"სააკაშვილი თუ არ გავისტუმრეთ, მაშინ ეს ვალი უნდა გავისტუმროთ" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი თუ არ გავისტუმრეთ, მაშინ ეს ვალი უნდა გავისტუმროთ"

შექსპირს რომ დღევანდელ საქართველოში ეცხოვრა, ალბათ უფრო მეტ ტრაგედიას დაწერდა, თავის ერთ-ერთ ცნობილ გამონათქვამს კი ასე იტყოდა: "არარაობავ, შაქრის, წამლის, ბენზინის და ასე შემდეგ, ფასი უნდა გერქვას შენ!" შექსპირისთვის საბედნიეროდ, ის 21-ე საუკუნის საქართველოში არ ცხოვრობს, სამაგიეროდ, ვცხოვრობთ ჩვენ (თუ ამას ცხოვრება ჰქვია) და ჩვენი ყოფა ისეთი სისწრაფით უარესდება, რა სისწრაფითაც ინფლაცია იმატებს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, მთავრობა უძლურია.

როგორც ეკონომიკური გუნდი ამბობს, რადგან პრეზიდენტმა თქვა, უძლურები ვართო, "ზნაჩიტ" - უძლურები ვართ. ამას სამარშრუტო ტაქსების გაფიცვაც დაემატა თბილისში.

მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, მალე კიტოვანი რომ ჩამოვიდეს და საბურთალოს, ვარკეთილის ან ვაკის საძმოების შექმნა დაიწყოს, აღარავის გაუკვირდება. ამ ამბებში გასარკვევად ეროვნული ფორუმის ეკონომიკურ ბურჯს, ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს მივაკითხეთ და სიტუაციის ახსნა ვთხოვეთ.

- ჩინელებმა ჭამა რომ დაიწყეს, ინფლაცია მართლა იმის ბრალია?

- მოიცა, კაცო, ვერ გავიგე, ჩინელებმა ჭამა რომ დაიწყეს, ქართველებმა უნდა შევწყვიტოთ? ეკონომიკური ხედვით, თუკი ქვეყანა პროდუქციას აწარმოებს, უნდა უხაროდეს, მის პროდუქციას რომ ჭამენ. ჩვენი უბედურება ისაა, რომ არაფერს ვაწარმოებთ...

- შეიძლება კონტრშეკითხვა დაგისვათ?

- კი ბატონო.

- აბა, რას ვჭამთ?

- იმპორტს, 80% უცხოეთიდან შემოდის.

- კარგი, შემოდის და ჩვენ ვყიდულობთ; საინტერესოა, საიდან გვაქვს ამდენი ფული? თუ არაფერს ვაწარმოებთ და არ ვყიდით, ეს ფული საიდან?

- საიდან და ძალიან მარტივია, - როცა შენ არა გაქვს, მიდიხარ და სესხულობ.

- ეგ კი, მაგრამ რომ ვისესხე, გასტუმრება ხომ უნდა?

- მოკლედ რომ გიპასუხოთ, სააკაშვილი თუ არ გავისტუმრეთ, მაშინ ეს ვალი უნდა გავისტუმროთ ჩვენ და ჩვენმა შვილებმა.

- ახლა რამდენი გვაქვს ვალი, ხომ არ იცით?

- 9 მილიარდი.

- თეთრი?

- არა, გენაცვალე, დოლარი!

- ვთქვათ, მოვიდა ახალი ხელისუფლება, ხომ შეუძლია თქვას, მე რას დავეძებ, სააკაშვილმა რა ვალიც აიღოო...

- არა, ეგრე არაა, ვალი ქვეყანას აქვს და არა - სააკაშვილს.

- ბანკიდან რომ იღებს კაცი ვალს და მერე არ ისტუმრებს, ბანკს მიაქვს ბინა. ჩვენ ხომ გვაქვს ამერიკიდან ნასესხები, არ მივცეთ და წაგვიღონ ვალში, ცუდი იქნება? Aან მეორე ვარიანტი, - რუსეთს რომ შევუერთდეთ და შევაშინოთ ევროპელი მევალეები?

