ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

მიცვალებული გაქრა

ეს ამბავი ერთ-ერთ კახურ სოფელში მოხდა. 87 წლის ასაკში გარდაიცვალა შაქრო პაპა, ყველასათვის საყვარელი კაცი. რა თქმა უნდა, მეზობლებმა თავი მოვიყარეთ მის ეზოში და დაკრძალვის შესახებ ბჭობა დავიწყეთ. პირველ რიგში  ყინულის მომარაგება იყო საჭირო. აგვისტო იდგა და ძალიან ცხელოდა. მეზობელ მიტოს სახლში მანქანა-მაცივარი ჰყავდა. ვთხოვეთ, ყოველდღე ყინულის ზიდვას, ჯობს, მოიყვანე ის მაცივარი, დადგი ეზოში და ღამით შაქრო პაპა შიგ მოვათავსოთ, დილით კი ისევ "ზალაში" ავიყვანოთო. დაგვთანხმდა. ჰოდა, ყოველ ღამით "ვინახავდით" შაქრო პაპას მაცივარში, დღისით, პანაშვიდების დაწყებამდე კი "ზალაში" აგვყავდა.

არ ვიცი, კურიოზია თუ არა, მაშინ გაღიმებასაც ვერავინ გაბედავდა, მაგრამ დიდი დრო გავიდა და მოყოლა უკვე შეიძლება. მოკლედ, გასვენების წინა ღამით ისევ ჩამოვიყვანეთ მიცვალებული და მაცივარში შევასვენეთ...… ბიჭებს მანქანა-მაცივრით ქელეხისთვის ლიმონათი და "ბორჯომი" მოეტანათ, მოაჯირის ქვეშ სუფრა გაეშალათ და სვამდნენ; ჩვენც შევუერთდით და კარგად გამოვთვერით. მეორე დღეს მივადექით მაცივარს შაქრო პაპას "ზალაში"” ასაყვანად, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, - მიცვალებული მაცივარში არ დაგვხვდა.

აქეთ ვეცით, იქით ვეცით, მაგრამ რაც არ იყო, რას ვიპოვიდით? არადა, უკვე ხალხმა იწყო მოსვლა. საქმეში პოლიციაც ჩაერია, მაგრამ ვერსად მივაგენით. ვერც ვამხელდით, რომ მიცვალებული დავკარგეთ. შუადღე იყო, როცა ეზოში ლიმონათისა და ბორჯომის მაცივრიანი მანქანის მძღოლი გინებ-გინებით შემოვარდა: - ე რა მიყავით, ვირიშვილებო, ბალღ დილით მაცივრიდან "ბორჯომის" ამოტანა ვთხოვე და სად წავიდა, კაცმა არ იცის, მხოლოდ ის დავინახე, შიშისგან რომ ბღაოდა. მალე გაირკვა ჩვენი შეცდომა - შაქრო პაპას ცხედარი მთვრალებს ბორჯომისა და ლიმონათის მანქანა-მაცივარში შეგვინახავს.

KvirisPalitra.Geთავში აუვარდა

საგარეჯოში ყველა იცნობდა მაჭანკალ ლოლას, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ხანუმას. მის მეზობლად ცხოვრობდა ბერბიჭა რომანი. ერთ მშვენიერ დღეს ლოლამ თავისი მეზობლის გაბედნიერება გადაწყვიტა. სასიძოს მანქანით წავიდნენ სოფელ სართიჭალაში ქალის გასასინჯად. მიადგნენ საპატარძლოს ეზოს. მაჭანკალმა უთხრა სასიძოს:

- ჯერ მე შევალ, ქალის მშობლებსა და ახლობლებს დაველაპარაკები. შენ მანქანაში დამელოდე, მერე  ერთად შევიდეთ და ოჯახს გაგაცნობ.

მაჭანკალი სახლში შევიდა, აქო  და  ადიდა სასიძო, ცამდე აიყვანა, ლამის ანგელოზის ფრთები შეასხა. რომანის მანქანა ფანჯარასთან ახლოს იდგა და სასიძომ ეს ქება-დიდება სიტყვასიტყვით მოისმინა.

მაჭანკალი მის შესაყვანად რომ გამოვიდა,  დიდი ინტერესით ჩაეკითხა:

- შიგნით ახლა ეს ყველაფერი ჩემზე ილაპარაკე?

- კი, შენზე ვილაპარაკე.

სასიძო ამაყად გაიმართა წელში და მაჭანკალს უთხრა:

- მა აქ რა გვინდა?   წამო,  უკეთესი  ქალი  მოვძებნოთ.

ნ.. ბაშალეიშვილი