ცრემლები წამომივიდა  თვალებიდან.

- არასამთავრობო ორგანიზაცია გააკეთე და რაღაცა დაიცავი, კაი ფული იშოვება მანდ, მე, მაგალითად, სამფეხა, უკბილო მგლებს ვიცავ; შენც მოძებნე ისეთი რამე, რასაც არავინ იცავს და იშოვი ფულს.

მეგობარს გულითადი მადლობა გადავუხადე და მზადება იმ დღესვე დავიწყე... ერთ კვირაში არასამთავრობო, თავისი წესდებით, მზად იყო! ახლა მთავარი იყო, ჩემი ორგანიზაციის თანადამფუძნებლებთან ერთად იმაზე მეფიქრა, რა დაგვეცვა...

- მელოტები რომ დავიცვათ? - გამოთქვა აზრი ერთმა თანადამფუძნებელმა.

- არ გამოვა, მაგათ უკვე იცავენ, ჩემს მეზობელს აქვს მასეთი არასამთავრობო, "მერე რა, რომ მელოტი ვარ'" ჰქვია...

- მაშინ, დავიცვათ მელოტები, რომლებსაც კუჭის წყლული აქვთ, - უკან არ დაიხია იდეის ავტორმა.

- ეს შეიძლება, მაგრამ მგონი, ასეთიც უნდა იყოს, - თქვა მეორემ და ინტერნეტში მოძებნა, მერე თავი უიმედოდ გააქნია და არისო, - თქვა.

- მოიცადეთ, მეგობრებო! - გამინათდა უცებ გონება, - მოდი, დავიცვათ  კუჭისწყლულიანი მელოტები, რომლებიც ცოლებმა მიატოვეს!..

იდეა იმდენად ბრწყინვალე იყო, რომ ჩემმა მეგობრებმა ტაშიც კი შემოკრეს და სამივე უცხოელთა მიერ (კეძოდ, ჰოლანდიელთა) დაარსებულ ფონდში წავედით.

- გამარჯობა! - მოგვესალმა სანდომიანი სახის უცხოელი, - რამ შეგაწუხათ?

- ჩვენ კუჭისწყლულიანი მელოტები გვინდა დავიცვათ, ცოლები რომ გაშორდნენ და ახლა ბედის ანაბარა დარჩენილები დადიან ცოდვილ დედამიწაზე. არავინაა მათი პატრონი, ისინი არ ცხოვრობენ, მხოლოდ ცოცხლობენ და  განა ჩვენი ვალი არაა, ვიზრუნოთ მათზე?! თუ ჩვენ მათი შველა შეგვიძლია და არ ვშველით, რა პასუხი გავცეთ შთამომავლობას? - წარმოვთქვი გულისამაჩუყებელი მონოლოგი.

უცხოელს თვალზე ცრემლი მოადგა:

- რა ხალხი ხართ ეს ქართველები, სულ ახლახან 10.000 დოლარი მივეცი ადამიანებს, რომლებიც ძირმაგარისგან გატანჯულ, ნაღვლის ბუშტის ანთებით დაავადებულ მარტოხელა დედებს იცავენ. იმათაც ისე ამატირეს...

- მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჩვენი ბიზნესი და ათასი საქმე გვაქვს, - განვაგრძე მე, - გადავდეთ ყველაფერი და ამ საქმისთვის თავის შეწირვას ვაპირებთ.

- დიახ, დიახ, ისინიც ასე ამბობდნენ, - აბუტბუტდა უცხოელი და კიდევ ერთი ღერი სიგარეტი მისცა ჩემს მეგობარს, რომელმაც მოუბოდიშა, სიგარეტი მანქანაში დამრჩაო.

- რამდენი გინდათ? - საქმიანი იერი მიიღო უცებ.

- ერთი კუჭისწყლულიანი მელოტის დაცვას საშუალოდ 100 დოლარი სჭირდება, სტატისტიკური მონაცემებით კი საქართველოში 10000-ზე ოდნავ მეტი ასეთი მელოტია...

- ღმერთო ჩემო, - აბუტბუტდა უცხოელი, - იმათაც ეს ციფრი მითხრეს! მაშ ასე, მე მოგცემთ 100.000 დოლარს, მაგრამ იცოდეთ, საქმე უნდა გააკეთოთ და დამანახოთ, რომ მართლა იცავთ მელოტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსება შეგიწყდებათ!

- რა თქმა უნდა! - მტკიცე ხმით ვუპასუხე მე და გარეთ გამოვედით.

იმ ფულიდან 200 დოლარით ბუკლეტები გამოვუშვით, სადაც უგულო ხალხს მოვუწოდებდით, შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ კუჭის წყლულით გატანჯული, ცოლგაშორებული, უწყინარი  მელოტებისთვის; მერე ტელევიზიების თანხლებით მივედით ერთ მელოტთან და კამერების წინ საჯაროდ გადავეცით ტანსაცმელი და ტკბილეული (40 ლარის იყო სულ), დანარჩენი ფული კი სამ ნაწილად გავყავით და ოჯახებში შევიტანეთ!

უცხოელი ჩვენი მუშაობით აღფრთოვანებული დარჩა, ის კი არა, ჩემმა მეგობარმა დაარწმუნა, რომ მისი მოცემული  ფული არ ჰყოფნიდა და მელოტებს თავისი ჯიბიდან ეხმარებოდა, რის შემდეგაც უცხოელმა დაფინანსება კიდევ 2.000 დოლარით გაგვიზარდა.

ახლა მაქვს კარგი სახლი, მყავს კარგი მანქანა, დამშვიდებული სიდედრი და მოსიყვარულე ცოლი. ჩემი ფირმა კი იზრდება! ჩემმა მეგობარმა ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა და ახლა ჩვენი არასამთავრობოს ეგიდით კუჭისწყლულიან, ცოლგაშორებულ კოჭლ მელოტებს ეხმარება!  დანარჩენები დღე და ღამე იმას ვფიქრობთ, კიდევ როგორი მელოტები დავიცვათ, უცხოელს ხომ ბევრი ფული აქვს!..

მეგობარი შემხვდა ამას წინათ. 50 ლარი დავუბრუნე და რესტორანშიც დავპატიჟე. ის სამფეხა მგლების გარდა, თურმე ხმაჩახლეჩილ ბულბულებსაც იცავს...