ის ურჩევნია მამულსა - კვირის პალიტრა

ის ურჩევნია მამულსა

ჩემთვის პოლიცია ყველაზე ძვირფასია, ამაღლებულია, ჭეშმარიტებაა. ტელევიზორში ყოველდღე ვუყურებ ვიდეორგოლს, პატარა ბავშვები რომ სიხარულით და ბედნიერი სახეებით ოცნებობენ პოლიციელობაზე.

გამოგიტყდებით, ყოველივე ამან მეც მომხიბლა და მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი სამსახური მქონდა, მივატოვე ყველაფერი და პოლიციაში შესვლა გადავწყვიტე ურყევი მიზნით - მებრძოლა ბოროტებასთან და ხალხის სიყვარული მომეპოვებინა.

გამოცდები ადვილად ჩავაბარე, გასაუბრებაც გავიარე და მალე კრიმინალური პოლიციის რიგით ოპერმუშაკად გამამწესეს. სამსახურში პირველივე დღეს თათბირს დავესწარი.

- ბიჭებო, - მოგვმართავდა უფროსი, - თქვენ ხომ იცით, რომ სიკეთისთვის თავი უნდა გაწიროთ, ხალხი უნდა გიყვარდეთ, მაგრამ გარდა ამისა, სამშობლოს ბიუჯეტი აქვს შესავსები. ყველას მოგიწოდებთ, უბრალო დარღვევაზეც არ დახუჭოთ თვალი და დაეხმაროთ ქვეყანას.

თათბირიდან მეორე დღეს მე და ჩემი კოლეგა სამუშაოდ გავედით. პირველად ერთი მთვრალი დავინახე, რომელიც ბანცალით მიდიოდა ქუჩაში. სასწრაფოდ მანქანა გავაჩერე და მივუახლოვდი.

- ნუ გეშინიათ, - მივმართე მთვრალს, - სახლში მიგიყვანთ, წამობრძანდით.

მთვრალმა ჯერ გაკვირვებით შემომხედა, მერე თქვა, მართლა ბევრი დამილევია, მგონი, ,,ბელაია" ავიკიდეო და დამემორჩილა. მანქანაში ჩავსვი და სახლში მივიყვანე. ჩემმა ასეთმა კეთილშობილებამ სიხარულით ამავსო... იმ დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანს დავეხმარე. დავიჭირე ერთი ჯიბის ქურდიც. გაიარა რამდენიმე დღემ; სიკეთეს სიკეთეზე ვაკეთებდი. ერთ დღესაც უფროსმა დამიბარა. უაღრესად გაამაყებული შევედი პოლიციის შენობაში და უფროსის კაბინეტის კარი შევაღე.E

- აბა, რა ქენი? - შემეკითხა ის.

- უამრავი სიკეთე ჩავიდინე, - ამაყად მივუგე მე, - მთვრალი სახლში მივიყვანე, მოხუცი ქალი საავადმყოფოში გადავიყვანე და ჯიბის ქურდი დავიჭირე.

- ჯარიმა რამდენი გამოწერე? - არ მიაქცია ჩემს სიკეთეებს ყურადღება უფროსმა.

- ჯარიმა... არც ერთი... - თავი ჩავღუნე.

- მაშ, რა გინდა შენ პოლიციაში? ბავშვთა სახლში წადი, ძმაო, და მომვლელად იმუშავე! - მიყვირა უფროსმა.

ოთახიდან ცუდ გუნებაზე გამოვედი. გზაზე ჩემი მეწყვილე შემხვდა, რატომღაც ისიც უგუნებოდ იყო. ჩემს დანახვაზე აიმრიზა და აყვირდა:

- მე შენთან მუშაობა აღარ მინდა, რაც შენთან ვარ, პრემიას კი არა, ხელფასსაც აღარ მაძლევენ, უფროსი გაგდებითაც კი დამემუქრა!

- კი მაგრამ, რატომ? ჩვენ ხომ სიკეთეს ვთესავთ? - გამიკვირდა მე.

- შენ თესე, რამდენიც გინდა, მე კი დღეიდან ჯარიმები უნდა გამოვწერო.

