"სკოლის დირექტორიც რომ იყოს მიშა, მაინც პირველი იქნება..." - კვირის პალიტრა

"სკოლის დირექტორიც რომ იყოს მიშა, მაინც პირველი იქნება..."

"არმაგედონის მათრახი მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს, მერე კი ყველაფერი კარგად იქნება"

მთელი არაბული სამყარო მიტინგებმა მოიცვა, დღე არ გავა, რომელიმე მმართველი რომ არ გადმოაყუდონ სავარძლიდან; ეს ჩვენს ოპოზიციონერებს ისე უხარიათ, თითქოს თვითონ ექნათ რამე! ხელისუფლება კი არაბულ რევოლუციებს დიდ ყურადღებას არ აქცევს და ქვეყანაში სოფლის აღორძინებას გვპირდება. ხალხი ისევ იმას ფიქრობს, 3-ლარიანი შაქარი და 5-ლარიანი ზეთი როგორ იყიდოს და ხელისუფლების მორიგი დაპირების ნაკლებად სჯერა...

ასეთ სიტუაციაში ჟურნალისტებიც დავიბენით და ამ საკითხებზე სასაუბროდ მომღერალ და ამჟამად პარლამენტარ ნუგზარ ერგემლიძეს ვეწვიეთ. გულახდილად რომ გითხრათ, ბატონი ნუგზარი კი შეეცადა ჩვენს გარკვევას რიგ საკითხებში, მაგრამ, ვფიქრობთ, არაფერი გამოუვიდა.

- ბატონო ნუგზარ, თქვენ ისევ ლეიბორისტი ხართ?

- მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. მაგალითად, სოსო შატბერაშვილთან.

- არა, მე გეკითხებით, პოლიტიკურ პროცესებში თუ ერევით, მაგალითად ნათელაშვილმა ცხვრის გატყავების გადაწყვეტილება რომ მიიღო, იქ იყავით?

- არა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მე არ ვერევი. ისე, ცხვარი შემეცოდა...

- ესე იგი, მთლიანად კანონმდებლობით ხართ დაკავებული. მიშა იყო პარლამენტში ამ ბოლო დროს და თქვენ რატომ არ გამოხვედით სიტყვით?

- ერთ არხზე ჩემზე იხუმრეს, თუ მიშა მოდიოდა ჩვენთან, ვერ გამაღვიძეთო? ეს ხუმრობით, ისე კი - დროში ვერ ჩავეტიე.

- როგორც პოლიტიკოსი, როგორ პროგნოზს გააკეთებთ, ანუ, უბრალო ენით რომ გკითხოთ, რა გვეშველება?

- არმაგედონის მათრახი მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს, მიშამ მითხრა ეს, ცაგარელმა, მერე კი ყველაფერი კარგად იქნება.

-  მანამდე რა იქნება?

-  ჩვენ ვართ 80 პროცენტი წყალი, ახლა მთვარე ახლოა დედამიწასთან და ზღვებზე მოქმედებს, მოქმედებს ჩვენზე, როგორც 80 პროცენტ წყალზე, ამიტომ აგრესიულები ვართ... ეს განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში შეინიშნება.

- ცაგარელი თქვენი მეგობარია თუ პოლიტიკური მრჩეველი?

- მეგობარია და იმას ვამბობდი, რომ არმაგედონის მათრახი ახლა არაბულ სამყაროშია გააქტიურებული.

- ჩვენთან რატომ არ მოდის ეს მათრახი, ვანოსი ეშინია?

- ჩვენთან ბოლო 20 წელი სულ არმაგედონის მათრახი არაა?

- ძალიან ადვილი შეკითხვა მინდა დაგისვათ: 2013 წელს მიხეილ სააკაშვილი რას იზამს?

- იცით, მე ამას როგორ ვუყურებ? თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა, მაშინ სააკაშვილს შეუძლია გახდეს გურუ, პარლამენტის თავმჯდომარე ან სულაც სახლში დაჯდეს, გარწმუნებთ, მაინც პირველი კაცი იქნება.

- ქართველები რუსები არ არიან; მე მგონი, თუკი გურუდ გადაიქცევა სააკაშვილი, შეიძლება პირველობის მოყვარულმა რომელიმე ქართველმა ამით ისარგებლოს და პოლიტიკას ჩამოაცილოს.

- არა, არ ისარგებლებს, თანაც გაითვალისწინეთ, რომ პრემიერთან ერთად იქნება კიდევ პრეზიდენტი, საკმაოდ ძლიერი ფიგურა... შეიძლება თქვენ მითხრათ, რომ მაინც მიშა იქნება უფროსი.

- მე რომ არ გითხრათ, ისე არ იცით?

- კი, ვიცი და ამიტომ გეუბნებით: სკოლის დირექტორიც რომ იყოს მიშა, მაინც პირველი იქნება...

- კარგი, ნუგზარ ბატონო, მონოპოლიებზე მინდა გკითხოთ...

- კი, მონოპოლიები არის საქართველოში, მაგრამ ეს მაინც მოგვარდება - ხალხი გამოთქვამს პროტესტს, პარლამენტი... ხომ იცით, შეძახილმა ხე გაახმოო და აღარ იქნება მონოპოლია...

- არ გახმა ეს ხე ამდენ ხანს?

- გახმება, ნუ გეშინიათ!

- სანამ გახმება, 3 ლარი ღირს შაქარი...

- ჩვენში დარჩეს და შაქარი ძალიან მავნებელია, შაქარი კლავს ადამიანს...

- ზეთი?

- ზეთიც ცუდია ორგანიზმისთვის... იცით, მე ავად ვარ და შეიძლება ამ პოზიციიდან ვამბობ, - შაქარმა და ხორცმა მიქნა ეს.

- კი ბატონო, მაგრამ ვინც კარგად ვართ, რა ვქნათ?

- ევროპაში მოციცქნიან ცოტას და ისე ჭამენ... ჩვენც ღამის 11 საათზე თუ არ შევჭამთ ხაშლამას და ნაყინს თუ არ დავაყოლებთ, უფრო ჯანმრთელებიც ვიქნებით და ეკონომიასაც გავაკეთებთ.

- კარგი, ბატონო, შოუბიზნესით ხართ ცნობილი და ამ კუთხით რას აკეთებთ?

- ახლა ვიღებთ კანონს საავტორო უფლებების შესახებ, მაგალითად, თუ არ შეისყიდა რესტორანმა ჩვენი სიმღერა, დაკვრის უფლება არ ექნებათ...

- ამ რესტორნებმაც რა ქნან: რუსული - არაო, ინგლისური არ იციან და ქართულიც აღარ იმღერონ?

- გადაიხადონ და იმღერონ, ბატონო, აბა, ხელოვანებმა რა ვქნათ, რესტორანმა ერთი ყავის ფული რომ გადაიხადოს ლიცენზიაში, არ შეიძლება?

- ანუ ერთი ლარი?

- რა ლარი, ყავა 5 ლარი ღირს რესტორანში!

- თქვენ, ეტყობა, ძვირ რესტორანში დადიხართ, ბატონო ნუგზარ, კარგი ხელფასია პარლამენტში...

- არა უშავს ხელფასს, მაგრამ რად გინდათ, ყველა ბანკში ვალი მაქვს, როდის გავისტუმრებ, არც კი ვიცი...

- 2012-მდე გაისტუმრებთ?

- კი.

- აბა, ნუ გეშინიათ, ჩვენ ისეთი ოპოზიცია გვყავს, ახლანდელი დეპუტატები შეიძლება 2050 წლამდე დარჩეთ.