რატომ გაძვირდა ყველაფერი?! - კვირის პალიტრა

რატომ გაძვირდა ყველაფერი?!

გამარჯობა! მე გახლავართ ადამიანი, რომელსაც სურს ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და ამის გამო დღედაღამ ფიქრობს. ვერ მოგატყუებთ ჩემს დამოკიდებულებას პრეზიდენტის მიმართ.

მე ის ძალიან მიყვარს და ვნერვიულობ, როცა მასზე ცუდს წერენ. ამ ბოლო დროს ფასების ზრდის გამო, უამრავი საყვედური და სალანძღავი სიტყვები გავიგონე მისი მისამართით. ლამისაა გული გამისკდეს ამდენი უმადური ადამიანის შემყურეს. როგორ ვერ ხვდებით, ხალხო, რომ პრეზიდენტი მხოლოდ ჩვენ გამო აკეთებს ყველაფერს, თუნდაც ფასების მომატებას. რა, არ გჯერათ? აბა, მომისმინეთ:

დიდი ხანია იძახის ხალხი, ჩინელებმა წაგვლეკეს და მიშა არაფერს ამბობსო. ახლა ხომ თქვა, ჩინელების ბრალია ფასების მატებაო. რატომ დაუწყეთ დაცინვა?

თქვე კაი დედმამიშვილებო, გაიხსენეთ, რამდენი ხანია გაჰყვირით დასავლური ფასეულობები მთავარია ჩვენი ქვეყნისთვისო. იკითხეთ დასავლეთში, რა ფასები აქვს პროდუქტებს, ჰოდა, გადმოიტანა ეს ფასები პრეზიდენტმა ჩვენთანაც და მივიღეთ დასავლური ფასეულობები. რაღა გინდათ მეტი? მოდით, თუ გნებავთ, ცალკეულ პროდუქციას მივყვეთ:

ბენზინი - ავტომობილების სიჭარბე სამსახურში დაგვიანებას, გარემოს დაბინძურებასა და გახშირებულ ავარიებს იწვევს. პრეზიდენტმა ხომ უნდა იზრუნოს ადამიანის სიცოცხლეზე, გარემოს დაცვასა და ხალხის დასაქმებაზე?! აქედან გამომდინარე, ის ავტომობილების მოძრაობას ვერ აკრძალავდა, ამიტომაც ბენზინის გაძვირებით ერთდროულად რამდენიმე პრობლემის შემსუბუქება შეძლო.

შაქარი - გახშირებული კუჭის დაავადებები მამაკაცებში იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, ამის ძირითადი მიზეზი კი არის შაქრიანი ღვინის მიღება. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ღვინის კეთებას მოსახლეობას ვერ აუკრძალავდა, ამიტომაც შაქრის გაძვირებით გვექნება მხოლოდ ნატურალური ღვინო, რაც მამაკაცების ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

წამლები - ოპოზიციას რომ უსმენთ, ფიტოთერაპევტებს მოუსმინეთ. ისინი წლებია ამბობენ, რომ ქიმიური წამლის მიღება ისევე ვნებს ადამიანს, როგორც თავად დაავადება. ან ის ხომ მაინც იცით, ქიმიური წამლის მიღება შეიძლება კონკრეტულ დაავადებას შველის, მაგრამ სხვა ორგანოებს ვნებს, აქედან გამომდინარე, მთავრობა წამლების ბიზნესს ხომ არ აკრძალავდა? ამიტომაც წამლების გაძვირებით პრეზიდენტი მიგვანიშნებს, რომ გადავიდეთ უსაფრთხო მცენარეულ წამლებზე.

წყლის ტარიფი - საქართველო ოდითგანვე ამაყობდა თავისი ბუნებრივი რესურსებით, მსოფლიოში ვერ ნახავთ ადგილს, სადაც ამდენი წყარო, ნაკადული, მდინარე და ტბა იყოს. ჩვენ თუ არ დავაფასეთ ჩვენი სიმდიდრე, სხვა ვინ დააფასებს? 2 ლარი და 50 თეთრი წყლის გადასახადი სულზე სირცხვილი  და თავის მოჭრა იყო მსოფლიო მასშტაბით, თანაც იცით, რომ დღითი დღე იზრდება წყალზე მოთხოვნილება და ხვალ შეიძლება მისი ექსპორტიც განვახორციელოთ. ჰოდა, კლიენტი რომ მოვა სხვა ქვეყნიდან, პრეზიდენტი ძვირს დაუფასებს და თუ შეევაჭრებიან ეტყვის, შენ კი არა, ძმაო, ჩემს ხალხს ვაძლევ ძვირად და შენ ვინა ხარო.

პური - ვინც რუსეთში ხართ ნამყოფი, შეამჩნევდით, რომ რუსები ერთ თეფშ "ბორშჩის" ერთ ნაჭერ პურს აყოლებენ, მაშინ როცა რუსეთი პურის მწარმოებელი ქვეყანაა, ჩვენ კი რა გვჭირს? ამდენი პურის ჭამა რა უბედურებაა? აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი პურის ცხობას ხომ ვერ აკრძალავდა, ამიტომაც არის მისი სტრატეგია გასაგები ჩემთვის, - ცოტა პური ჭამეთ, ხალხო!

მარილი - პურმარილიანი ხალხი ხომ ვართ? ჰოდა, პური თუ გაძვირდა და ვეღარ ვჭამეთ, მარტო მარილს ხომ არ შევჭამთ?

კიდევ მაქვს სხვა პროდუქტების გაძვირებაზე ჩემი მოსაზრებები, მაგრამ შემდეგისთვის გადავდოთ.

თვალახელილი მიშისტი