კიდევ უფრო ცუდ გუნებაზე დავდექი. ამ დროს ცოლმა დამირეკა, გაბრაზებულმა:

- ორი მაგდენი ხელფასი გქონდა და რა ჯანდაბა გინდოდა პოლიციაში?

- სიკეთე მინდოდა მეთესა...

- დაგთესავ მე შენ კარგად, ბავშვს სწავლის ფული აქვს შესატანი! - მიყვირა ცოლმა და ყურმილი დამიკიდა.

ეს ბოლო წვეთი იყო. სასწრაფოდ ჩემს მეწყვილესთან მივედი, ბოდიში მოვუხადე, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე-მეთქი, ვუთხარი და ქალაქში გავედით. პირველი მსხვერპლი შუახნის მამაკაცი იყო, რომელიც ბაღში იჯდა და გაზეთს კითხულობდა. გონივრული ეჭვის საფუძველზე, ვიფიქრეთ, რომ  მას შეეძლო, გაზეთის კითხვის პარალელურად საზოგადოებრივი წესრიგი დაერღვია, ეყვირა და მოსახლეობაში შფოთი გამოეწვია. ამიტომაც დავაკავე. მერე გოგო და ბიჭი ავიყვანე, რადგან გონივრული ეჭვის საფუძველზე, სრულიად მოსალოდნელი იყო, გოგოსთვის ვინმეს გამომწვევად შეეხედა, რასაც მისი შეყვარებული ვერ მოითმენდა და ჩხუბიც დაიწყებოდა.

იმ დღეს ჩემი ბოლო მსხვერპლი იყო მოხუცი მამაკაცი, რომელიც კორპუსის წინ იჯდა და არაფერს აკეთებდა. საქმე რთულად იყო, ამიტომ ჯარიმის გამოწერისას გონივრული კი არა, ზეგონივრული ეჭვი იყო საჭირო, რათა დამემტკიცებინა, რომ მოხუცი გულში ,,დენ პობედის" ღიღინებდა. სამივე შემთხვევაში მოსამართლემ ჩემი ჩვენებები დაიჯერა და შესაბამისი ჯარიმები დაუწესა წესრიგის დამრღვევებს. ბოლო შემთხვევას ისიც დაამატა, მოხუცი გულში ისე ხმამაღლა ღიღინებდა, ხმა აქაც მესმოდაო.

მალე სამინისტროს ერთ-ერთი საუკეთესო მუშაკი გავხდი. თვიურმა შენატანმა ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდურ ნიშნულს მიაღწია, ამიტომ დამაწინაურეს და მოადგილედ გადამიყვანეს. მერე კი უფროსიც ვამხილე და მისი ადგილი დავიკავე. აბა, რა ეგონა, მან ხომ უდიდესი დანაშაული ჩაიდინა და ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი მამაკაცი არ დაიჭირა, არადა გონივრული ეჭვის საფუძველზე თავისუფლად შეიძლებოდა მისი დაჭერა, რადგან შეიძლებოდა ავტობუსს არ გაეჩერებინა და გაბრაზებულს ქვით მისი საქარე მინა ჩაემსხვრია! ამ დანაშაულისთვის ჯარიმა სოლიდურია, ასე რომ, ბატონმა უფროსმა ბიუჯეტს 5 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. ასე გადიოდა დღეები და ივსებოდა ბიუჯეტი. ერთ დღესაც კაბინეტის კარი ახალგაზრდა ყმაწვილმა შემოაღო.

- მე თქვენი ახალი თანამშრომელი ვარ, - მითხრა მან, - სულ ორი დღეა, რაც ვმუშაობ.

- მერე რას შვრები, ბევრ სიკეთეს აკეთებ? - დავცინე მე და ჩემი პირველი სამუშაო დღე გამახსენდა.

- რა სიკეთე, უფროსო, პირველივე დღეს 7 კაცი, 3 ქალი და 4 მოზარდი დავაჯარიმე გონივრული ეჭვის საფუძველზე! ეგ კი არა, ისიც შევნიშნე, თქვენ რომ სახლიდან გამოხვედით და მეზობელს, იმის ნაცვლად, რომ დაგეჯარიმებინათ, გამარჯობა უთხარით.

მე თვალები გამიბრწყინდა, ახალგაზრდასთან მივედი, ხელი გადავხვიე და ხმამაღლა წარმოვთქვი: "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა".