"ღვინია გადაიჩეხა" - კვირის პალიტრა

"ღვინია გადაიჩეხა"

ეს ამბავი კოლმეურნეობების არსებობის დროს მოხდა, დაახლოებით 40 წლის წინ.

სოფლიდან ზაფხულობით ფერმის საქონელი იალაღებზე მიჰყავდათ. ერთ წელიწადს, შემოდგომით რომ დაბრუნდა საქონელი, მწყემსებს დააკლდათ ერთი ძროხა და ერთი მოზვერი. კოლმეურნეობის თავმჯდომარემ მწყემსებს ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა და რადგან უარი მიიღო, სარჩელი სასამართლოში შეიტანა. გაიმართა სასამართლო, რომელსაც თავმჯდომარეობდა ეშხიანი მოსამართლე ქალბატონი.

მოსამართლე ეკითხება მწყემს ვანოს:

- რატომ დაკარგეთ საქონელი?

ვანომ უპასუხა:

- როგორ აგიხსნათ, გადაიჩეხნენ, რა..

- უფრო გასაგებად ვერ გვეტყით? - ჩაეძია მომხიბვლელი მოსამართლე.

- რა ვქნა, უფრო გასაგებად როგორ გითხრათ... აი, მაგალითად, მიდიხართ ციცაბო კლდეზე, თქვენ - წინ, მე უკან მოგყვებით. Aამ დროს მე გამოვიქეცი, უკნიდან შამოგახტით და ორივენი ხრამში გადავიჩეხენით, ესე მოუვიდა იმ ძროხასა და მოზვერსა! - დაამთავრა თავისი განმარტება ვანომ.

სასამართლო ლამის ჩაიშალა.

ვანო, ლაგოდეხი