"ვანოს გახედნილმა ცხენმა გადმომაგდო" - კვირის პალიტრა

"ვანოს გახედნილმა ცხენმა გადმომაგდო"

ეს პოლიტიკოსი კარგა ხანია არ გამოჩენილა ფართო ოპოზიციურ კრებებსა თუ ერთმანეთის ლანძღვა-გინების კანონადაში. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლდათ. მართალია, პრობლემა მთლიანად არ მოგვარებულა, მაგრამ დამეთანხმებით, პოლიტიკა ისეთი სფეროა, ძნელია, დიდი ხნით მოსწყდე...

ბატონ დავით გამყრელიძეს სამუშაო ოთახში ვესტუმრეთ და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე გავესაუბრეთ.

- ბატონო დავით, როგორც უკანასკნელი მოვლენებიდან ჩანს, პოლიტიკაში დიდი ვაკუუმია, ხალხს აინტერესებს, რომელი პარტია დაიკავებს გამოთავისუფლებულ ოპოზიციურ ნიშას?

- სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ გუშინ არ გადმოვსულვართ ოპოზიციაში. სააკაშვილის პრეზიდენტობის დღიდან მე და ახალი მემარჯვენეები ვამბობდით, რომ სააკაშვილი ჩამოაყალიბებს სასტიკ რეჟიმს. ასე რომ, თუ ვინმეს აქვს ოპოზიციური საქმიანობის გამოცდილება, ეს პირველ რიგში ჩვენ ვართ.

- ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ გვახსოვს 2004 წლის პარლამენტში მხოლოდ თქვენ იყავით ოპოზიცია.

- დიახ, ასე იყო, ჩვენი და "მრეწველების" ბლოკი მხოლოდ 17 კაცის შემადგენლობით შევიდა პარლამენტში.

- მაშინ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა, თქვენ როგორ მოხვდით პარლამენტში?

- ჩვენი სტაბილური ელექტორატის წყალობით... ისე, ერთი საინტერესო ფაქტი მახსენდება იმ პარლამენტში... თქვენი რუბრიკისთვის ზედგამოჭრილია. ვითომ რევოლუცია რომ მოხდა და ვადამდე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, ოღონდ მხოლოდ პროპორციული სისტემით და მაჟორიტარები დატოვეს, სასაცილო რა იყო, იცით? ყველა მაჟორიტარი ხომ "მოქკავშირიდან" იყო, რევოლუცია მოხდა, "მოქკავშირი" და შევარდნაძე თითქოს გაყარეს ხელისუფლებიდან, ეს დეპუტატები კი დარჩნენ დეპუტატებად, ოღონდ უკვე როგორც ნაცმოძრაობის წევრები.

- ერთ უხერხულ კითხვას დაგისვამთ - მართლა ასე ძნელია ოპოზიციონერობა თუ პარტიები, უბრალოდ, "ვეღარ ქაჩავენ"?

- დიახ, ძნელია, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ხელისულება პრობლემებს აგვარებს და ხალხი კმაყოფილია, დედა, რა კარგი მთავრობა გვყავსო; პირიქით, იმდენ დანაშაულს სჩადიან, საზოგადოებას ისე აბუჩად იგდებენ, არც ერთ დიქტატორულ ქვეყანას არ ჩამოვუვარდებით; მთავარი ის არის, რომ სიმართლის თქმის ყველას ეშინია. გავლენიანი ბიზნესმენები კი არა, უბრალო ადამიანებიც დატერორებული არიან.

- ჰოდა, სწორედ ამ დროს უნდა აიმაღლოს ხმა ოპოზიციამ, თუმცა...

- ვცდილობთ, ბატონო, ვცდილობთ. თქვენ თუ იცით, ოპოზიციის გაერთიანების თემა ვინ ააგორა?

- ნამდვილად არ ვიცით, თუმცა ყველაფერი ვანოს ბრალდება და...

- სწორედ რომ ხელისუფლებამ... დაიწყო პროპაგანდა, აი, ნახეთ, ვერ გაერთიანდნენ, რაღაც ვერ გაიყვეს, ესაა ოპოზიციაო? ხალხიც მოტყუვდა, თორემ როგორ შეიძლება სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და მიმდინარეობის პარტიების გაერთიანება?

- აბა, მიტინგებზე ზოგიერთი ლიდერი რომ გაიძახოდა, დღესაა დიდგორი, უნდა გავერთიანდეთ და ერთად შევუტიოთო?

- რაღაც საკითხზე შეიძლება გაერთიანდე, მაგრამ მე რომ მინდა, ქვეყანამ დასავლეთზე აიღოს ორიენტაცია, ხოლო სხვას - რუსეთზე, მითხარით, ერთი, ჩვენი გაერთიანება როგორ უნდა მოხდეს?

- ოპოზიციის დაფინანსების თემამ წამოიწია ამ ბოლო დროს... თქვენმა გვარმაც გაიჟღერა, პატარკაციშვილი აფინანსებდაო.

- ბადრისთან ჩვენი დამოკიდებულება არავისთვის იყო დასამალი; თქვა იმ კაცმა, ბოლო კაპიკს დავხარჯავ ამ რეჟიმის წინააღმდეგო და სრულიად დაუფარავად აფინანსებდა ოპოზიციას. ის არ ახსოვთ, ამათ რომ აფინანსებდა და ხელფასს უხდიდა? ბიზნესმენისგან კი არა, კრიმინალებისგან ფულის აღებაა დანაშაული, მიხეილ სააკაშვილი ტარიელ ონიანისგანაც იღებდა ფულს და იგორ გიორგაძისგანაც, მაგრამ პასუხი არავის მოუთხოვია...

- ონიანისგან იღებდაო კი გამიგია, მაგრამ გიორგაძისგანო - პირველად მესმის...

- თუ მას არ ახსოვს, შევახსენებ - "უაზის" მსგავსი საბჭოთა დაჯავშნილი მანქანა რომ ჰყავდა, იგორ გიორგაძის ნაჩუქარი იყო; თუ მოღალატეა ეს ადამიანი, რატომ იჩუქა?!

- ეგ გასაგებია, მაგრამ დღევანდელ გაძვირებულ ცხოვრებას რა ეშველება?

- არაფერი ეშველება მანამ, სანამ საარჩევნო გარემო არ შეიცვლება და ადამიანი მიხვდება იმას, რომ დავით გამყრელიძეს ხმა იმიტომ უნდა მისცეს, რომ არ ატყუებს და ცრუ დაპირებებს არ აძლევს. ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო კოდექსზე და იმედია, ხელისუფლებას გარკვეულ დათმობებზე დავიყოლიებთ.

- ბატონო დავით, ვხედავ, ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, რა მოხდა?

- ძალიან ცუდად ვიყავი, ხერხემალი მქონდა დაზიანებული. ცხენმა გადმომაგდო, ეტყობა, ვანოს გახედნილი იყო.