ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ფეხბურთის "ფანი"

ჩემი მეზობელი ლევანი წარმოშობით სვანია. მართალია, არ მოსწონს, სვანებზე ანეკდოტებს რომ ჰყვებიან, მაგრამ ხანდახან ისიც გამოავლენს ხოლმე სვანურ ხასიათს. აი, ერთი მაგალითი: ლევანი ფეხბურთის გაგებაში არ არის და ყოველთვის ჯუჯღუნებს, როცა მეგობრები ფეხბურთზე ვლაპარაკობთ. ერთ დღესაც ვურჩიეთ, უყურე, დღეს კარგი თამაშია, იქნებ მოგეწონოს და შენც ჩვენნაირი ქომაგი გახდეო. კარგიო, - დაგვთანხმდა. მეორე დღეს ,,ბირჟაზე" ჩვეულებრივ ვიხილავდით ევროპის  ქვეყნების ჩემპიონატის წინა დღის თამაშებს, როცა ლევანი შემოგვიერთდა.

- რა ქენი, უყურე ფეხბურთს? - ვკითხე მე.

- კი, მაგრამ დიდად ვერ მოვიხიბლე, - მიპასუხა.

- რომელ თამაშს უყურე? - ჩაეძია გიგა, მეორე მეზობელი.

- რომელს და - "იუვენტუსი" ხვდებოდა "ჯი ემ ჯის".

კინაღამ სიცილით გავიგუდეთ. თურმე ტელეკომპანია "ჯი ემ ჯის" ლოგო ეფარებოდა გუნდის სახელს, ლევანს კი "იუვენტუსის" მეტოქე ეგონა.

გიორგი გ-ძე, თბილისი

KvirisPalitra.Geმჭადის სახელი

სკოლა დიდი ხნის წინ დავამთავრე, მაგრამ ახლაც კარგად მახსოვს მათემატიკის პედაგოგი, უაღრესად პატიოსანი და დისციპლინიანი კაცი იაშა დვალიშვილი, რომელიც დიდი იუმორის მქონე იყო. მის გაკვეთილს არავინ აცდენდა, მიუხედავად იმისა, უყვარდა თუ არა მათემატიკა. ერთხელ, მახსოვს, ჩემი კლასელი მარინა დაფასთან გაიყვანა და რაღაც ფუნქციის დაწერა დაავალა, მარინამ არ იცოდა, მაგრამ ისეთი ცოცხალი ბავშვი იყო, არ დაიბნა და როგორც ფილმ "ჭრიჭინაშია", ისე დაიწყო წერა, იფიქრა თავად მასწავლებელს წამოვაცდენინებ რაიმესო, მაგრამ იაშა დუმდა, მარინა კი არ ჩერდებოდა:

- აუ, ვიცი მას... რა ჰქვია და...აუ... როგორ ვარ, იცით? აი, ნათქვამი რომ არი, კაცს მჭადის სახელი დაავიწყდაო...

- შენსავით დებილი იქნებოდა, ბიძია, თორემ მჭადის სახელს რა დაავიწყებდა? - ჩაილაპარაკა იაშამ.

კობა კაპანაძე, ხონი