ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

კაპასი ცოლი

ჩემს მეზობლად ცხოვრობს მეტად კაპასი ქალი თინა. მთელი სამეზობლო აიკლო და ყველა ერიდება. თინას ქმარი, კოლია ძალიან თბილი და პატიოსანი კაცია, მაგრამ ანჩხლი ცოლის გამო ხშირად სვამს. ყველა ვხვდებით კოლიას გასაჭირს, მაგრამ როცა რაიმე სამეზობლო შეკრებაა, თინას თავი ისე უჭირავს, თითქოს კოლიას ნებისმიერ სურვილს უსიტყვოდ ასრულებს. ერთხელ კოლია, ჩვეულებრივ, მთვრალი მივიდა შინ, თინამაც ჩვეულებრივ უთაქა საცოდავს... ქმარმა თავი ვერ შეიკავა, მაგიდის ქვეშ შეგორდა და იქვე ჩაეძინა; ამ დროს სახლში მეზობელი, ნატო შევიდა. თინას არ ესიამოვნა მისი შემოსვლა, მაგრამ რას იზამდა?

- უი, თინა, რატომ წევს კოლია მაგიდის ქვეშ? - შეჰკივლა მეზობელმა.

- მიწისძვრის ეშინია, - არ დაიბნა თინა.

ტ. გიორგაძე, თბილისი

მიპასუხე გამარჯობაზე!

ჩვენს სოფელში ერთი ჭკუამხიარული ბიჭი ცხოვრობს, სახელად ლადო. ლადო 14 წლისაა და ერთი უცნაური აკვიატება აქვს - ყველას, იცნობს თუ არა, გამარჯობას ეუბნება და მანამ არ მოეშვება, სანამ არ უპასუხებენ. ეს მთელმა სოფელმა იცის და ზოგი თავად ასწრებს მისალმებას. ამას წინათ ერთი მხცოვანი მეზობელი გარდაგვეცვალა; ოჯახს მთელი უბანი ვეხმარებოდით, რა თქმა უნდა, ლადოც იქ იყო და დაკრძალვაზე მოსულ ყველა სტუმარს - გამარჯობაო, - ეუბნებოდა. ხალხი ბლომად იყო, მაგრამ ლადომ ერთ-ერთ მოსულს მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება, რომელმაც სალამზე არ უპასუხა. სტუმარი მისამძიმრებისთანავე სახლის უკან გაემართა; ლადოც თან გაჰყვა, მიხვდა, რომ სტუმარი ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შეაწუხა, რადგანაც გეზი ყანებისკენ აიღო.

- გამარჯობა, ბიძია, - გაუცინა ლადომ. სტუმარმა ყურადღება არ მიაქცია.

- გამარჯობა-მეთქი, ბიძია! - ხმას აუწია ლადომ. ისევ დუმილი.

- გამარჯობა არ იციან თქვენკენ? - ჰკითხა გულმოსულმა.

აქ კი იფეთქა სტუმარმა:

- რა გინდა, ადამიანო, ხომ ხედავ, დაკავებული ვარ!

- მერე ბიძია, ხელი გაქვს დაკავებული, პირი ხომ არა, ვერ მეტყვი "გაგიმარჯოს"? - მიაძახა ლადომ და შემობრუნდა. ამ ამბავს მეორე მეზობელი შეესწრო. გასვენების ტირილი მცირე ხნით სიცილმა შეცვალა.

გივი ბ-ძე, სოფ. ზეინდარი