ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

სპარტაკი "მარშრუტკაში"

რამდენიმე დღის წინ ვმგზავრობდი სამარშრუტო ტაქსით, რომელიც საბურთალოს ბაზრიდან ვაზისუბნამდე მიდის. გრძელი გზაა; ხშირად მძღოლებს რადიო აქვთ ჩართული და მუსიკას ასმენინებენ მგზავრებს, მაგრამ "მარშრუტკა", რომლითაც ვიმგზავრე, ამ მხრივ ორიგინალური აღმოჩნდა. მძღოლს ჩართული ჰქონდა ტელეარხ "საქართველოზე" გასული დოკუმენტური ფილმის "სპარტაკის" აუდიოვერსია მაღალ ხმაზე. თავიდან მეგონა რადიოში იყო, მაგრამ როცა მეორე სერია დაიწყო, მივხვდი, რა "უბედურებაც" გვჭირდა, თუმცა ხმა არ ამომიღია, რადგან მომეჩვენა, რომ გასუსული მგზავრები "სპარტაკის" აუდიოვერსიას გულდასმით უსმენდნენ.

სამგორს რომ გავცდით, მძღოლმა მოგვიბოდიშა, სულ 2 წუთით შევუხვევ და გზას განვაგრძობო და სადღაც ბნელ ჩიხში შეუხვია. ეს ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა ვთქვი: - კი მაგრამ, სად მივდივართ? მოულოდნელად გვერდით მჯდომმა ქალმა ხელი მკრა და მიყვირა: - ჩუმად იყავი! სად მივდივართ და სპარტაკის სანახავად! სამარშრუტო ტაქსი სიცილმა შეაზანზარა, მძღოლი კი მიხვდა თავის "დანაშაულს" და მაგნიტოფონი გამორთო.

დავით გოგიშვილი, თბილისი

KvirisPalitra.Geუცხოელი პედაგოგი

უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია; ზოგს არ მოსწონს ეს პროგრამა, ზოგს პირიქით, მიაჩნია, რომ ამით დიდი საქმე კეთდება. მინდა იმ კურიოზულ შემთხვევაზე გიამბოთ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ მოხდა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. ამერიკიდან ჩამოსულმა მასწავლებელმა, პირობითად სარა დავარქვათ, ერთ-ერთ მოსწავლეს არადამაკმაყოფილებელი ნიშანი დაუწერა. ბავშვი სახლში აცრემლებული დაბრუნდა, რამაც ძალიან აღაშფოთა პენსიონერი ბებია თინა, რომელიც ადრე ინგლისურის მასწავლებელი იყო. თინას, ცოტა არ იყოს, მწარე ენა ჰქონდა. შვილიშვილის დაჩაგვრას არავის ვაპატიებო და სკოლაში გავარდა.

- რომელია აქ ჩამოთრეული მასწავლებელი? - დასჭექა მისვლისთანავე. იმდენად გაბრაზებული იყო, უცხოელის დამალვა ვერავინ გაბედა. დაინახა თუ არა სარა, მივარდა და წყევლა-კრულვა დაუწყო:

- შე გათახსირებულო, ვის დაუწერე ცუდი ნიშანი, ჩემს შვილიშვილს? ვინც შენ აქ ჩამოგათრია, იმის კუბო დავდგი და შენი მივუდგი გვერდით! შენ არ გეღირსა სიკეთე და არ გაგითენდეს ხვალინდელი დღე! - კაპასობდა თინა და ამ ყველაფერს წმინდა ინგლისურით ამბობდა. გაოცებული უცხოელი მისჩერებოდა და მხოლოდ ერთ წინადადებას იმეორებდა:

- ასეთი ინგლისური პირველად მესმის, მიკვირს, ასეთი სპეციალისტები თუ გყავდათ, მე რატომ ჩამომიყვანეთ?!

ბადრი ბაშალიშვილი, თბილისი.