- თქვენ თუ გგონიათ, ეკონომიკურ გუნდს უკეთესი იდეები მოსდის... ეს რომ მათ უთხრათ, მშვენიერი იდეააო, - იტყვიან. პუტინს რაც შეეხება, პრეზიდენტად რომ მოვიდა, მოკაკვული დადიოდა, ნელ-ნელა გაიმართა წელში, მერე ხმაში რიხიც გამოურია და დღეს მთელი მსოფლიო მოწიწებით ელაპარაკება.

- ეგ დიდი არაფერი, "ჩვენი" სულ რიხით ლაპარაკობს...

- ეს ჩვენ გველაპარაკება რიხით, თორემ ვერც პუტინთან და ვერც ობამასთან ასე ვერ ლაპარაკობს, ტრიბუნაზე როცა ხარ და არავინ გეპასუხება, ილაპარაკებ, აბა რას იზამ! უბედურება ისაა, კიდევ რომ იღებს ვალებს.

- და აძლევენ?

- ბევრი აღარ აძლევს.

- ჩვენს ინფლაციას რა ეშველება, ბატონო ნოდარ?

- არაფერი ეშველება.

- უფრო ზუსტად რომ ვთქვათ?

- უფრო ზუსტად, სანამ ესენი იქნებიან სათავეში, არაფერი ეშველება.

- გვაინტერესებს, 150 დოლარი რომ ღირდა ნავთობი და მაშინ იყო 1,8 ლარი ბენზინი, მერე რომ ბარელი ნავთობი 80 დოლარზე ჩამოვიდა და ბენზინის ფასმა, პირიქით, მოიმატა, ეს როგორ ხდება?

- როგორ და ესენი წილში სხედან! არა მარტო ბენზინის, იმპორტით შემოტანილი ყველა პროდუქტის წილში! 50 თეთრი მიაქვთ ლიტრი საწვავიდან; 800% მოგებას ნახულობენ წამლის ბიზნესით... რომელ ქვეყანაში ხდება ეს? მიდი, აბა, დაიწყე წამლის ბიზნესი...

- რას მიზამენ, ვთქვათ, მოვადექი წამლებით საბაჟოს, რას მეტყვიან?

- რას გეტყვიან და გაგიშვებენ, კი იცით, სადაც. რუსული გამოთქმაა ცნობილი...

- ელიტარული კორუფცია მართლა არ არსებობს?

- ახლა ნახეთ, რა ხდება... სააკაშვილი არ გაათავისუფლებს სამსახურიდან მერაბიშვილს და ადეიშვილს, ვერც ადეიშვილი და მერაბიშვილი დააპატიმრებენ სააკაშვილს, ამიტომაც არ არის კორუფცია.

- სოფლის მეურნეობა მიდის წინო, - ტელევიზორში ვისმენთ ხოლმე...

- ბაკურ კვეზერელი რომ გეყოლება მინისტრად, კაცი, რომელიც ამ ზაფხულს ნიანგებს ამრავლებდა ზუგდიდში და ბაყაყების ექსპორტისაგან 3 მილიარდ შემოსავალს ვარაუდობდა, რა უნდა გააკეთოს?

- რამე კარგი გვითხარი, ბატონო ნოდარ, რა კარგია ნაციონალებთან ინტერვიუ, ისეთი კარგია ცხოვრება, ლამაზ ფერებში, ცხვარი და მგელი ერთად ძოვს...

- არ გატყუებენ, მაგათ ოჯახებში მართლა ასეა. მე ქიზიყელი კაცი ვარ და პირში თქმა მიყვარს - არაფერი ეშველება ქვეყანას, სანამ სააკაშვილი და მისი მთავრობა იქნება ხელისუფლებაში, თუმცა იმის ეჭვიც მაქვს, დღეს რომ ჩავატაროთ სუპერდემოკრატიული არჩევნები, შეიძლება ქართველმა ხალხმა სააკაშვილზე არანორმალური პრეზიდენტი აირჩიოს.