ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

"საპოჟნიკი" მოქანდაკე

ეს ამბავი ცნობილმა მოქანდაკემ, ჯუნა მიქატაძემ მიამბო:

კომუნისტების დრო იყო, ჩემი პირადი საქმის გამო ერთ-ერთ ცკ-ის მდივანთან მივედი. როგორც იქნა, მის მოსაცდელში შევაღწიე, სადაც ოცამდე კაცი დამხვდა.

მდივანმა თითოეულს გამოჰკითხა, რა საქმეზე იყო მისული და ყველა სხვადასხვა მიმართულებით გაგზავნა დაბალი რანგის თანამშრომლებთან; მე ბოლო ვიყავი; ჩემი ჯერი რომ დადგა და მკითხა, თქვენ რა საქმეზე ხართ მოსულიო, უცებ დამარტყა თავში და რატომღაც ასე ვუპასუხე:

- მე "საპოჟნიკი" ვარ და ფეხის ზომის ასაღებად დამიბარა-მეთქი.

- მობრძანდიო, - და პირდაპირ შემიშვა კაბინეტში.

ცკ-ის მდივანმა რომ დამინახა, გაკვირვებით შემომხედა; მე აღარ დავუმალე და ვუამბე, როგორ მოვხვდი მასთან. საბედნიეროდ, ჩინოვნიკს კარგი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა და მეც გადავრჩი და პირადი მდივანიც.

შოთა ჩხეიძე, პენსიონერი, თბილისი

KvirisPalitra.Geშევრიგდეთ!

გასული საუკუნის 80-იან წლებში გეოლოგად ვმუშაობდი და ხშირად გვიწევდა მივლინებაში წასვლა. ერთხელ 7-კაციანი ჯგუფი გავემგზავრეთ მივლინებით ქ. გელეჯინკში. იქ ჩასულთ ვაგონში მოგვიხდა ცხოვრება;

ცუდი ამინდი იყო, ვერ ვმუშაობდით, ვერც ვერთობოდით და უსაქმურობით დატანჯულები ჩვენს ჯგუფში მყოფ ჩია ტანის ვალოდიაზე ,,ვიყრიდით ჯავრს" -  საწყალს, ხან ფოსტლებს ვუჭედებდით იატაკზე, ხან წებოს ვუსხამდით სკამზე, ხან შარვალს ვუსველებდით, მოკლედ, გაწამებული გვყავდა კაცი!

ერთი კვირის შემდეგ, როგორც იქნა, გამოიდარა. ჩვენც საქმეს შევუდექით და გადავწყვიტეთ, ვალოდიას "შევრიგებოდით":

- კარგი, ვალოდია, გვეყოფა მაიმუნობა, აღარ დაგიჭედებთ ფოსტლებს იატაკზე, აღარ დაგისველებთ შარვალს, აღარ დაგისხამთ წებოს სკამზე, შევრიგდეთ! - ვუთხარით ჩვენ.

- ძალიან კარგი, ბიჭებო, - გვითხრა დარცხვენილმა, - მაშინ აღარც მე ჩაგიფსამთ ყოველ დილით ჩაიში!

ამის თქმა იყო და ვინ სად ცდილობდა ღებინებას და ვინ - სად! კინაღამ შემოგვაკვდა "ჯენტლმენი" ვალოდია.

ლევან კვანტალიანი, თბილისი