ნურას უკაცრავად... - კვირის პალიტრა

ნურას უკაცრავად...

რაც უნდა თქვან ჩვენს პრეზიდენტზე, იმას მაინც ვერავინ იტყვის, რომ სიტყვების მარაგი არ აქვს და ცუდი ორატორია. მისი გამოსვლები თითქოს ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მაინც შეუძლია მასაზე გავლენის მოხდენა.

როცა წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე ლაპარაკობს, გულში რას ფიქრობს, არავინ იცის, თუმცა ჩვენ მისი ფიქრების წაკითხვა შევძელით. გთავაზობთ ამონარიდს მისი ერთ-ერთი გამოსვლიდან:

"ჩვენი მთავრობა, მიუხედავად ამდენი გამოწვევებისა, არ ჩამოიშალა, ჩვენ საბოლოოდ დავამარცხეთ კორუფცია, ქვეყანაში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, ზოგ-ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ სახელმწიფოს ვერ ავაშენებდით, მაგრამ ვერ მოგართვით, ნურას უკაცრავად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შედგენილ რეიტინგებში საქართველო პირველ ადგილზეა, მე ხომ არ ვადგენ ამ რეიტინგებს? 2015 წელს ვიქნებით მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, მალე ბათუმი ბარსელონაზე, ხოლო სვანეთი - შვეიცარიაზე უკეთესი გახდება! მართალია, ბოლო დროს მთავრობა უძლურია ინფლაციის წინააღმდეგ, მაგრამ ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, სიტუაცია უკეთესადაა."

მაშ ასე, დავიწყოთ და სიტყვასიტყვით გავშიფროთ:

"ნურას უკაცრავად" - თუ ვინმემ ძალიან გაუტია, ვანო მიხედავს...

"ჩვენ საბოლოოდ დავამარცხეთ კორუფცია" - ქვედა რგოლებში ხუთ და ათლარიანი ქრთამები მოვსპე, ხოლო ჩვენ თუ ხანდახან უკრაინიდან ქალებს ჩამოვიყვანთ ან უცხოეთში წავალთ ერთად და ბიუჯეტის ფულით სასტუმროში ვიგრიალებთ, ეს რა კორუფციაა? Aარც ის მგონია მე კორუფცია, მინისტრები მაღალ პრემიებს რომ იღებენ. არის საშუალება და არ აიღონ?

"ჩვენი მთავრობა, მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, არ ჩამოიშალა": - როცა ჩემი ყოფნა-არყოფნის ჟამი იდგა და ხალხი მიტინგებზე გამოდიოდა, მე შევძელი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის გადმობირება - ზოგს ფულს დავპირდი და გადავაგდე, ზოგი პარლამენტში შევუშვი... ხოლო ვინც დარჩა... (იხ: "ნურას უკაცრავად")

"მაგრამ ჩემი წინამორბედისაგან განსხვავებით, მდგომარეობა უკეთესადაა" - შუქი, გაზი, წყალი რომ არ იყო, ის დრო არ გახსოვთ, ხომ?

"ქვეყანაში ტარდება დემოკრატიული არჩევნები" - არა, ბიჭო, "გრეჩიხა" მჯობია, დიახაც არის არჩევნები დემოკრატიული, თორემ როგორ მოხვდებოდნენ პარლამენტში თორთლაძე, დავითაია და ა.შ.

"ზოგ-ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ..." - პუტინს, მედვედევს, ოპოზიციას და ყველას, ვინც არ არის ნაცმოძრაობის მხარდამჭერი. თუმცა, დამაცადეთ, მალე ყველას... (იხ: "ნურას უკაცრავად")

"2015 წელს საქართველო იქნება მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა" - 2013 წელს გავხდები პრემიერ-მინისტრი.

"საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შედგენილ რეიტინგში პირველ ადგილზე ვართ, მე ხომ არ ვადგენ ამ რეიტინგებს?" - მე არ ვადგენ, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან გააძვირეს ამ ოხრებმა I ადგილი.

"მთავრობა უძლურია ინფლაციის წინააღმდეგ" - ბიზნესმენებმა არჩევნების დროს ამდენი ფული შემოიტანეს "ნაცმოძრაობის" ბიუჯეტში და როგორ ავკრძალო მონოპოლისტობა და ფასების თვითნებურად აწევა?

"მალე ბათუმი ბარსელონაზე, ხოლო სვანეთი - შვეიცარიაზე უკეთესი გახდება" - ამას თქვენს მოსატყუებლად, პიარისთვის ვამბობ, თორემ ბარსელონაშიც ვარ ნამყოფი და შვეიცარიაშიც...