მიშას საქართველო "ერთჯერადი პლასტმასის შერატონია" - კვირის პალიტრა

მიშას საქართველო "ერთჯერადი პლასტმასის შერატონია"

2011 წელი ძალას იკრებს. დამთავრდა გართობა და განახლდა ჩვეული პოლიტიკური დაპირისპირება, თუმცა ამჯერად ოპოზიციაში ატყდა ვაი-უშველებელი - გასული წლების შეცდომების ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყეს და რაც უნდა კეთილმოსურნე თვალით დააკვირდე, ვერ გაარკვევ, ვინ მტყუანია, ვინ - მართალი. ამასობაში პრეზიდენტმა ხალხის შეკითხვებს უპასუხა და კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია.

ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ ცნობილ პოლიტიკოსს, საკრებულოს წევრს, ქალბატონ თინა ხიდაშელს:

- ქალბატონო თინა, როგორ მოგეწონათ პრეზიდენტის ბენეფისი?

- განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, ჩვეულ ამპლუაში იყო, ანუ ისევ სჯერა იმისი, რასაც ამბობს. მას თავისი საქართველო აქვს, იქ ცხოვრობს და აცხოვრებს თავისიანებს, ნამდვილი საქართველო კი სხვაა და მას ამის ცოდნა არ სურს. ხომ თქვა, დავფრინავ ბევრსო, ჰოდა, მართლა დაფრინავს... ბათუმში უფრო მეტი სასტუმროა, ვიდრე მოსკოვშიო, ეს დასაჯერებელია? "ერთჯერადი პლასტმასის შერატონია" მისი საქართველო. ფული რომ მქონოდა, წინასაახალწლოდ აუცილებლად გავაკეთებდი რეკლამას - ჩემი ასაკის ადამიანებს მივმართავდი თხოვნით: - დედებო და მამებო, ვისაც ჩემსავით პატარა შვილები გაყვთ, უყიდეთ სათამაშოები საახალწლოდ, რაც შეიძლება ბევრი, იმიტომ, რომ თუ ბავშვობაში არ ითამაშებენ, რომ გაიზრდებიან, შეიძლება რომელიმე მათგანი პრეზიდენტი გახდეს და ის დაემართებათ, რაც ახლა სააკაშვილს სჭირს - ქვეყნით თამაშს დაიწყებენ.

- კიდევ ერთ მის ფრაზას შეგახსენებთ: "მშიერი კაცი საქართველოში არ ცხოვრობს".

- ის დღეს თბილისშია, თავის რეზიდენციაში, ხვალ - ბათუმში, კიდევ უფრო ძვირად ღირებულ კომფორტულ გარემოში, ზეგ - შვეიცარიაში; მერე ნიუ-იორკში წავა სრულიად გაუგებარ ღონისძიებაზე დასასწრებად, მერე - ბარსელონაში, ვახშმად, ასე რომ, ნამდვილად არ ეცოდინება, ქვეყანაში ვის შია და ვის - არა.

- თუმცა ხალხი ამას მშვიდად უსმენს...

- საქართველოში სულ სამი გადაცემაა, რომელთაც ყველა უყურებს და ჩემდა გასაოცრად, ძალიან რეიტინგულია; ესენია: "ცხოვრება მშვენიერია", მაია ასათიანის "პროფილი" და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ.

- ქალბატონო თინა, იდეა მაქვს: ყველა რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" შევიდეთ, ხომ ვიცხოვრებთ ყველა მიშას საქართველოში?

- კარგი იდეაა, მაგრამ ვინც "ნაცმოძრაობაშია", ყველა კარგად არ ცხოვრობს...

- თქვენი პარტია მემარჯვენეა, თუმცა ამ ბოლო დროს სოციალური პრობლემატიკით დაინტერესდით, რა ხდება, აღარ ხართ მემარჯვენეები?

- როცა ქვეყანაში ხალხი  შიმშილობს, რა დროს მემარჯვენე-მემარცხენეობაზე ლაპარაკია? ჩვენ ნატოში შესვლა ხალხთან ერთად გვინდა, თანაც სააკაშვილი კი არა, საქართველო გვინდა ნატოში ვიხილოთ. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს და არც ნატო აინტერესებს, არც - რუსეთი.

- ამ ბოლო დროს ხალხში ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზას: "შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ და ტრიფონსაც დაიჭერენ"... მართლა ასეა საქმე?

- მაგაზე მეორე ფილმიდან შეიძლება პასუხის გაცემა: "ყველამ უნდა ვაღიაროთ, მილიონებს ხომ ვერ დაიჭერენ?"

- თქვენ არ წახვედით საკრებულოს საახალწლო ბანკეტზე რესტორანში, რატომ?

- ეგ ჩემთვის ძალიან რთული კითხვაა.

- რატომ, დრო არ გქონდათ?

- 30 დეკემბრის საღამოს დრო როგორ არ მქონდა?

- აბა, დაპატიჟებული არ იყავით?

- კი, ყველანი დაპატიჟებული ვიყავით. არავის ვსაყვედურობ, მაგრამ როდესაც 24 საათი იმაზე ლაპარაკობ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარი კეთილდღეობისთვის ხარჯვა არ შეიძლება, ეს მხოლოდ ლაპარაკი არ უნდა იყოს.

- იქნებ თანხა ქვეყნის ბიუჯეტიდან არ დაუხარჯავთ და თავიანთი ხელფასიდან დადეს "ნემეცკი სჩოტით"?

- ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად წავიდოდი. უფრო მეტსაც გეტყვით, ქეიფის ინიციატორი მე ვიყავი, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე მოლხენა ჩემთვის მიუღებელია. არის რაღაც, რასაც არასდროს გავაკეთებ.

- ისე, კაცმა რომ თქვას, რა უჭირს, ორი ათასი ლარი თუ დაიხარჯა ბიუჯეტიდან...

- ასი ლარიც რომ იყოს, მაინც მიუღებელია, ეს პრინციპის საქმეა... მე ასე არ ვცხოვრობ, სააკაშვილს და უგულავას კი ბიუჯეტი თავიანთი ჰგონიათ.

- ოპოზიციაში განხეთქილებაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა... პრეზიდენტს კი სურს ძლიერი ოპოზიცია, მაგრამ არ არისო, - ამბობს...

- მაინტერესებს, რატომ არის ოპოზიცია სუსტი, რა, სადმე რინგზე ვიბძოლეთ და ჩხუბში გვაჯობეს, თუ ინტელექტუალურ ბრძოლაში დაგვამარცხეს?! ჩემი აზრით, დღევანდელ პირობებში კიდევ კარგად ვართ... არ გაინტერესებთ, რატომ გააუქმა თავის არხებზე პოლიტიკური ტოქშოუები? იმიტომ, რომ შეეშინდა!

ხელისუფლება დღეს ძლიერია, რადგან საბჭოთა კავშირის მსგავსად, დაფუძნებულია ორ მთავარ იარაღზე - პოლიციასა და პროპაგანდაზე, მაგრამ მერწმუნეთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მახსოვს, ბავშვობაში ტელევიზორი რომელ არხზეც უნდა გადაგერთო, ყველგან ბრეჟნევი ჩანდა და ეს ძალიან მაღიზიანებდა; ახლაც ასეა - გინდა "იმედზე" გადართე, გინდა - "რუსთავი 2"-ზე და გინდა - პირველ არხზე, ან მიშას უჩვენებენ ან - სერიალს (ხშირად გამეორებით)!